
უეფას მიერ შემუშავებული ახალი ფორმატის წყალობით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, ერთი შეხედვით ჩინებული შანსი ეძლევა. ლატვია, ყაზახეთი, ანდორა – ამათ ძლევას უპირობოდ ითხოვს ქომაგი. ქართული ბუნება-ხასიათიდან გამომდინარე, თითოეული შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის შემდეგ დაგვილაგებია გეგმები, აგვიშენებია ოცნებების კოშკები, მაშინაც კი, როცა გაცილებით მაღალი დონის ნაკრებები გვყოლია მეტოქეებად და რა გასაკვირია რომ, მოლოდინი ამჯერადაც დიდია და თუკი რამ გასარკვევი რჩება, ერთ კითხვაშია თავმოყრილი – როგორ ვერ უნდა გავიდეთ ამ ჯგუფიდან?…
მოდით ახლა ეს კადრები ვნახოთ, ახლახანს რომ არის გადაღებული და ჭაბუკთა ჩემპიონატის „სამტრედია“ – „ზესტაფონის“ მატჩის და მატჩისშემდგომ ამბებს ასახავს – ქართული ფეხბურთის მომავალი ასე ახტუნავებს ბურთს, სწორედაც რომ ახტუნავებს, იმიტომ რომ ასეთ მინდორზე ბურთი არ დაგორავს… ამ ბიჭებს უყვართ ფეხბურთი, ამ ბიჭებს სჯერათ მომავლის და წარმატებების მაგრამ მათი იმედი ზამთრის ამ გაყინულ წყალს გაჰყვება, რადგან ფეხბურთი ცხოვრებასავითაა და თავის წესები აქვს – სადაც საფუძველი არ დევს, იქ არაფერი შენდება, სახნავი მინდვრები და გაყინული წყალი კი ფეხბურთის ფუნდამენტად ვერასდროს გამოდგება… ჰოდა, მაქვს კითხვა – რატომ უნდა გავიდეთ ამ ჯგუფიდან?..
ეს კადრები სხვა კითხვებსაც ბადებს, კითხვებს ფეხბურთის ფედერაციის მისამართით. სხვათა შორის ამ მატჩის წინ სტუმართა საფუძვლიანი პრეტენზიების მიუხედავად, ფედერაციის წარმომადგენელმა მაინც ბრძანა შეხვედრის ჩატარება. ვის, რას და რატომ სჭირდება ასეთ ვითარებაში ფეხბურთის თამაში? მთავარია ოქმი ხომ შეივსო… ასეა,უფრო ფურცელზეა დღეს ქართული ფეხბურთი, ვიდრე მოედანზე, მაგრამ, აბა, მოედანი?….