
- გამიგონე, რუსებს რა დაემართათ?
- ყველაფერი ცხელი ჩაის ბრალია.
- ჩაი რა შუაშია? ბრაზილიასთან წაგებაზე ვამბობ.
- ბრაზილიასთან ისედაც წააგებდნენ. შენ ალბათ ოთხი ბურთით წაგებას ამბობ.
- დიახ.
- ჰოდა ჩაის ბრალია.
- როგორ?
- ბიშოვეცს ცხელი ჩაი დაულევია თამაშის წინ, პირი დასწვია და ფეხბურთელებს ვეღარაფერი უთხრა.
- აბა, მოიგონებ ხოლმე. ბურთი რომ შენს კარში არ უნდა შეაგდო, იმას რა თქმა უნდა?
- ნდომებია, ხომ ხედავ.
- და ბიშოვეცს რომ თქმა შეძლებოდა, რა მოხდებოდა?
- რუსეთი ღირსეულად წააგებდა.
- ღირსეული წაგება რას ნიშნავს?
- ოო, ეგ ქართული ხალხური ტერმინია და ახლა რუსებმაც შეისწავლეს.
- და რას ნიშნავს?
- აუცილებლად უნდა წააგო, ოღონდ შენს გულშემატკივრებზე უნდა გაბრაზდე, რატომ წარმოიდგინეთ, რომ უნდა მოგვეგოო.
- არა მგონია მხოლოდ ცხელი ჩაის ბრალი იყოს. კომენტატორმა თქვა, რუსებმა ცხრამეტი საათი იფრინეს ბრაზილიაში ჩასასვლელად და დაიღალნენო.
- ბრაზილიამაც ცხრამეტი საათი იფრინა მოსკოვამდე და მერე სამით ნოლი მოიგო.
- ეგ როდის იყო?
- ძველ დროში.
- მაშინ პელე ეყოლებოდათ და მოიგებდნენ, აბა რა?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ახლა რივალდო ჰყავთ.
- და რივალდო პელეს გაუტოლდება?
- შენ ფეხბურთი არ გესმის და ნუ მაწვალებ.
- არ გაწვალებ. უბრალოდ, მაინტერესებს, რა აზრი ჰქონდა რუსების ბრაზილიაში ჩასვლას?
- რა აზრი აქვს, ინგლისი და გერმანია რომ ჩამოდიან და სტადიონზე მიდიხარ?
- ეს ბოროტი შეკითხვაა. ეროვნულ გრძნობას დასცინი.
- არა, ბატონო, მე ფეხბურთს დავცინი.
- რა აქვს ფეხბურთს შენი დასაცინი?
- თუნდაც ის, რომ მინდორზე რომ მოკბეჩილ ბუბლიკს გადმოაგდებენ, მასპინძელ გუნდს წაგება ეთვლება.
- ბუბლიკს კი არა, ბომბებს ისვრიან…
- და მასპინძელი გუნდი რა შუაშია? ედმუნდომ და ბატისტუტამ უთხრეს, გადმოაგდეო?
- აბა, რა ვქნათ?
- ფეხბურთი არაფერშუაშია. პოლიციის ბრალია. დაუქვითონ ხელფასი პოლიციას, გუნდი კი გაატარონ.
- ეს სადაური სამართალია?
- ადამიანური. პრარაბს ცემენტი დაენანა, ტრიბუნა ჩაინგრა და გუნდი უნდა გააგდო?
- იქ ფანებმა იჩხუბეს. თოფი ისროლეს.
- კენი დალგლიშმა ისროლა?
- არა.
- აბა, ბობ პეისლიმ?
- ეგრე ლაპარაკი არ შეიძლება. ხალხი დაიხოცა.
- მართალია, მაგრამ, როცა “ლივერპულის” ფანებმა “იუვეს” ტიფოზებს დასცხეს, ტრიბუნა ჩაინგრა. რა შუაშია აქ “არსენალი” და “დერბი”?
- შენ მაგას იმიტომ ამბობ, რომ იტალიელები არ გიყვარს.
- მე არ მიყვარს, როცა კაცი მაშხალას გამოისვრის და ამის გამო “გრასჰოპერი” “ფიორენტინას” დაამარცხებს.
- რას იზამ? ვიღაცა ხომ უნდა დაისაჯოს?
- ვიღაცა დაისაჯოს, ფეხბურთელი კი არა.
- და გაზა?
- რა გინდა ამ წესიერი და საწყალი კაცისგან?
- არ არის დასასჯელი?
- გრობელაარი ვერ დასაჯეს და გაზა უნდა დასაჯონ?
- გაზა ყოველდღე დასასჯელია.
- რატომ?
- ათი წელიწადია ცუდად იქცევა.
- სიმეონეზე ცუდად იქცევა?
- ეგ ფეხბურთს არ თამაშობს. ეგ მუსკომედიის მსახიობია.
- რა გინდა, რას მერჩი?
- ჩემს ოჯახში მაგ კაცის გვარი აღარ ახსენო, თორემ…
21.11.1998