
სამ სათამაშო დღეზე გაწელილი საიუბილეო 30-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური გასრულდა. ცხადია, ჯერ-ჯერობით რაიმე დასკვნებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ორიოდ სიტყვა მაინც ვთქვათ.
შედარებისთვის შარშანდელი სეზონი გამოვიყენოთ, რადგან 2017-ის გაზაფხულზე დასახელება შეეცვალა ყველა ლიგას, მოვისმინეთ ჩემპიონატის ახალი ჰიმნი, გაგვაცნეს ახალი ლოგო. ეროვნულ ჩემპიონატს ეროვნული ლიგა დაერქვა, გუნდების რაოდენობა ათამდე შემცირდა. სეზონი კი გაზაფხული-შემოდგომის ფორმატით ჩატარდა.
მაშ ასე, შარშან პირველ ტურში სულ 7 გოლი გავიდა, წლეულს – 22. სამჯერ მეტი.
შარშან პირველ ტურში შესრულდა ერთი დუბლი (ირაკლი სიხრულიძე, „ლოკომოტივი“).
წლეულს ერთი ჰეთ თრიქი (გიორგი გაბედავა. „ჩიხურა“), სამი დუბლი (დავით ვოლკოვი „საბურთალო“, გიორგი ფანცულაია „დილა“ და გრიგოლ დოლიძე „ტორპედო“).
გახსნის მატჩი, 2 მარტს, ქვეყნის ჩემპიონის, ქუთაისის „ტორპედოს“ „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე გაიმართა 3 ათასამდე მაყურებლის თანდასწრებით და მოულოდნელად სტუმარი გორელების გამარჯვებით დამთავრდა 2:3. პირველივე შეხვედრაში ხუთი გოლი და ორი დუბლი (დოლიძე, ფანცულაია) – კარგი სტატისტიკაა.
თუმცა, თუ გავითვალიწინებთ, რომ ქუთაისელებს წინა ჩემპიონატიდან დისკვალიფიკაცია გამოყოლილი ხუთი ფეხბურთელი აკლდათ, შედეგი შეიძლება მთლად მოულოდნელიც არ იყოს.
განსაკუთრებით კი „დილას“ ჰოლანდიელი ახალწვეულის ალვინ ფორტესის გამარჯვების ეფექტური გოლი უნდა გამოვყოთ, რომელიც დებიუტანტმა დაახლოებით 22 მეტრიდან შეაგდო. ამ ბიჭმა სულ ნახევარი საათი დაჰყო მინდორზე და უკვე ცნობადი სახე გახდა.23 წლის კაბოვერდული ფესვების მქონე ყმაწვილი „დილამ“ წლეულს იანვარში გადაიბირა ჩეხური ბრნოს „ზბროიოვკადან“. მისი სატრანსფერო ღირებულება 225 ათასი ევროა.
გამარჯვების გოლი მიითვალა კიდევ ერთმა ლეგიონერმა, ნიგერიელმა მაიკლ ოლაიტანმა. მან დამთავრებამდე 20 წუთით ადრე გაუტანა „ლოკომოტივს“ და „სამტრედიას“ სამი ქულა მოუტანა, თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, ამ მომენტში საშინლად ითამაშეს რკინიგზელთა მცველებმა და სამტრედიელ-ნიგერიელმაც, ფაქტობრივად, ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. ოლაიტანი არ გახლავთ დებიუტანტი, მან შარშადელი სეზონიც „სამტრედიაში“ გაატრა. აი, იმერელთა ახალწვეულმა გიორგი ერისთავმა კი, რომელიც ასევე იანვარში გადავიდა „სამტრედიაში“ ლატვიური „ლიეპაიადან“, ისეთი საჯარიმოთი გახსნა ანგარიში, მესისაც შეშურდებოდა. სხვათა შორის, წინა საღამოს ლეომაც გაუტანა „ატლეტიკოს“ დიდებული საჯარიმო და ეს გოლი მის კარიერაში მე-600 გამოდგა.
პირველი ჰეთ თრიქი – „ჩიხურამ“ „კოლხეთი“ 6:1 გაანადგურა და გიორგი გაბედავამ სამჯერ შეარხია ყოფილი მახაჭყალელის, ამჟამად კი ფოთელი ალეკსეი სოლოსინის კარის ბადე. საინტერესოა, რომ გაბედავამ მესამე სეზონი დაიწყო „ჩიხურაში“ და წინა ორ ჩემპიონატში სულ 7 გოლი გაეტანა. ახალა კი უკვე 3 აქვს. პროგრესია ვითომ?
ზემოიმერლებმა ზღვისპირელებს თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უმასპინძლეს, რადგან მათი სარბიელი ჯერ მზად არ არის.
განვმარტოთ: პირველი ტურის ხუთიდან ოთხი შეხვედრა თბილისში ჩატარდა. მართალია, სამივე დედაქალაქური გუნდი შინ თამაშობდა, მაგრამ საჩხერელთა გარდა საკუთარ სტადიონზე უახლოეს ხანში ვერც „კოლხეთი“, „სიონი“, „სამტრედია“ და „რუსთავი“ ითამაშებენ. ნორმალურია? არა!
ტურის უმთავრეს დაპირისპირებაზე, „დინამო“ – „რუსთავის“ შეხვედრაზე ვთქვათ. ეს ორივე გუნდი წლეულს ძალიან საინტერესოა. ჭაბუკებით სავსე, მერამდენედ გადახალისებული „დინამო“ და გადასხვაფერებული „რუსთავი“, გუნდი რომელმაც ეროვნულ ლიგა 2-ში შარშანდელი ტრიუმფის სულისჩამდგმელ მწვრთელს ვარლამ კილასონიას უმცროსი გაზაევი – ვლადიმირი არჩია. რუსთაველებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. ცოტა შეუთამაშებლობა ეტყობოდათ, თუმცა ჯამში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მიგვანიშნეს, რომ წლეულს ტიტულის მოპოვების სერიოზული კანდიდატები იქნებიან.
„დინამომ“ შარშანდელი სეზონიც მძიმედ დაიწყო. მესამე ტურის შემდეგ ორი წაგება ჰქონდა და ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იდგა, თუმცა მერე ზედიზედ 8 შეხვედრა მოიგო და ლიდერი გახდა. ჩემპიონობა კი ბოლო ტურის ბოლო წუთზე დაკარგა.
ბოლოს ტურის გვიანი მატჩის შესახებ. „სიონმა“ ზვიად სიხარულიას გოლით მოუგო „საბურთალოს“ პირველი ტაიმი. თუმცა მერე გია ჭიაბრიშვილის ბიჭებმა იძალეს. ჯერ თედორე გრიგალაშვილმა გაათანაბრა. ბოლოსკენ კი შეცვლაზე შესულმა დავით ვოლკოვმა 12 წუთის ინტერვალში დუბლი მიითვალა – 3:1.
ბოლნისელთა მეკარე თორნიკე ზარქუამ 84-ე წუთზე პირისპირ გასული გიორგი კოხრეიძე საჯარიმოს გარეთ მოცელა და პირველი მოთამაშე გახდა, ვინც ახალ სეზონში გააძევეს.
I ტური: ტორპედო 2:3 დილა, ჩიხურა 6:1 კოლხეთი, ლოკომოტივი 1:2 სამტრედია, დინამო 1:2 რუსთავი, საბურთალო 3:1 სიონი