„არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი რეი პარლოუ ამბობს, რომ ლონდონური კლუბის ამერიკელ მეპატრონეს, სტენ კრონკის არც არსენ ვენგერის მომავალი აინტერესებს და არც „მეთოფეთა” თამაშის ხარისხი. მისთვის მთავარია წლის ბოლოს მოგება რჩებოდეს.

„არსენალი” ვენგერის მწვრთნელობის 22 წლიან ეპოქაში უარეს სეზონს ატარებს. დიდი შანსია, ლონდონელები ზედიზედ მეორედ ვერ მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგაში. სხვადასხვა შეჯიბრებაში ჩატარებული ბოლო ოთხი შეხვედრიდან „მეთოფეებმა” ოთხივე წააგეს. პრემიერლიგაში გუნდი მეექვსე ადგილზეა და მეოთხე ადგილზე მყოფ „ტოტენჰემ ჰოთსპურს” 13 ქულით ჩამორჩება. ცუდი შედეგების გამო გაძლიერდა ხმა, რომ სეზონის ბოლოს ვენგერს გაუშვებენ, მაგრამ რეი პარლოუს ამის არ სჯერა. ის ამბობს, რომ ვენგერი გუნდს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს, თუ თვითონ წავა.

„კრონკის ფეხბურთი არ უყვარს. ის ამერიკული ფუტბოლის მოყვარულია. „არსენალში” მას ერთადერთი ინტერესი აქვს — ფულის კეთება. რასაკვირველია, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა ფულის დაკარგვას ნიშნავს, მაგრამ, სანამ ბალანსის ფურცელზე ყველაფერი კარგად იქნება, არავინ იდარდებს იმაზე, თუ რა ხდება მოედანზე”.