სულ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ჟურნალისტიკაში. 1996 წელი იდგა და ტურინის „იუვენტუსმა“ სწორედ იმ წელს ფრანგული „ბორდოდან“ ზინედინ ზიდანის ტრანსფერი გაჩარხა. ერთ-ძალიან ცნობილ ქართველ ფეხბურთელს აზრი ჰკითხეს ამ ტრანსფერის შესახებ და მანაც უპასუხა, მედიას რომ არ გაებუქებინა მისი ნიჭიერება, დიდი ვერაფერი ვარსკვლავიაო.
ერთი მხრივ, არ დავეთანხმე ამ აზრს, მაგრამ მეორე მხრივ, მესიამოვნა მედიის როლისთვის ხაზის გასმა.
ზიზუს ჯვარი სწერია და უამრავი სხვა მაგალითი არსებობს, როცა მედიამ სერიოზული როლი ითამაშა ფეხბურთელის კარიერაში. შორს წასვლა რად გვინდა? ქართულ სპორტულ რეალობაშიც არსებობდა (არ დავაკონკრეტებ) გამოცემები, რომლებიც ჩვენს ფეხბურთში ვარსკვლავებს ანთებდნენ და თუ საჭირო იყო, საერთოდ კარგავდნენ კიდეც კაბადონიდან.
პირადული არაფერი: უბრალოდ, ამ გამოცემებს ისეთი ბიჭები აკეთებდნენ, კუთხეკუნჭულ რომ იცნობდნენ ქართული ფეხბურთის სამზარეულოს და ქომაგებზე გაცილებით ადრე შეეძლოთ ასტროლოგიური პროგნოზის შედგენა.
საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ვინ არის სპორტული ჟურნალისტი? უბრალო შუამავალი სანახაობასა და მის მომხმარებელს შორის. ამბობენ, მაგარი მეკარე ცოტა შერეკილი უნდა იყოსო. სპორტული ჟურნალისტიც ეგრეა – საქმეზე ფანატიურად შეყვარებული და არა საკუთარ, სპორტსმენების იმიჯზე მოფიქრალი ხალხი.
რა საჭიროა პათოსი?! გადახედეთ სატრანსფერო ბაზარს: 100 მილიონს ისეთი კვალიფიკაციის ფეხბურთელების ფასმა მიუკაკუნა, ხანდახან სათადარიგოთა სკამს რომ ხეხავენ. და ეს ხშირად სწორედ მედიის დამსახურებაა, რომელიც საშუალო დონის პროფესიონალისგან სერიოზულ სავაჭრო ნიშანს და სარეკლამო სახეს ჰქმნის. ეს კი, დამეთანხმეთ, თანამედროვე, დიდ ბიზნესად ქცეულ ფეხბურთში არანაკლებს ნიშნავს, ვიდრე ორივე ფეხით თანაბრად თამაში, მეორე სართულზე ბრძოლის უნარი, მოედნის ხედვის ნიჭი და ასე შემდეგ.
მოკლედ, სპორტული მედია ამ მრავალმილიარდიანი ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია და მისი როლი წლიდან წლამდე სულ უფრო მეტია.
არადა, მხოლოდ შუამავლები ვართ საფეხბურთო კლუბებსა და მაყურებლებს შორის. ფეხბურთს გამოაკელით მედია და მერე დავთვალოთ…
მანამ კი ისევ ვივლით უმაყურებლო თამაშებზე იმის იმედად, რომ ახალი ვარსკვლავის დაბადებას პირველები ვიგუმანებთ…

წილი
წინა სტატიაკრონკია და ჯუჯა არსენალი
შემდეგი სტატიანკურუნზიზა: კომეზა გუსენგა !
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".