სტენლი მეტიუზი
დაიბადა 1915 წლის 1 თებერვალს, სტოკში
თავდამსხმელი
წონა: 71 კგ. სიმაღლე 174 სმ.
ოქროს ბურთის მფლობელი (1956)
კლუბები: სტოკ სიტი (1931 – 1942 და 1961 – 1965 ), ბლეკპული (1947- 1961 ).
ტიტულები: ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი; ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი (1948, 1963); ინგლისის თასის მფლობელი (1953); 1965 წელს მიენიჭა ტიტული – სერ.
ინგლისის ჩემპიონატში: 701 მატჩი, 71 გოლი
ინგლისის ნაკრებში: 54 მატჩი, 11 გოლი.

 

ეს პირველად იყო, საუკეთესოს რომ ასახელებდნენ. ფრანგებმა მართლაც რომ საუკეთესო წამოწყებას დაუდეს სათავე. არა ერთს, არამედ რამდენიმეს. კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელს პირველად ასახელებდნენ. ჟურნალისტები პირველად ავსებდნენ ფრანგული ჟურნალის ყვითელი ფერის ქვითრებს. იქ კი, პარიზში შედეგი ეჭვს აღარ იწვევდა – კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის ოქროს ბურთის მფლობელი ინგლისელი ხდებოდა. ამაში იყო ერთგვარი სიმბოლოც, ინგლისმა ხომ ფეხბურთი აჩუქა სამყაროს, ინგლისი ხომ ფეხბურთის საჭეთმპყრობელი იყო. მერე რა, რომ ინგლისურმა ფეხბურთმა ბოლო ათ წელიწადს, ზედიზედ ორ (მისთვის პირველ და მეორე) მსოფლიო ჩემპიონატებზე თავი შეირცხვინა და შინ, „უემბლიზე“ წაუგებლობის ტრადიციაც მოშალა. მერე რა, რომ თვით მომავალ ლაურეატს ამ საქმეში არაფრით გამოუჩენია თავი და ისევე მოქმედებდა, როგორც მისი ნირწამხდარი თანამემამულენი?

ჟურნალისტთა აზრი ერთიანი და ურყევი იყო – ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ხდებოდა სტენლი მეტიუზი, ინგლისური კლუბის „ბლეკპულის“ მარჯვენა გარემარბი.

სიმბოლურობა სიმბოლურობა და ამ ამბავში იყო უცნაურობაც. პირველი რჩეული ევროპელი გახლდათ ერთი ტანხმელი, მოხდენილი, ორმოცდაერთი წლის კაცი, რომელსაც ცხოვრებაში თავისი ერთადერთი ტიტული ოცდათვრამეტი წლისას მოეგო. ეს ტიტული იყო ინგლისის ასოციაციის თასი, რომელიც „ბლეკპულმა“ 1953 წლის 2 მაისს გამოგლიჯა „ბოლტონ უონდერერსს“. მაშინ სტენლიმ ახალგაზრდა დედოფლის ხელიდან მიიღო ერთადერთი ჯილდო, რომელზედაც ბავშვობიდან ოცნებობდა. სხვა ჯილდო ამ კაცს არ ჰქონია. ევროპის ლაურეატობა მისი მეორე ტიტული იყო. ამ მომენტისთვის ის აღარ ირიცხებოდა ინგლისის ნაკრებშიც, რომლის თეთრი კვართიც ოცზე მეტი წლის წინათ მოერგო.

ბილი რაიტის თუ ედი ჰეპგუდის, ამ ორი ლეგენდარული კაპიტანის მხარდამხარ გამოსვლამაც ვერ მოუგროვა სტენლის იმდენი სანაკრებო კეპი, სალაპარაკო რომ გამხდარიყო. თავის ხანგრძლივ კარიერაში მას ასევე არ მოუგროვდა სამოცდაათი გოლიც კი. „ოცდათხუთმეტი წელი მარჯვენა ფრთაზე“ – ასე ჰქვია სტენლი მეტიუზის წიგნს და ამ წიგნში ავტორს აღწერილი აქვს თავის მიერ გატანილი ერთადერთი გოლი.

ამ მეორე ტიტულში იყო რაღაც უცნაურობა. კონტინენტის აღიარება მოულოდნელიც კი იქნებოდა. დიახაც, რომ იქნებოდა, რომ არა ერთი ამბავი – იმ ხანად, იმ ხანად კი არა, მთელი თავისი საფეხბურთო კარიერით სტენლი მეტიუსი ევროპული ფეხბურთის სილამაზესა და ინტელექტს, ჯენტლმენობასა და მახვილგონიერებას განასახიერებდა. ამ ამბების გუნდურ გამოხატულებად უნგრეთის ნაკრები ითვლებოდა, პიროვნულად კი – სტენლი.

კი, ასე იყო. სტენლის მეტსახელი – „ფინტების მეფე“, სრულად გამოხატავდა იმას, რასაც ეს კაცი აკეთებდა მინდორზე. მას არ სჩვეოდა მიკიბულ-მოკიბული თამაში. ბურთს ფეხებში მოიგდებდა თუ არა, პირდაპირ მოწინააღმდეგე მცველისკენ მიეშურებოდა. მსუბუქი, კოხტა ნაბიჯით მიდიოდა და მერე იწყებდა სადა, მოხდენილ, მოულოდნელ ფოიერვერკს, რომლის შედეგიც ის იყო, რომ მცველები უკან რჩებოდნენ. სტენლი კი ბურთს ჰკიდებდა საჯარიმოში. ეს ის იყო, რითაც დღესაც მოიწონებს თავს ინგლისური ფეხბურთი. დღეს ყბადაღებული კუნძულური ჩაწოდებები სტენლის ხელში ნამდვილ ჯადოდ ქცეულიყო, ხუმრობდნენ კიდეც, სტენლი ისე ასვამს ბურთს თავზე ცენტრფორვარდებს, რომ ბურთის შემკვრელი თასმები შუბლს არასოდეს ეხახუნებაო. იმ მარჯვენა ფრთაზე მეტიუზი ოქრომჭედელი იყო, ფეხბურთისთვის უკვდავი პერსონაჟი, სამ ათეულ წელიწადზე მეტხანს რომ მისდევდა საკლუბო თამაშს.

მაგრამ ინგლისელთა ამბავი ხომ მოგეხსენებათ? ამბობდნენ, ინდივიდუალისტია და თავისი ფინტებით სხვებს გასაქანს არ აძლევს, რაც თამაშის ჩვეულ პრინციპს ეწინააღმდეგებაო. ნაკრების ცენტრფორვარდები ემუდარებოდნენ, გული არ აიცრუო, არ დაგვღუპოო. აჰ, რომ შეიძლებოდეს მისი გადაცემებით გასული გოლების დათვლა.

და ფინტები არსებობდა: „ფინტი მრავალგვარი მქონდა. ზოგს სხვისგან გადავიღებდი, ზოგსაც ჩემით ვიგონებდი. მთელი ცხოვრება მათ გამოგონებაში ვიყავი. მიწაში სარებს ჩავასობდი და მათ გარშემო დავრბოდი“.

ცხოვრებაში არ მოუწევია და ერთი ყლუპი შამპანური დალია მაშინ, როცა მის ფეხბურთიდან გასაცილებლად პატარა ქალაქ სტოკის „ვიქტორიას“ მინდორზე მთელი მსოფლიოს ვარსკვლავები შეიკრიბნენ. მაშინ ორმოცდაათისა სრულდებოდა. იყო სანიმუშო ფორმაში, შეთხელებული თმა კვლავ ძველმოდურად, საფეთქლებთან ჰქონდა გადაყოფილი.

და ბარემ ცოტა რამ ბავშვობისა, სიყმაწვილისა და სიჭაბუკისაც ვთქვათ:

დაიბადა სტოკში, ინგლისის გულისგულში, ერთი დალაქის ოჯახში, სწავლობდა, სადალაქოს ჰგვიდა და თავდავიწყებით თამაშობდა ფეხბურთს. დედა ხუთი საათის ჩაიზე ელოდა ხოლმე. მამა ცხოვრებისა და სპორტის ავანჩავანს უხსნიდა. როგორც გაირკვა, სწორად და ღირსეულად. სტენლი არცერთხელ დაჯარიმებულა თავისი კარიერის განმავლობაში (ვენდოთ ძველ წიგნებს), სულ ორი თამაში ყოფილა, როცა მეტიუზს ვერაფერი გაუწევია მცველთა წინააღმდეგ (კიდევ ერთხელ ვენდოთ ძველ წიგნებს).

თხუთმეტი წლისა უკვე „სტოკ სიტიში“ ირიცხებოდა, როგორც უწლოვანს არ ჰქონდა პროფესიონალთა შორის თამაშის უფლება. ჩვიდმეტი წლისა, 1932 წლის ერთ ცივ საღამოს პირველად გამოჩნდა „სტოკის“ ძირითადის მარჯვენა ფრთაზე. იმხანად ხელფასი კვირაში სამი გირვანქა ჰქონდა, საუკეთესო და სახელიან წლებში შვიდი, ან რვა. გამოვიდა და დაიწყო. დაიწყო ის, რაც აღარ დამთავრდა, ხალხი კოსმოსში დაფრინავდა, ის კი კვლავ სტოკის „ვიქტორია გრაუნდის“ მარჯვენა ფრთაზე იდგა.

შუალედში კი იყო „ბლეკპული“. ჩრდილო-აღმოსავლეთის სანავსადგურო ქალაქის კლუბი, სადაც „სტოკის“ უფროსობასთან უთანხმოების შემდეგ გადავიდა და საიდანაც გაიცნო ომისშემდგომმა მსოფლიომ. მაგრამ გაიარა დრომ (დრო ხომ მას გვერდს უქცევდა) და კვლავ აღმოჩნდა დამცრობილ, ლიგებში დაქვეითებულ „სტოკში“, იმედი და შემართება შემატა, აღაზევა, ფეხზე დააყენა და თან, არა როგორც მენეჯერმა, ან თავმჯდომარემ, არამედ როგორც ფრთის მოთამაშემ, მარჯვენა გარემარბმა. მისი თანანაკრებელი ალფ რამსეი უკვე ნაკრებს ხელმძღვანელობდა, სტენლი კი კვლავ ფეხბურთს თამაშობდა. საინტერესო  აი ეს არის, არც „სტოკი“ და არც „ბლეკპული“ არასოდეს მოხვედრილან ინგლისურ პირველობათა სამეულშიც კი. სტენლიც არასოდეს გადასულა ბობოლა კლუბებში, მხოლოდ ხანდახან, საერთაშორისო ტურნირებისას ითხოვდნენ ხოლმე პუბლიკის მოსაზიდად.

ყველაზე საინტერესო კი სანაკრებო ბატალიები იყო. აქ ორი რამ დაურჩა სანანებელი, 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, როცა ერთადერთ თამაშში გამოიყვანეს და წამხდარი საქმე გადააბრალეს. და კიდევ ის, ბრიტანელ პოლიტიკოსთა დაჟინებით რომ ფაშისტურად ააწევინეს ხელი ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე. ეს სირცხვილის დღე იყო. ინგლისმა მოიგო, მაგრამ ის აწეული ხელი მაინც ავ მოგონებად დარჩა…

მაგრამ მეტიუზი ჯენტლმენად რჩებოდა.

იმდროინდელ ევროპულ ჟურნალისტთათვის ის არა იმდენად იმ 1956 წლის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, არამედ უკანასკნელი ოცწლეულისა. და ეს მაშინ, როცა სტენლის არ უთამაშია არც ერთ ომამდელ მსოფლიო ჩემპიონატში. იმ ხანის ინგლისის ნაკრები ხომ… და რა სახელს დასტოვებდა მეტიუზი, ომამდე, თავის ახალგაზრდობის ჟამს რომ ჩართულიყო მსოფლიო ფეხბურთში?

ის იმ ეპოქის ვარსკვლავი იყო, როცა ფეხბურთელები ბურთის ჯადოქრებად იწოდებოდნენ. ის იყო დუბლ-ვეს ეპოქის პირველი დიდი და კეთილი ჯადოქარი. ამ ტიპის მოთამაშენი დღეს აღარ არსებობენ. ამიტომ, ოქროს ბურთს რომ გადასცემდნენ, იმას გულისხმობდნენ, რომ ის თაობის, ფეხბურთის ჯადოსნური ეპოქის სიმბოლო იყო.

მესამე ტიტული?

ის იმ დღეს დაიმსახურა მეტიუზმა, როცა უკანასკნელად გამოჩნდა ამჟამინდელ „ბრითან სთედიუმზე“, სტოკის „ძველ ვიქტორიაზე“, დედოფალმა მას რაინდის ტიტული მიანიჭა, პირველს ფეხბურთელთა შორის. ის მართლაც რაინდია, დღესაც, ოთხმოცდასამი წლისა მოგხიბლავთ აღნაგობით და საღი იერით.

იმ დროიდან იგი ასე იწოდება – სერ სტენლი, ფინტების მეფე.

05.09.1998

 

წილი
წინა სტატიაბარსელონას მოგებული ფრე
შემდეგი სტატიაპატივისცემა
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.