საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ამ დროისთვისაც აქტიურად არის ჩართული ფეხბურთში – არის „ფონდი არველაძის“ დამფუძნებელი და ხშირად უცხოეთშიც უწევს წასვლა. ესწრება ჩემპიონთა ლიგის გამოირჩეულ მატჩებს და აქვს შეხვედრები ფიფა-უეფას წარმომადგენლებთან.

რევაზ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი გახლდათ წინა არჩევნებში და არ არის გამორიცხული, რომ გაისად ისევ იბრძოლოს ამ თანამდებობისთვის.

ძმათაგან უფროს არველაძეს არაერთ საკითხზე ჩამოვუგდეთ სიტყვა, მათ შორის ეროვნულ ნაკრებზეც…

ფონდი

ფონდი არველაძის“ ბოლო პროექტებით რამდენად კმაყოფილი ხართ?

ვფიქრობ, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი „საფეხბურთო თერაპია“ ერთობ ნაყოფიერი გამოდგა. ამ პროექტმა უკვე საქართველოს 25-ზე მეტი პერიფერია მოიცვა. ფონდის შემწეობით მოზარდები უზრუნველყოფილები არიან მწვრთნელებით და სავარჯიშო ინვენტარით. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს ბავშვები იყვნენ სოციალურად აქტიურები და გაითავისონ ჯანსაღი ცხოვრების წესი. ფონდის დახმარებით ამ პროექტით აღმოჩენილი ნიჭიერი მოზარდები საფეხბურთო გზას განაგრძობენ 35-ე საფეხბურთო სკოლაში, სადაც ჩვენი მხრიდან გრძელდება მათი ხელშეწყობა. „საფეხბურთო თერაპია“ ითვალისწინებს მოზარდების სამედიცინო შემოწმებასაც. წლეულს იგეგმება მათი საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრებაც. „ფონდი არველაძის“ ბენეფიცარები არიან გლდანის სპეციალური სკოლის მოზარდებიც. ჩვენი ფონდის პარტნიორობის სურვილი არაერთმა ორგანიზაციამ და კერძო პირმა გამოთქვა. პრეზიდენტის ფონდი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, ამერიკის შეერთებული შტატების სალეჩო საქართველოში, საქართველოს სამარიტელთა კავშირი, კომპანია „სოკარი“, „აჭარა სპორტი“, „შატო მუხრანი“, „მაკდონალდსი“ – ამ და ყველა ჩვენს პარტნიორს დიდ მადლობას ვუხდი. „ფონდი არველაძე“ წელიწადში დაახლოებით 300 000 ლარს ხარჯავს პროექტებისთვის. პარტნიორების მხარდაჭერით არის შესაძლებელი, რომ ჩვენი ფონდის საქმიანობა უფრო მასშტაბური გახდეს.

საფეხბურთო სამყაროს ყველაზე უფრო ალბათ ის აინტერსებს, ხელმეორედ აპირებთ თუ არა მონაწილეობას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში…

სამომავლო გადაწყვეტილებისთვის სწორი დრო უნდა შეირჩეს და ეს ჟამიც დადგება. ახლა კი ფონდის და სხვა საფეხბურთო აქტივობებით ვარ დაკავებული.

რატომ არის გულნატკენი?

ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატობა – ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას ის ფაქტორი რომ არ აჭიანურებს, თუ როგორ ვითარებაში ჩატარდა წინა არჩევნები?

გულნატკენი ვარ იმაზე, რაც მაშინ მოხდა, თუმცა ცხოვრება გრძელდება…

მაშინ, როცა ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდით და ახლაც, ყველაზე მტკივნეულად თემად რჩება საქართველოს ეროვნული ნაკრების ცუდი შედეგები – ჯერაც არ ვართ მზად იმისთვის, რომ ჩვენი უპირველესი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდეს?

დარწმუნებული ვარ, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ნაკრებს გაცილებით უკეთესი შედეგი ჰქონდეს.

შეცდომები და შედეგები

გულშემატკივარს მოსწონს პარალელების გავლება ისლანდიასთან, კოსტა რიკასთან…

ასეთი შედარებები არა მგონია აქტუალური იყოს, რადგან საქართველოში ისეთი ვითარებაა, რაც არ არის არც ერთ სხვა ქვეყანაში.

თუ საქართველოს ნაკრებს აქვს უკეთესი შედეგის შესაძლებლობა ახლა, რატომ არ ჰქონდა კარგი რეზულტატი მაშინ, როცა თქვენ იყავით ფედერაციის გენერალური მდივანი?

შესაძლოა, იყო შეცდომები მწვრთნელის შერჩევაში, შესაძლოა, მწვრთნელებმა დაუშვეს შეცდომები… ფეხბურთი ძალიან რთული სფეროა. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები მაშინ ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურებოდნენ და გვქონდა კონკრეტული შედეგიც, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დიდი გამოცდილება შეიძინეს, ეროვნული ნაკრები კი მოგების გარეშე არ ასრულებდა შესარჩევ ციკლს. მაშინაც საკუთარი შეხედულება მქონდა ნაკრების ამა თუ იმ საკითხზე, ქვეყნის უპირველესი გუნდი ყოველთვის შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული.

საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს ერთ პოზიციაზე 2-3 ევროპული დონის ფეხბურთელი, ვინც ჰყავს, ისინი ვერ გრძნობენ კონკურენციას – ეს ხომ არ არის ცუდი შედეგის მიზეზი?

ჩვენი ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები უნდა გრძნობდნენ, რომ მათთან კონკურენცია რთულია, ასეთი თავდაჯერებულობა ფეხბურთში აუცილებელია. გყავდეს 33 მაღალი კლასის სრულფასოვანი ფეხბურთელი – ასეთი რამ ძნელად წარმოსადგენია. კი ბატონო, აგერ გერმანიის ნაკრებმა კონფედერაციის თასზე გვაჩვენა, რომ იოახიმ ლიოვის ხელში დიდი რესურსია თავმოყრილი, ოღონდაც დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვდრებში ლიოვი უფრო ისევ მრავალნაცად ვარსკვლავ ფეხბურთელებს დაეყრდნობა. ისიც უნდა ითქვას, რომ ნაკრებს თავისი სპეციფიკა აქვს, გუნდივით სეზონში 60 მატჩის ჩატარება არ უწევს და 7-8 მატჩისთვის უნდა მოხერხედს მაქსიმალური კონცენტრაცია, ამ რაოდენობის შეხვედრებისთვის კი საქართველოს ნაკრებს ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენოს.

ვაისის დატოვება სწორი გადაწყვეტილებაა

კახა ცხადაძე, რევაზ არველაძე, მიშელ პლატინი

მას მერე, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა, ნაკრებიდან დაითხოვეს კახა ცხადაძე და მის ნაცვლად ვლადიმერ ვაისი მოიწვიეს – როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას?

მთავარი აქ ის არის, რომ პრეზიდენტობა დროებითი ამბავია, ასეთი საკვანძო გადაწყვეტილებები კი აუცილებლად აისახება ეროვნული ნაკრების შედეგში.

დარწმუნებულ ვარ, რომ ცხადაძის გაშვევა შეცდომა იყო. ამით იმის თქმა როდი მსურს, რომ ვაისი მასზე ნაკლები სპეციალისტია, უბრალოდ,  ცხადაძე გუნდის შენების პროცესში ჩამოაშორეს თანამდებობას და ამან დააზიანა ნაკრები. ახლა კი, როცა ვაისის ჯერია ნაკრებს მოუტანოს წარმატებები, მისი პოსტზე დატოვება სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ წინა შესარჩევში ჩვენმა გუნდმა ერთი მატჩის მოგებაც ვერ მოახერხა, ვაისის ხელქვეით საქართველოს ნაკრებმა რამდენჯერმე გვაჩვენა, რომ შეუძლია კარგი ფეხბურთის თამაში.

ფეხბურთელი იყავით და კარგად გესმით, როცა ამა თუ იმ მწვრთნელის ხელში გუნდი ვერ ახერხებს გამარჯვებას, ფეხბურთელებს უკვე ეჭვი ეპარებათ დამრიგებლის შესაძლებობებში…

რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც ვერ იქნება უმნიშვნელო, გუნდმა მოგება უნდა ისწავლოს, გამარჯვებულის მენტალიტეტი წარმატების ერთ-ერთი საწინდარია. როცა გუნდი შეკრებაზეა და ერთის მხრივ საკონტროლო შეხვედრებში შედეგს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაინც აქტუალურია გამარჯვება, რადგან ფსიქოლოგიური მომენტი ბევრს ნიშნავს. როგორც არ უნდა იყოს, საქართველოს ნაკრებს დღეს ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომ სასაცილო იქნება, თუ ერთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე ვერ გავალთ.

წილი
წინა სტატიაასტორი სასტუმროში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაშირერი მიხვდა
დავით თავართქილაძე
საყვარელი გამოთქმა - შემთხვევითი ხალხი პროფესიულ ფეხბურთში საყვარელი ფეხბურთელი - რუმენიგე, რომელთანაც ფეხბურთი ითამაშა საყვარელი პერსონაჟი - ფიზკულტურის ხორცმეტი დოლაბერიძე