ეინსლი მეიტლანდ-ნაილსი კვირაში 30 ათას გირვანქას იღებს, დედამისი კი მაწანწალაა, საწყობში, კონტეინერს აფარებს თავს.

მეიტლანდ-ნაილსი 20 წლის გახლავთ, ის „არსენალში” თამაშობს. დედამისი, ჯული ნაილსი 38 წლისაა, პროფესიით ძიძა.

„სანი” წერს, რომ „მეთოფეთა” ახალგაზრდა მარჯვენაფლანგელი ძმასთან, კორდისთან ერთად 700 ათასიან ბინაში ცხოვრობს. მისი სატრანსფერო ფასი 15 მილიონ გირვანქას უდრის.

„ჩემ შვილს ორიოდ კვირის ხელფასით შეეძლო ჩემთვის ბინა ეყიდა, მაგრამ ფული თავში აუვარდა”, — ამბობს ჯული, რომელიც მიუსაფართა სასადილოში იკვებება და თავის კონტეინერში გვიან ღამემდე არ შედის, საწყობის მუშების გაღიზიანება რომ არ გამოიწვიოს.

„აღარც კი მახსოვს, როგორია, როდესაც შინ შხაპი და ტუალეტი გაქვს” — დასძენს ის.

ცხადია, ყველას, ვინც ეს ამბავი გაიგო, გაუჩნდა კითხვა: რატომ შემოსწყრნენ ვაჟები დედას? ჯული ნაილსი ამას ინგლისური ფეხბურთის ბოროტ ძალებს აბრალებს. ის ამბობს, რომ მის ვაჟს თავგზა აუბნიეს, მას აიძულებენ დედა თავიდან მოიშოროს. ის უარყოფ ხმებს, თითქოს ვაჟის ცხოვრებაში უხეშად ერეოდა და 2015 წელს, ეინსლის „იფსვიჩში” იჯარით გაშვების შესახებ მოლაპარაკებების დროს „არსენალის” წარმომადგენელს უთავაზა. ამბობენ, მაშინ დედა-ჯული ცოტა ხნით დაიჭირეს კიდეცო.

შემდეგ, ყოფილა ასეთი შემთხვევა: თურმე, „იფსვიჩის” მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ მეიტლანდ-ნაილსი ინგლისის ნაკრების ახალი მაისურის პრეზენტაციაზე არ გაუშვა. გაცეცხლებულ ჯულის მწვრთნელისთვის ტელეფონით სულ ლანძღვა-გინება გაუგზავნია.

ამის მერე ვაჟმა დედა სიტუაციის გამოსაცვლელად ავსტრალიაში გაუშვა. იქიდან დაბრუნებულს დახვდა და თავიდან ერთადაც კი დაიწყეს ცხოვრება, მაგრამ შემდეგ ოჯახში მდგომარეობა ისევ დაიძაბა და საბოლოოდ შვილებმა დედა უსხლკაროდ დატოვეს.

არადა, 2014 წლის დეკემბერში, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე, „გალათასაირასთან” შეხვედრაში მეიტლანდ-ნაილსმა „არსენალის” შემადგენლობაში” პირველად ითამაშა, ინტერვიუში მადლობა დედას გადაუხადა და თავისი პირველი მაისურის მის ოთახში, ჩარჩოთი დაკიდება გადაწყვიტა.