პეპ გვარდიოლა ანტონიო კონტეს გამოესარჩლა — არადა ხვალ „მანჩესტერ სიტი” „ჩელსის” მასპინძლობს. ლონდონელებისთვის სამკვდრო-საციცოცხლო თამაშია. წაგების შემთხვევაში მათი ოთხეულში შესვლა ძალიან სათუო გახდება. მნიშვნელოვნად გაიზრდება ზეწოლა კონტეზეც. იტალიელს ზაფხულში სავარაუდოდ მოხსნიან.

„არასდროს მესმის იმ მწვრთნელების, რომლებიც კოლეგებს აკრიტიკებენ, — თქვა გვარდიოლამ, — როდესაც მდგომარეობა ცუდდება, ჩვენ ყველანი მარტონი ვრჩებით. ამიტომაც, როგორც კი შესაძლებლობა მეძლევა, ვცდილობ სხვა მწვრთნელები დავიცვა. რასაკვირველია, თამაშის დროს მე მათი დამარცხება მინდა, ისევე როგორც მათ უნდათ ჩემი დამარცხება, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია.

გასულ სეზონში ხალხი გაკვირვებული მიყურებდა და კითხულობდა: რას აკეთებს ეს კაცი? დღეს სხვა მწვრთნელები არიან ამ დღეში და მე მათი მესმის. შესაძლოა, გულშემატკივარი ამას ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ კონტემ ინგლისურ ფეხბურთში სიახლე შემოიტანა: შეტევა, როდესაც უკან ხუთი კაცი დგას. ეს სრულიად განსხვავებული სისტემაა, რომელიც სხვა გუნდებმაც გადაიღეს. ტაქტიკურად კონტე დიდოსტატია. ის ბრწყინვალედ მუშაობდა იტალიის ნაკრებსა და „იუვენტუსში”, ხოლო როდესაც ინგლისიდან წავა, გამორჩეულ კვალს დატოვებს”.

„ჩელსიში” კონტეს შესაძლო შემცვლელად ლუის ენრიკეს ასახელებენ. გვარდიოლამ თქვა:

„ლუის ენრიკე საუკეთესოთა შორის, საუკეთესო მწვრთნელთაგანია. ის ჩემი მეგობარია, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. მაგრამ „ჩელსის” ანტონიო კონტე უდგას სათავეში და მე სხვაზე ლაპარაკიც არ მინდა.

გასულ ზაფხულს ჩემთვის რომ გეთქვათ „სიტი” „ჩელსის” 22 ქულით ჩამოიტოვებსო, ძალიან გამიკვირდებოდა. საბედნიეროდ, ჩვენ კონკურენტებს ბევრი ქულით ვუსწრებთ. „ჩელსის”, „ტოტენჰემს”, „იუნატედს” და „ლივერპულს” სეზონის 80 ქულით დამთავრება შეუძლიათ და ასეთი მეტოქეების მნიშვნელოვნად ჩამოტოვება დიდი საქმე იყო.

კონტემ გასულ სეზონში „ჩელსი” ჩემპიონი გახადა. დღეს ხალხი მეკითხება რა შევცვალე ასეთი, ამხელა უპირატესობას რომ მივაღწიეთ. მინდა გითხრათ, რომ ბევრი არაფერი შემიცვლია. რასაკვირველია, ახალი ფეხბურთელები ვიყიდეთ, რომლებიც ძალიან დაგვეხმარნენ. მომავალ ზაფხულს სულ ერთი-ორი მოთამაშე თუ გვეყოლება დასამატებელი.

უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას კარგი ფეხბურთელები სჭირდება, მაგრამ მათ არ უნდა დარჩეთ შთაბეჭდილება, რომ სრულყოფილები არიან. მათ ყოველთვის უნდა აგრძნობინო, რომ უკეთესადაც შეიძლება თამაში”.