„მილანის“ და იტალიის ნაკრები. მსოფლიო სამი ჩემპიონატი და ამდენივე ევროპის. ორი  ფინალი, ერთი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის, მეორე – შარშანდელი ევროპის. ორჯერვე იმედგაცრუება. წაგება მატჩისშემდგომი პენალტებით და „ოქროს გოლით“.  ექვსჯერ სკუდეტო, სამჯერ ჩემპიონთა თასი. 16 წელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში და 13 წელი იტალიის ნაკრებში. ოთხი წელი კლუბის და ეროვნული გუნდის კაპიტანი.

პოპულარული ინგლისური ჟურნალი „უორლდ სოკერი“ წერს: ის იტალიელების ერთგვარი გამოხატულებაა. მაღალი, ცისფერთვალება, ათლეტური, ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევარი. მოკლედ, ის არის, ვისაც ნებისმიერი იტალიური ოჯახი სიძედ ისურვებდა“.

და კიდევ: დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს თუ ჩამოთვლიან, მათ შორის ამ სიმპათიურ, კულტურულ და ზრდილ, თავმდაბალ და ტაქტიან ფეხბურთელსაც მოიხსენიებენ. მან თავისი სიტყვა უკვე თქვა და დღესვე რომ მიატოვოს თამაში, ფეხბურთის ისტორიაში მაინც უმნიშვნელოვანეს ფიგურად დარჩება.

პაოლო მალდინი – დიდი ფეხბურთელი, დიდი სახელი!

სასტუმრო „მეტეხი“. ღამეა, დაახლოებით პირველი საათი. თბილისში ახალჩამოსული იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ნომრებში ისვენებენ. თითქოს გულმა მიგრძნო – ცოტაც მოვიცადოთ, ის ჩამოვა – ვეუბნები სარბიელელ კოლეგებს.

ვესტიბიულში ერთ-ორ კაცს თუ მოჰკრავ თვალს. და უცებ, ლიფტი ამოძრავდა, ძირს დაეშვა, წუთიც და იტალიელი ფეხბურთელები ჩვენს გვერდით არიან. ზოგმა ყავა მოისურვა, ზოგმა გააბოლა, სხვებმა საუბრით შეიქციეს თავი. აი, ისიც, ნაბიჯი და პაოლო მალდინის პირისპირ ხარ…

გამარჯობათ, სპორტული გაზეთი „სარბიელი“ გაწუხებთ. ინტერვიუ უნდა გთხოვოთ.

ახლა? – ღიმილით გვეკითხება.

ხვალ, ახლა დაღლილი იქნებით.

ასე ჯობს. პირველ საათზე აქ შევხვდეთ.

შევთანხმდით?

შევთანხმდით.

თვალი ჩაგვიკრა, ნახვამდისო, გვითხრა და თანაგუნდელებს შეუერთდა.

მეორე დღეს, დათქმულ დროს, პირველ საათზე, იტალიის ნაკრები მთელი შემადგენლობით ქვემოთ ჩამოლაგდა. ფეხბურთელებმა სასტუმროსთან გაიარ-გამოიარეს და მალევე ნომრებში ავიდნენ.

ჩვენ გუშინ შევთანხმდით, „სარბიელიდან“ გაწუხებთ. ერთმანეთს პირველ საათზე უნდა შევხვედროდით.

უკვე ორის ნახევარია. მალდინის ნომერში შევეხმიანეთ.

კი, შევთანხმდით, მაგრამ პირველ საათზე. სად იყავით?

სასტუმროში ვიყავით, მაგრამ თქვენთან მოახლოება ვერ მოვახერხეთ. საქართველოში იმდენი ქომაგი გყავთ…

კარგით. ათ წუთში სასადილოდ ჩამოვალ. დამელოდებით?

დიახ, გელოდებით.

თი წუთი გავიდა, ოციც, დაახლოებით საათიც. მალდინი არ ჩანს.

– უკაცრავად, მალდინიმ უკვე ისადილა? – ვეკითხებით ფილიპო ინძაგის, ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდს იქვე, ვესტიბიულში მილანელ ფრანჩესკო კოკოს რომ ესაუბრება.

– კი, ისადილა. ახლა ნომერშია, სძინავს – ცივად მოგვიგო ინძაგიმ მე და ჩემს მეგობარს, იტალიურის უბადლო მცოდნე ლაშა ჯაფარიძეს.

„გადამაგდო-მეთქი“, გავიფიქრე, ხელი ჩავიქნიე და… სასტუმროს გამჭვირვალე ლიფტი ქვემოთ ეშვება, კარი იღება. ისევ მომღიმარი სახე და თაყვანისმცემელთა ალყა. სურათი გადავიღოთ, ავტოგრაფი მომეცით… პაოლო მალდინის ირგვლივ დიდი ამბავია.

დიდხანს გალოდინეთ?

პირველი კითხვა მალდინისაა.

არა, არც ისე.

იქით ჩამოვსხდეთ, ასე აჯობებს.

ის ქომაგებს ვერ აუდის. ხელი გადამხვიეთ, გოგონამ მაჯაზე ხელი სტაცა და მხარზე შემოიხვია, მეგობარმაც არ დააყოვნა, აპარატი უმალ ჩააჩხაკუნა.

დავსხდეთ.

თავაზიანად მიმითითა სავარძლისკენ.

დავიწყოთ? გისმენთ.

და დავიწყეთ. პაოლო მალდინი და „სარბიელი“ –

ექსკლუზიური ინტერვიუ…

ჯერ ბავშვობა გაიხსენეთ. მამამ დაგაწყებინათ თამაში თუ თავად გაგიწიათ გულმა ფეხბურთისკენ?

არა, ეს ჩემი სურვილი იყო, ძალიან პატარას შემიყვარდა ფეხბურთი. სკოლაში სულ ბურთს დავდევდი. 10 წლის ვიყავი, როცა მამამ მითხრა, გუნდი აირჩიეო. მილანში ორი დიდი გუნდია _ „მილანი“ და „ინტერი“. ერთ-ერთის ბავშვთა სკოლაში უნდა მივსულიყავი. დიდხანს ვიფიქრე და ბოლოს მამას ვუთხარი, „მილანში“ მიმიყვანე-მეთქი. გადაწყვეტილება მანაც მომიწონა. მეორე დღესვე „მილანის“ სკოლაში ვიყავი.

ჩეზარე მალდინი, პაოლოს მამა – ისიც დიდი ფეხბურთელი, თავის დროზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი.  რამდენჯერმე მოიგო ჩემპიონთა თასი. ისიც მარცხენა მცველი და „მილანის“ კაპიტანი იყო. ერთი ხანობა იტალიის ნაკრებისა და ახლა „მილანის“ მწვრთნელი.

ბავშვობაში მამა რას გირჩევდათ ხოლმე?

ჩემს საფეხბურთო საქმეებში ის არ ერეოდა. ბავშვობიდანვე ძალიან კარგი მწვრთნელების ხელში ვიყავი. მამა, როგორც მშობელი შვილს, ისეთ რჩევებს მაძლევდა, ჭკუას მარიგებდა, სულ ზრდილობაზე მელაპარაკებოდა, ასე მზრდიდა.

და გაგზარდათ. ბევრი ვარსკვლავი ცხვირაბზუებული დადის. თქვენ კი.. დიდ ფეხბურთელადაც გაქციათ.

გმადლობთ.

ისევ თაყვანისმცემელთა ალყა – ავტოგრაფები, ავტოგრაფები… დიდი ბოდიში, მაცალეთ, ვილაპარაკებ და მერე… იგერიებს მალდინი თინეიჯერებს.

16 წელია „მილანში“ თამაშობთ. ბავშვობიდან დღემდე. არ გქონიათ სურვილი, კარიერა სხვა გუნდში გაგეგრძელებინათ? თუ „მილანი“ არ გიშვებთ?

მე მილანში დავიბადე, გავიზარდე, ყველაფერი იქ ვისწავლე. „მილანიდან“ არც გამიშვებენ და არც მე წავალ სადმე. თამაში „მილანში“ დავიწყე და იქვე დავამთავრებ. სხვაგან წასვლაზე არასოდეს მიფიქრია. „მილანი“ ჩემი ცხოვრებაა. „მილანი“ ჩემი ოჯახია.

თქვენი ერთი შვილი, კრისტიანი მამისა და პაპის გზას უნდა გაჰყვეს?

როგორც ისურვებს. ის ისეთივე თავისუფალი იქნება, როგორიც მე ვიყავი. თუ ფეხბურთელობას გადაწყვეტს, ყველანაირად ხელს შევუწყობ.

პირველად ჩემპიონთა თასი 10 წლის წინ მოიპოვეთ, მერე კიდევ ორჯერ. რომელ წელს იყო „მილანი“ უკეთესი? საკის თუ კაპელოს მწვრთნელობისას?

მიჭირს პასუხის გაცემა. საკიმ გუნდი ახლებურად აათამაშა, თითქმის ყველაფერი გადააწყო, მეტოქეები ვერ ხვდებოდნენ, როგორ ფეხბურთს ვთამაშობდით. საკიმ თამაშის სტილი შეცვალა. კაპელოს დროს კი, პირველი სამი წელი, „მილანი“ მართლაც უძლიერესი იყო. ლამაზ ფეხბურთსაც ვთამაშობდით. გახსოვთ, 1994 წელი, ჩემპიონთა თასის ფინალში „ბარსელონას“ 4:0 რომ მოვუგეთ?

კარგად მახსოვს. ესე იგი, მაინც კაპელოს დროინდელ გუნდს ამჯობინებთ. თქვენი კარიერის დამთავრებამდე იქნება „მილანი“ ისეთივე გუნდი?

ძალიან ძნელია ისეთი გუნდის გაკეთება. მხოლოდ „მილანზე“ არ ვამბობ. ნებისმიერ იტალიურ გუნდს ვგულისხმობ.

საუკეთესო მწვრთნელადაც კაპელო მიგაჩნიათ?

როგორ გითხრათ… დიახ, კაპელო. ძალიან ძლიერი მწვრთნელია. შედეგები ყველაფერზე მეტყველებს.

ყველაზე მეტად რომელი მატჩი დაგამახსოვრდათ? ალბათ, 1989 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალში ბარსელონაში „სტიაუას“ 4:0 განადგურება. თუ 1994 წელს „ბარსელონას“ ათენში დამარცხება.

დიახ, დასამახსოვრებელი ჩემთვის სწორედ ეს ორი მატჩი და, 1990 წელს „ბენფიკას“ დამარცხებაა. ეს სამი ფინალი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ლამაზი იყო. თუმც სერია A-ს მატჩები არ ვახსენო, არ იქნება. იტალიის ჩემპიონატის ნებისმიერი თამაში ჩემთვის პრინციპულია.

მამა ახლა „მილანის“ მწვრთნელია. ადრე ნაკრებშიც გითამაშიათ მისი ხელმძღვანელობით. როცა ის სამატჩო შემადგენლობას ასახელებს, თქვენზე რას ამბობს, როგორ მოგმართავთ, შვილო, პაოლო, თუ..?

გულიანად გადაიხარხარა, თმა შეისწორა, ავტოგრაფით ერთი გოგონაც გაისტუმრა და სერიოზული სახით…

მეც ისევე მომმართავს, როგორც ყველას. თამაშამდე ერთი-ორი დღით ადრე ან თამაშის შემდეგ კი შესაძლოა ცალკე გამესაუბროს. ხანდახან რჩევასაც მეკითხება.

მერედა, როგორ ფიქრობთ, გაქვთ მწვრთნელობის ნიჭი? კარიერის დამთავრების შემდეგ რას აპირებთ?

ყოველ შემთხვევაში, მწვრთნელობას არა. ორ-სამ წელიწადს კიდევ ვითამაშებ და ამასობაში რაიმეს მოვიფიქრებ. მწვრთნელობა არ მიყვარს და ვატყობ, არც  არის ჩემი საქმე…

მოულოდნელად ერთი გოგონა მოგვიახლოვდა. სტუმარს სიტყვა შეაწყვეტინა და… „მართალია, რომ მოდელი ხართ?“ ჰკითხა იტალიურად. მალდინიმ ახედა, უკაცრავად, ვლაპარაკობ, არა, არ არის მართალიო, ღიმილით უპასუხა. შემომხედა, მხრები აიჩეჩა.

გამიგია, რომ რადიოში მუსიკალურ გადაცემას უძღვებოდით. ასეა?

კი, ასე იყო. ერთი წელი თავისუფალ დროს მეგობართან ერთად მუსიკალურ გადაცემას ვაკეთებდი, დიჯეი ვიყავი, მაგრამ კრისტიანის დაბადების შემდეგ ამ საქმეს შევეშვი.

ახლა რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

ოჯახთან ერთად ვარ. ბავშვთან და მეუღლესთან ერთად ვსეირნობ ხოლმე. ხშირად ჩოგბურთს ვთამაშობ.

მილანის ქუჩებში თავისუფლად დადიხართ? თაყვანისმცემლები იქ არ გაწუხებენ?

სრულიად თავისუფლად. მილანი ჩემი ქალაქია. აი, მაგალითად, რომის ცენტრში თავისუფლად ვერ დავდივარ, მილანში კი ამის პრობლემა არ მაქვს.

ისევ ფეხბურთს მივუბრუნდეთ. 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინასთან მატჩისშემდგომი პენალტებით წააგეთ, 94-ის ფინალში ასევე პენალტებით წააგეთ ბრაზილიასთან, 98-ში საფრანგეთთან დამარცხდით მეოთხედფინალში, შარშან კი ევროპის ჩემპიონობა ფრანგებს „ოქროს გოლით“ დაუთმეთ. ყველაზე ცუდად რომელი გაგონდებათ?

შარშანდელი ფინალი. ტრეზეგემ „ოქროს გოლი“ რომ გაგვიტანა, თვალთ დამიბნელდა, ძალიან განვიცადე.

„ოქროს გოლზე“ რას ფიქრობთ?

ეს საშინელებაა. ყველაზე ცუდი საფეხბურთო კანონია. ასე არ შეიძლება. გუნდს დამატებით დროში ანგარიშის გათანაბრების შანსი უნდა ჰქონდეს. რა დავაშავეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ისეთი, ჩემპიონობის დაკარგვად რომ დაგვიჯდა? ტრეზეგემ რომ გაგვიტანა, საპასუხო გოლისთვის დრო არ უნდა გვქონოდა? არადა, თავიდან ხომ ვიგებდით. 30 წამი ვეღარ გავძელით, სულ 30 წამი. მატჩი დამთავრებული და თასი ჩვენი გვეგონა, ვილტორდმა ანგარიში მაშინ გაგვითანაბრა.

16-წლიან კარიერაში თქვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქე ვინ იყო?

ფეხბურთელზე მეკითხებით?

დიახ.

მე მარადონას წინააღმდეგ მითამაშია. მგონი, ამით ყველაფერი ვთქვი. მისნაირ ფეხბურთელს არასოდეს შევხვედრივარ და ვეჭვობ, კარიერის დამთავრებამდე აზრი შევიცვალო.

დღეს ვინ მიგაჩნიათ საუკეთესო ფეხბურთელად?

ზიდანი, თუმც კი, როცა რონალდო ფორმაში იყო, ის მასზე ძლიერი გახლდათ.

თვალი სასტუმროსა და თანაგუნდელებს შეავლო, მწვრთნელს მიესალმა და მორიგი კითხვისთვის მოემზადა.

„მილანის“ კაპიტანს კახა კალაძეზე არ ვკითხო, არ შეიძლება.

ძლიერი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ნახევარდაცვის ცენტრში მისი ადგილი არ არის, ის მცველია. თუმც, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, იქ თამაშობს, სადაც მამაჩემი თვლის საჭიროდ. ის დიდი ძალის პატრონია და რაც ყველაზე სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, სურს რომ ისწავლოს.დაუღალავად ვარჯიშობს. ურთიერთობაშიც გულღიაა და გუნდის ყველა წევრისგან დაფასებულია. ეს მან თავისი ქცევით, ვაჟკაცური თამაშით დაიმსახურა.

რა გსიამოვნებთ, რა გაღიზიანებთ?

ძალიან არ მსიამოვნებს, როცა პატარას დიდი ჩაგრავს, სუსტს – ძლიერი. ეს ცუდი თვისებაა, ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს. დაფასებით კი უბრალოებას ვაფასებ, ჩემთვის სულერთია, ვინ რომელი ფენიდანაა, მთავარია, უბრალოდ ცხოვრობდეს და თვითონაც ასეთი იყოს.

ვინ არის ან ვინ იყო მოედანზე თქვენი საუკეთესო პარტნიორი?

ვან ბასტენი და ბარეზი. ვან ბასტენი საოცრად ტექნიკური, ბრწყინვალე ფეხბურთელი გახლდათ, ბარეზი კი… არც ვიცი, როგორ ვთქვა. მის გვერდით თამაში მსიამოვნებდა და ვამაყობ, რომ მასთან ახლაც ჩინებული ურთიერთობა მაქვს.

როგორც ფეხბურთელს რა ნაკლი გაქვთ?

ბევრი ნაკლი მაქვს. თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი კარიერის დასასრული ახლოვდება. ვგრძნობ, ძველებურად ჯანი აღარ მერჩის, თუმც ახლა უფრო ტექნიკური ვარ. ადრე პირიქით იყო. ფიზიკურად ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული, ტექნიკას კი კაცი ვერ მომიწონებდა… იცით, ეს რა არის?

წუთით პაუზა, დაფიქრდა, თვალი გამისწორა და განაგრძო.

ადამიანმა თუ იფიქრა, რომ უნაკლოა, შორს ვერ წავა. გაჩერდება და მისთვის ცხოვრებაც დამთავრდება.

სიტყვამ მოიტანა და კარიერას როდის დაამთავრებთ?

  • ძალიან მსურს, მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატზეც ვითამაშო. ალბათ, ასეც იქნება. კორეა-იაპონიის შემდეგ კი ნაკრებს გამოვეთხოვები. დღესდღეობით ნაკრებში 118-ჯერ მითამაშია და ამას ცოტასაც დავუმატებ. „მილანიდან“ კი, ალბათ, ორ-სამ წელიწადში წავალ. „მილანიდანაც“ და ფეხბურთიდანაც…

ბოლო სიტყვები უკვე ნაღვლიანად თქვა პაოლო მალდინიმ. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და უმალ ყიჟინა – ხელი გადამხვიეთ, სურათი გადავიღოთ…

„სარბიელს“ და მის მკითხველს კი სახსოვრად ეს ავტოგრაფი დაუტოვა…

                             „სარბიელს“ დიდი სიყვარულით.

                             პაოლო მალდინი

 

წილი
წინა სტატიახელები შორს ანტონიო კონტესგან
შემდეგი სტატიაარსებობს ცუდი მსაჯი
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.