წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან ყენიამ ბოლოს ჩეხეთის „სლავიაში“  ითამაშა, 2016 წლის აგვისტოს…

ფეხბურთელი, რომელიც 17 წლის ასაკში უკვე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იყო, მუდმივად ტრავმებს ებრძვის. იყო დრო, „შალკეში“ ყენიას რაკიტიჩი სკამზე ჰყავდა გადასმული, ხორვატმა ჩვენიანთან კონკურენციას ვერ გაუძლო და მწვრთნელი ფელიქს მაგათი, ახლა ბარსელონელ ნახევარმცველს მოედანს არ აკარებდა.

ჯერ ყენია იყო, მერე რაკიტიჩი…

მერე დაშავდა, ისევ დაიწყო, მერე კოჭზე სამი ოპერაცია, გაცდენილი სამი წელიწადი, დაბრუნება და კარგი თამაში ლვოვის „კარპატიში“, ასევე საქართველოს ნაკრებში…

ყენიას კარიერა ამობრწყინებაზე და უიღბლობაზეა დაფუძნებული. სტაბილურობა აკლდა,  10 წელიწადი „ოქროს შუალედი“ ვერ დაიჭირა.

ის ახლა თბილისის „ლოკომოტივშია“. ამჟამადაც ტრავმას მკურნალობს და გვითხრა, რომ გერმანიაში თერაპიულ კურსებს გადის. როდის დაიწყებს თამაშს, არ იცის, რადგან ექიმების პასუხს ელის. არ უნდა ვიჩქაროო, ასე ამბობს.

ხოლო რაც დანამდვილებით გვითხრა, ისაა, რომ მწვრთნელობას აპირებს.