ინგლისში თოვს, ცივა, ტრასებზე საცობებია. მსაჯის დამატებული უმოქმედობის წუთებიღა აკლდა „ტოტენჰემის” გულშემატკივარს. „უემბლიზე” ხალხმა ღრიანცელი მორთო: „როჩდეილთან” განმეორებითი სათასო შეხვედრის (6:1) პირველ ტაიმში, მეტიც — 25 წუთში, მსაჯმა პოლ ტიერნიმ ოთხჯერ შეაჩერა თამაში, რათა თავისი გადაწყვეტილების სისწორე ვიდეორეფერისთან შეემოწმებინა. ასეთ დროს ტელემაყურებელი კიდევ ერთობა, ტრიბუნაზე კი მოსაწყენი პაუზაა.

„სფურზის” არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინიო გაბრაზდა: „ეტყობა ფეხბურთში ემოციის ჩაკვლას ვაპირებთ, მაგრამ ის ხალხი, ვისაც ეს თამაში უყვარს ამით კმაყოფილი ვერ იქნება. ასეთ პირობებში თამაშზე ყურადღების შენარჩუნება ძნელია. მეეჭვება ვიდეორეფერის სისტემამ ხეირი მოიტანოს”.

ინგლისელები სისტემას ფეხბურთის ასოციაციის თასზე ამოწმებენ და თუ გაამართლებს, მომავალი სეზონიდან პრემიერლიგაში შემოიღებენ.  პოჩეტინიომ განაგრძო:

„ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო მსაჯები გვყავს. ბევრი არაფერი გვჭირდება. შეცდომა ფეხბურთის ნაწილია. ისევე როგორც ჩვენ, მსაჯებიც შეიძლება შეცდნენ. ამიტომაც, მოედანზე მთავარი არბიტრი უნდა იყოს და საბოლოო სიტყვა მას უნდა ეკუთვნოდეს.

მომავალი სეზონიდან ვიდეორეფერის პრემიერლიგაში დანერგვა ადრეა. გულშემატკივარს პატივი უნდა ვცეთ. ხალხი სტადიონზე ემოციის გამო მოდის და ამ ემოციის მოკვლა არაფრით შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შინ დარჩება და ფეხბურთს ტელევიზორში ნახავს”.