თითქმის 28 წელი გავიდა… ქვეყნის უმთავრესი სარბიელი მაყურებელს ვერ იტევდა – 1990 წლის 30 მარტს ფეხბურთში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. იმ დღეს, სტადიონზე მისული და ტელევიზორებს მიჯაჭვული ათიათასობით ადამიანიდან, ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, ასე უღიმღამო მომავალი თუ ექნებოდა ეროვნულ ჩემპიონატს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს. წლიდან წლამდე გაუთავებელი მოლოდინი, ამაოდ გაცემული ავანსები ქომაგთა თუ სპორტულ მედიელთა მხრიდან… საერთო სურათი კი არ იცვლება…

რამდენადაც საოცარი პროგრესი განიცადა ზოგადად ფეხბურთმა ამ საუკუნეში, იმდენად გაუფერულდა და შენელდა ქართული ფეხბურთის ზრდა. მიზეზი უამრავია, რასაც ეს წინასაჩემპიონატო ანონსი დაიტევს. უფრო საფუძვლიანი განსჯა–გაანალიზება სჭირდება, უფრო კი კონკრეტული და შედეგიანი ქმედებები, რისი გამკეთებელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უნდა იყოს. ჯერჯერობით კი ფედერაციის უმთავრეს მიღწევად ჩემპიონატის მოქნილი ფორმატი რჩება – დაძაბულობის თვალსაზრისით ათგუნდიანმა ოთხწრიანმა ჩემპიონატმა გაამართლა – სატურნირო თვალსაზრისით არაფრისმომცემი მატჩების რიცხვმა კი იკლო, მაგრამ ცხადია ეს თვალსასეირო და ხარისხიანი მატჩების რაოდენობას ვერანაირად გაზრდიდა.

რეგრესი განიცადა 2 წლის წინ დიდი რუდუნებით და იმედით შემუშავებულ–ამოქმედებულმა სახელმწიფო პროგრამამაც – კარს მომდგარ ჩემპიონატში გუნდები შარშანდელთან შედარებით 100–100 ათასი ლარით ნაკლებს მიიღებენ და თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში ლარის დევალვაციის მასშტაბებს, კლუბები წლეულს უფრო არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რაც ზაფხულში ზედმიწევნით აისახება ევროტურნირებზე ნაჩვენებ შედეგებზე…

ასე, თუ ისე, ეროვნული ჩემპიონატი იწყება – დღეს ლიგა 2 ში დაიწყო, ხვალ კი ლიგა ერთშიც აღმართავენ დროშას: მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” გორის “დილას” უმასპინძლებს. საპირველმატჩოდ ერთობ კურიოზული სიტუაციაც იყო შექმნილი, რაკიღა ისედაც უმაყურებლო ქართულ ფეხბურთს პირველივე ტურიდანვე სიცარიელე ემუქრებოდა – გასული სეზონის საჩემპიონო მატჩში ვაი–ქომაგთა უღირსი საქციელის გამო დისკვალიფიკაციამისჯილ „ტორპედოს“ ცარიელი ტრიბუნების წინაშე უნდა ემასპინძლა „დილასთვის“… კურიოზულია ის ფაქტიც, რომ ამის გამო ფედერაციამ თხოვნით მიმართა სადისციპლინო კომიტეტს სასჯელის გადავადების თაობაზე და ბუნებრივია, დისციპლინარებმაც ყურად იღეს „უფროსის“ თხოვნაშენიღბული რეკომენდაცია…

წლეულს ცარიელი ტრიბუნები, იმედია, აღარ იქნება

ორი სიტყვით ფავორიტებზეც ვთქვათ… „ტორპედო“ და ,,სამტრედია“ უთუოდ იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის, ისევე როგორც ჩრდილოეთიდან „მზეგანათებული“ „რუსთავი“– ქვემოქართლელებს რუსეთიდან მოსულმა ინვესტორმა ვალერი გაზაევი უმცროსი დაუსვა მესაჭედ, არადა გუნდში დიდი სამუშაო გასწია გამოცდილმა ვარლამ კილასონიამ, ვინაც მოლოდინის საწინააღმდეგოდ არნახული სეზონი ჩაატარა და მოკრძალებული შესაძლებლობის გუნდი ზედა ეშელონს დაუბრუნა, მაგრამ ნათქვამია, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავსო, ისე კი გაზაევს შემადგენლობა სოლიდური შეურჩიეს და მომავალ სეზონში, ქართულ საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთში არაერთი გამოცდილი მოთამაშე დაიცავს რუსთაველთა ღირსებას. მეოთხე ფავორიტი კი საგრძნობლად გაახალგაზრდავებული და სახეცვლილი “დინამოა“. ფავორიტი კი უფრო იმიტომ,რომ ,,კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ“–ს შემდეგ ყველაზე ცნობილი ქართულ–ფეხბურთული გამოთქმის თანახმად “დინამო“ მაინც “დინამოა“… სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია ,,საბურთალოს“ – ეს გუნდი წლიდან წლამდე როგორღაც სტაბილურად ახერხებს პროგრესირებას და მიუხედავად იმისა, რომ სეზონის წინ შვედურ ,,გიოტებორგში“ წასული ლიდერი ხარაიშვილი დაკარგა, ქართულსაზომით მაინც სოლიდურ შემადგენლობას მოუყარა თავი, თანაც ბელგიური ,,სერკლიდან“ვაგნერ გონსალვეში დაიბრუნა, ვინაც ჩვენი ჩემპიონატის ერთერთი გამორჩეული ლეგიონერი გახლდათ… „დილა“, “ჩიხურა“, „კოლხეთი“, „სიონი“ და „ლოკომოტივი“ – ამათ დარჩენა – გავარდნის მეტნაკლებად თანაბარი შანსი აქვთ…

ლიგა 2-ზეც: გამოკვეთილი ფავორიტი ორია – მუდამ პირველობისთვის მებრძოლი მარტვილის „მერანი“ და გასულ სეზონში მოულოდნელად დაქვეითებული “ბათუმი“. ამათ მარაქაში უნდა გავრიოთ ახლადაღზევებული “თელავი“, რომელიც აღორძინებიდან სამ წელსაც არ ითვლის და აგერ ასიათასიან სპონსორსაც გამოკრა ხელი – ჩემპიონატის ბოლომდე კახელების ბიზნეს-პარტნიორი m2 იქნება…

ბოლოს კი ისევ პირველი ეროვნული ჩემპიონატი უნდა ვახსენო – მაშინ მასში მონაწილეობისთვის 99-მა გუნდმა გააკეთა განაცხადი და მეტნაკლებად სტადიონებით და ინფრასტრუქტურით ამათი უმრავლესობა აკმაყოფილებდა უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს… დღეს კი ცხრა გამართული არენაც არ მოგვეპოვება ქვეყნის მასშტაბით. წინა ევროსეზონში მონაწილე 4 ქართული გუნდიდან სამს საკუთარი სტადიონი არ ჰქონდა… ჩემპიონსაც კი… მაგრამ მაინც, გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!