– ვერ გავიგე.

– -რა ვერ გაიგე?

– ოუენის ფეხები სამოც მილიონად დააზღვიესო.

– შენ ოუენი რა იცი?

– ოუენი მე კი არა, სტივ ვანდერმაც იცის.

– ეგ ხო ბრმაა?

– ჰოდა, მაგანაც.

– და რა გინდა?

– ფეხის დაზღვევა რაღაა?

– შენ ძველი დროის ასლამაზოვი გაგიგონია?

– ვინა?

-ასლამაზოვი, „დინამოს“ ფეხბურთელი.

– არა, მე პანიუკოვი გამიგონია.

– ასლამაზოვი იყო.

– მერე?

– მერე, ისეთი დარტყმა ჰქონდა, რომ ფეხი დაულუქეს.

– ეგ როგორ?

– როგორ და მარჯვენათი დარტყმა აუკრძალეს.

– რატომ?

– მეკარეები რომ არ მოეკლა.

– რაღა მეკარეს უმიზნებდა?

– ეეე… შტანგებსაც ამტვრევდა.

– მერე?

– მერე ერთი ორჯერ შეაპარა და „პიშჩევიკის“ მეკარე შემოაკვდა. თამაში აუკრძალეს…

– ეგ ოუენთან რა შუაშია?

– რო ეგრე აღარ აუკრძალონ.

– ოუენმა ვინ მოკლა?

– ეჰ… ოუენმა ჩემი გული მოკლა.

– როდის?

– აი, რუმინეთთან რომ წაუცაცუნა შტანგას…

– რეებს იხსენებ, რა დროს ეგ არის?

– მაშინ სხვა რამეს გკითხავ.

– აბა?

– აი, რა ჯობია ქვეყნისთვის, ერთი ოუენი თუ ნავთობსადენი?

– მაგათი შედარება არ შეიძლება.

– რატომ?

– ოუენი ჰა, ჰა, თხუთმეტ წელიწადს იქნება, ნავთობსადენი კი სულ.

– ხო, მაგრამ ნავთობსადენზე თხუთმეტი წელიწადია ლაპარაკობენ და ჯერ არ არის, ოუენზე კიდევ ჯერ ხმა არ ამოეღოთ და უკვე იყო.

– ნავთის და კაცის შედარება არ გამიგია.

– კაცია ბიჭო ოუენი?

– აბა ვინ არის?

– მომავალი სერ მაიკლ ოუენი.

– შენ რა იცი?

– ორმოცდაათისა რო გახდება, დედოფალი მისცემს.

– მაშინ დედოფალი იქნება?

– დედოფალი სულ იქნება.

– და გაზა?

– გაზაც სულ იქნება, თუ ინაპლანეტიანები არ წაიყვანენ.

– მაგას არ გეკითხები, გაზა ჯობია, თუ ნავთობსადენი?

– დღეს?

– ჰო, დღეს.

– დღეს ნავთობსადენი კი არა, ლუბოი ყველაზე მყრალი წყალსადენი ჯობია… ეჰ.

– მაშ გაზაზედ ხელი ჩაგიქნევია?

– მე კი არა, შერილმაც ჩაიქნია.

– შერილი ვინ არის?

– შენ ოუენის მეტი არავინ გაგიგია?

– მეტი რა საჭიროა, ყველაფერს ოუენი აკეთებს.

– ეგრეც ნუ იტყვი.

– რატომ?

– ბერლუსკონიმ არ გაიგოს, თორემ წაიყვანს და დასვამს ზაპასში. არც თქვენა და არც მეო.

– ბერლუსკონი ვინ არის?

– ერთი კაცია, ბიჭების შემგროვებელი.

– როგორ აგროვებს ბიჭებს?

– ყიდულობს და მერე ჭერში აწყობს.

– ვერ ყოფილა კარგი კაცი.

– ბარე ორს კიდევ ეგ ჯობია.

– ვის?

– გვარს არ დავასახელებ და ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომაა.

– ააა, გავიგე, გავიგე…

– ძალიან კარგი. მთავარია გაგება.

05.09.1998

წილი
წინა სტატიამეტი ვარცხნილობა, ვიდრე გოლი
შემდეგი სტატიაპიკეს ფეხბურთში ნაშოვნი ჩოგბურთში მიაქვს
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.