ამოვარდნილი კოჭი და გაბზარული ძვალი — ნეიმარს ექვს ან რვა კვირიანი მკურნალობა დასჭირდება.

როგორც იცით, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა „პარი სენ ჟერმენისა” და „მარსელის” შეხვედრაში (პარიზელებმა მოიგეს 3:0) მოედანი აცრემლებულმა დატოვა. 26 წლის ფორვარდს ფეხი გადაუბრუნდა.

ორშაბათს, ნეიმარმა თავისი თაბაშირში ჩასმული ფეხის ფოტო დაპოსტა. ამრიგად, მთავარ კითხვას, ითამაშებს თუ არა ბრაზილიელი „რეალის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში, სამწუხაროდ, უარყოფითი პასუხი გაეცა. შეგახსენებთ, რომ მადრიდში პარიზელებმა 1:3 წააგეს.

როდესაც ნეიმარის ტრავმის გამო „რეალის” მწვრთნელ ზინედინ ზიდანს კომენტარი სთხოვეს, მან თქვა: „არ მიყვარს, როდესაც ფეხბურთელები შავდებიან. ჩვენ, მეტოქის დაშავებას არასდროს ვზეიმობთ”.

ბრაზილიელმა „პარი სენ ჟერმენის” შემადგენლობაში, მიმდინარე სეზონის 29 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი ჩააწოდა.