წლიდან წლამდე ფეხბურთში დატვირთვები იზრდება. ამას ისიც ემატება, რომ მაქსიმალურად იტვირთება კალენდარი და ტოპ-ფეხბურთელებს ხშირად კვირაში სამი სრული მატჩის გამართვა უწევთ.
შედეგი სამწუხაროა. მოხშირებული ტრავმიანობა იქით იყოს და ბოლო წლებში ვარჯიშებზე ან სულაც მატჩის მსვლელობისას საღსალამათი სპორტსმენების გარდაცვალების ფაქტებმაც კატასტროფული ხასიათი მიიღო.
ბოლო ორი წლის განმავლობაში უეფა ჭაბუკთა და ახალგაზრდულ პირველობებზე მეოთხე შეცვლის ექსპერიმენტს ატარებდა. აღმოჩნდა, რომ გარდა დატვირთვების გადანაწილებისა, ცდამ სანახაობრივ მხარეზეც დადებითად იმოქმედა.
ესპანური „მარკას“ ინფორმაციით, უახლოეს მომავალში უეფა მისი ეგიდით ჩატარებულ ყველა ტურნირში ოთხი შეცვლის წესს ოფიციალურად დაამტკიცებს.