ინგლისში „კარაბაოს” ანუ „ლიგის თასი” „მანჩესტერ სიტიმ” მოიგო. პეპ გვარდიოლას გუნდმა ფინალში „არსენალი” გადათელა — 3:0. ეს გახლდათ კატალონიელი მწვრთნელის პირველი ჯილდო „ქალაქელთა” თავკაცის რანგში. მოგვიანებით „სიტის” ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავის „ტვიტერზე” დაწერა: „ეს ერთი! დანარჩენიც იქნება!”

„არსენალის” თამაშმა ინგლისური ტაბლოიდები ხუმრობის ხასიათზე დააყენა. ზოგმა „მეთოფეთა” დაცვას კომიკური უწოდა, „სანმა” კი შეხვედრის აღსაწერად ორიგინალურ ხერხს მიაგნო: გამოაქვეყნა ფოტო, როგორ ეჯახება მატარებელი გზაზე გაჩხერილ მსუბუქ მანქანას. აი, ასეთი თამაში იყოო.

მანჩესტერელთაგან გოლები გაიტანეს სერხიო აგუერომ, ვინსენტ კომპანიმ და დავიდ სილვამ.

ანგარიში სერხიო აგუერომ გახსნა
მეორე გოლი ვინსენტ კომპანიმ შეაგდო
წერტილი დავიდ სილვამ დასვა