მთების, მყინვარების და რაც მთავარია, ულამაზესი ფიორდების ქვეყანა, რომელიც სულ რაღაც 5.2 მილიონ მაცხოვრებელს ითვლის. ვიკინგების ქვეყანა, რომლის მუზეუმებშიც IX საუკუნის მუხისგან შეჭედილი ხომალდები ინახება – ჩრდილოეთის მარგალიტი ნორვეგია.

ერთი შეხედვით, ადვილია ნავთობითა და გაზით მდიდარ, თევზჭერით განთქმულ და ჩრდილოური ტურიზმის მექად აღიარებულ ნორვეგიაში ცხოვრება, მაგრამ მთავარია, რომ ეს ხალხი ახერხებს და ბუნებისგან ბოძებულ ყველა სიმდიდრეს მაქსიმალურად იყენებს. 1994 წლის ლილეჰამერის ზამთრის ოლიმპიადის შემდეგ ნორვეგიაში ზამთრის სპორტმა მორიგი ნახტომი გააკეთა და აჰა, შედეგიც…

სამხრეთკორეულ პიონგჩანგში ნორვეგიელებმა ყველაზე მეტი – 39 მედალი მოინაგრეს და უკან გერმანიის, კანადის, აშშ-ის დარი გიგანტები მოიტოვეს. თუმცა…

გუნდურ ჩათვლაში დღეს გამთენიამდე ნორვეგია და გერმანია სწორად მიდიოდნენ – ჩრდილოელები მეტი ვერცხლით ლიდერობდნენ. გერმანელი რის გერმანელია?!  ბობსლეიში მოპოვებული ოქროთი ალემანები სულ ბოლო წამს გალიდერდნენ გუნდურ ჩათვლაში. მერე?! მერე ვიკინგურმა სისხლმა იყივლა. ბოლო მედალი ქალ მოთხილამურეთა მარათონში გათამაშდა. შედეგი არც იკითხოთ – ლამის საპენსიოდ შემზადებულმა მარიტ ბიორგენმა 30 კილომეტრიანი სათხილამურო მარათონი უსწრაფესად გაიარა!

ნორვეგია გუნდური ჩემპიონია!

მარიტ ბიორგენი ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანია (8 ოქრო, 4 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) და აქამომდელი ლეგენდა ოლე ეინარ ბიორნდალენი (8-4-1) მეორე ადგილზე გადაანაცვლა.

ვიკინგებმა 4 წლის წინ სოჭში რუსეთის და მელდონიუმის გაერთიანებულ გუნდთან თითქოს წააგეს, მაგრამ სამართალმა პური ჭამა და ნორვეგიელებს პირველობა დაუბრუნეს. წელს მათ 3 ოქროთი და ჯამში 13 მედლით მეტი მოიპოვეს.

ნორვეგიელებს არ ჰყავთ საკუთარი ჯუზეპე ვერდი. არ ჰყავთ საკუთარი სერვანტესი,  ვან გოგი… სამაგიეროდ იციან, რომ ვიკინგთა გორისანი არიან და რაც გააჩნიათ, იმის დარაჯებად ბოლომდე დგანან!

ბოდიში გერმანიავ. ნორვეგიელთა ტრიუმფი ალალია!

 

წილი
წინა სტატიაბუენოს თბილისი
შემდეგი სტატიაკაშიაა: რუსი მოდის!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".