რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?! ვაქო და ვადიდო ჩვენი ნაკრები, რომელსაც არ გაუმართლა? პერსონალური შედეგებით ვადიდო ლიდერები?

ჩემმა ნაკრებმა წააგო და ეგ იყო. წააგო გრანდთან კი არა, საშუალოზე საშუალო გერმანიასთან. სერბეთს მოუგესო, ნუ შემახსენებთ – დღევანდელით ვმსჯელობ. დაცვის გარეშე დარჩენილი საქართველოს მეორე ნაკრები უშედეგოდ ცდილობდა გერმანელთა მიძალების მოგერიებას, საკუთარ ფარს ვერ იცავდა და ბავშვურ შეცდომებს უშვებდა.

ვაჟკაცობაზე და ბოლომდე ბრძოლაზე ვისაუბროთ? აზრი?

… თუ ბიუჯეტი და მერე ფედერაცია არცთუ სახუმარო თანხებით აფინანსებს კალათბურთს, ჭაბუკთა ლიგას თუ ახალგაზრდულ პირველობას, ეროვნულ ნაკრებში იმ ხალხის გამოძახება, ბევრი ათასი რომ დაჯდა, რატომ ჭირს?

დღეს პარკეტზე 20 საუკეთესო ქართველი კალათბურთელიდან 10 ვერ დავინახე.

საუკეთესო ქართველი ისევ მაიკლ დიქსონია. რა გჭირთ, ბიჭებო და ასეთ რა მუხლს დებთ კონტრაქტში, გადავსებული სპორტის სასახლის გაგიჟებას რომ გიჯობთ? განა ამ კონტრაქტებამდე ამავე სპორტის სასახლით არ მიხვედით?

ყველამ თავისი იცის…

წარმატებები თქვენ და თქვენს მენეჯერებს! ჩვენ დანარჩენს მივხედავთ. თუ რამეა, დირკ ნოვიცკის კარიერას გადაავლეთ თვალი…

ჰო, მართლა, საქართველო გერმანელებთან 77:87 დამარცხდა.

ამბობენ, ჯერ ყველაფერი წინააო. წინ არაფერია! რას ერჩით ზუროსს?!