თუ ჟოზე მოურინიუ „მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩება, პოლ პოგბა გუნდიდან წავა — ასეთი გაგრძელება ჰპოვა პორტუგალიელი მწვრთნელისა და ფრანგი ნახევარმცველის ურთიერთობამ. ორს შორის შავმა კატამ თებერვალში გაირბინა, მას მერე, რაც „განსაკუთრებულმა” 100 მილიონ ევროდ ღირებულ ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში თამაში შეუზღუდა.
ინგლისურ პრესაში გავრცელდა ხმა, რომ პოგბას აგენტი მინო რაიოლა „რეალთან” აწარმოებს მოლაპარაკებას. მას ზაფხულში 24 წლის მოთამაშის მადრიდში გადაყვანა აქვს გადაწყვეტილი. ჩასაფრებულია ფრანგის ყოფილი გუნდი „იუვენტუსიც”. „ბებერი ქალბატონი” მზად არის პოგბაში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.
„სანს” „მანჩესტერ იუნაიტედის” ამბებში ჩახედულმა წყარომ ანონიმურად უთხრა: „მოურინიუსა და პოგბას შორის ურთიერთობა ასეთი დაძაბული არასდროს ყოფილა. პოლმა თქვა, რომ თუ ჟოზე „ოლდ ტრეფორდზე” დარჩება, ის აუცილებლად წავა”.
მოურინიუმ კლუბთან, იანვარში, 2020 წლამდე ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. სხვა საქმეა, რომ „იუნაიტედი” დიდი წარმატებებით და შემტევი ფეხბურთით განებივრებულ გულშემატკივარს ჯერჯერობით ვერ ახარებს და პორტუგალიელი ზეწოლის ქვეშაა.
პოგბა მწვრთნელის ტაქტიკითაც უკმაყოფილოა. ფეხბურთელს 4-3-3 განლაგებაში მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე უყვარს თამაში, მოურინიუ კი ნემანია მატიჩთან ერთად დაცვის დახმარებას ავალებს.