ფაჩულია, შენგელია, შერმადინი, მარკოიშვილი, სანაძე, ბურჯანაძე, სანიკიძე – რითაა ურიგო ნაკრები? ზოგმა აშკარად ადრიანად დაასრულა სანაკრებო კარიერა, ზოგმა მიზეზთა გამო ვერ დააღწია საკუთარი კლუბიდან თავი და ძალაუნებურად ქართული კალათბურთის მეორე ეშელონმა ითავა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვებისთვის ბრძოლა.

პირველ მეოთხეთში პარკეტიდან დარბაზისა აღგავა ჩვენმა გუნდმა მასპინძლები და 19-ის წილ მხოლოდ 5 ქულის ჩაგდების საშუალება მისცა. რომ გვეგონა, რბევა გაგრძელდებოდა, ქართველებში ქართულმა სენმა გაიღვიძა… სადღაც კონცენტრაციის დაკარგვა, სადღაც უნებლიე შეცდომა, გაუმართლებელი რისკი და მასპინძლებმა ჯერ მეორე (26:21), მერე კი მესამე (18:15) პერიოდიც მოგვიგეს. ფინალური მეოთხედის წინ მხოლოდ 6-ქულასღა ვიგებდით, მაგრამ ქართველებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ. ერთი წუთით შემოპარული ეჭვის ჭიაც გაგვიქრა და ანგარიშმაც კომფორტული სახე მიიღო – 64:78.

შესარჩევში პირველი გამარჯვება მოპოვებულია. გუნდში მორალური სიტუაციაც გამოკეთდა და ზეგ საღამოს სპორტის სასახლეში გერმანიას ბოლომდე უნდა ვეომოთ. +10 მოგება იდეალური იქნებოდა, მაგრამ რეალობის და ჩვენი შემადგენლობის გათვალისწინებით, ოვერტაიმში +1-ზეც არ ვიტყოდი უარს.

მადლობა მთელ ჩვენ გუნდს ეკუთვნის, თუმცა საუკეთესო მაინც ჩვენი შავტუხა მაკლ დიქსონი იყო, სირენასთან ერთად კალათში გაგზავნილი სამქულიანით რომ მოიკითხა ავსტრიელები და ჯამში 23 ქულას, 9 მოხსნას და 4 პასს მოუყარა თავი. კიდევ ერთი კაცი არ მინდა გამომრჩეს – ნიკოლოზ ცქიტიშვილი. “სკიტას” არც ისე ბევრი დრო ჰქონდა, მაგრამ ვეტერანმა 9 ქულით და 7 მოხსნით ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა. 25 თებერვალს გერმანია მოდის. მეექვსე მოთამაშე – სავსე ტრიბუნები გვჭირდება.

წილი
წინა სტატიაგიორგი ხარაიშვილი – გიოტებორგის 22
შემდეგი სტატიასეპარატისტი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".