„მანჩესტერ სიტის” კატალონიელი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თხემით ტერფამდე სეპარატისტია — კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას ემხრობა. მეტიც, რამდენადაც შეუძლია იბრძვის კიდეც ამისთვის. შემოდგომიდან მოყოლებული, ინგლისში, „სიტის” თამაშებზე, მას მკერდზე ყვითელი ლენტი უკეთია. ამით გვარდიოლა ბელგიაში გადასახლებაში მყოფ პოლიტიკოსებს, კატალონიური სეპარატიზმის ლიდერებს, კარლეს პუჯდემონს და მის თანამებრძოლებს უჭერს მხარს.

გვარდიოლას პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს, მართალია თუ არა, რომ გასულ კვირაში, ბარსელონას „ელ პრატის” აეროპორტში მისი კერძო თვითმფრინავი პოლიციამ გაჩხრიკა. მწვრთნელმა უპასუხა:

„მართალია, მაგრამ პოლიციას ამის უფლება აქვს. ის თავის საქმეს აკეთებდა. ჩემმა ოჯახმა დაინახა როგორ ჩხრეკდნენ თვითმფრინავს. სულ ეს იყო”.

როგორც ჩანს, გვარდიოლას ესპანეთის პოლიციაზე მეტად ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან დაეძაბა ურთიერთობა. ასოციაციამ ჯერ კიდევ დეკემბერში ორჯერ გააფრთხილა კატალონიელი, რომ ყვითელი ლენტის ტარებით კანონს არღვევდა, მაგრამ ორშაბათს, „უიგანთან” სათასო შეხვედრაში ის კვლავ მკერდზე პოლიტიკური მესიჯით გამოეცხადა საზოგადოებას. ინგლისური ფეხბურთის შეფებს სხვა არაფერი დარჩენოდათ — გვარდიოლა დააჯარიმეს. მაგრამ, რა მოხდება მომავალში? კვირას „კარაბაოს თასის” ფინალია: „სიტი” – „არსენალი”. გვარდიოლა ისევ ყვითელი ლენტით რომ მივიდეს (და სავარაუდოდ ასეც მოხდება) ფეხბურთის ასოციაცია იძულებული გახდება ჯარიმით აღარ შემოიფარგლოს და ურჩი კანონდამრღვევი დისკვალიფიკაციით დასაჯოს. ასოციაციაც ხომ კანონით არის შეზღუდული. ფეხბურთის შეჯიბრების დროს ტანსაცმელზე პოლიტიკური პლაკატების და მესიჯების დაწერა-დამაგრება თუ აკრძალულია, ყველასთვის აკრძალული უნდა იყოს.

და ბოლოს, ერთ-ერთი პირველი, ვინც ხმამაღლა გააპროტესტა გვარდიოლას ყვითელი ლენტი რატომ უკეთიაო, მისი „დაუძინებელი მეგობარი” ჟოზე მოურინიუ გახლდათ.