ინტერვიუს პირველი ნაწილი

ინტერვიუს მეორე ნაწილი

– გავიგებ, რა ხდებაო. თურმე ნუ იტყვით, ცეკაში არაფერი იციან, პირიქით, ახალკაცს უჭერენ მხარს…  ახალკაცის გაგდება მარტო მინისტრს სურდა. საღამოს ბაზაზე ვბრუნდებით, ვარჯიში გვაქვს, მეორე დღეს მოსკოვის „დინამოს“ ვეთამაშებით. ახალკაცს ისე უჭირავს თავი, ვითომ არაფერი იცის. გაგვიკვირდა, არადა, მერე გავიგეთ, მოსკოვის „დინამოსთან“ თამაში ჩაწყობილი აქვს, ჩვენ რომ არ გავიტანოთ, რუსები თავის კარში გაიტანენ. მერე დნეპროპეტროვსკში უნდა გვეთამაშა, ისიც ჩაწყობილი ჰქონდა, მოვიგებთ ორივე თამაშს. ახალკაცს ვეტერანების იმედი აქვს, 11 კაცს მაინც შეკრებს, ჩვენ კი…მოგებული მატჩების მერე სათქმელი ექნება, ხომ ხედავთ, თამაშს თამაშზე ვიგებ, ესენი არ მჭირდებიანო და გუნდიდან გაგვიშვებს. აქეთ გვიწყობს რაღაცებს.

ვარჯიშის შემდეგ ბიჭები შევკრიბე და შინ წავიყვანე. ვუთხარი, „ფარსადანოვიჩმა“ რომელიმე ჩვენგანი რომ გუნდიდან გაუშვას, ყველა წავიდეთ-მეთქი. შევთანხმდით. ღამის 12 საათია და არავინ გვეძებს, მეორე დღეს კი თამაში გვაქვს. ვრეკავ ბაზაზე, ვკითხულობ, არ გაინტერესებთ, სად ვართ-მეთქი? ატყდა ერთი ამბავი, ცეკას მდივანის, გურამ ენუქიძის დაბადების დღე იყო. ურეკავენ მას, დაგვიბარეს ჩვენც, შუაღამეს ბაზაზე მივედით, მოვიდა ენუქიძეც. კაცმა საერთოდ არ იცის, რა ხდება. დავსხედით, ახალკაციც იქვეა, ვლაპარაკობთ. ავდექი, პირდაპირ ვუთხარი ენუქიძეს, ეგ კაცი თუ იქნება მწვრთნელი, ხვალ მოედანზე არ გავალთ და, ბიჭებს მივაძახე, ჩემთან ვინ ხართ-მეთქი. ყველა წამოდგა და ოთახიდან გავდივართ. ენუქიძემ შეგვაყოვნა, რა ვქნათ ნოდარო, ჰკითხა ახალკაცს. „ფარსადანოვიჩმა“ თავი გაიქნია, ერთი ამოიოხრა და თვითონ წავიდა. ასე გავუშვით გუნდიდან. ეს ყველაფერი მე გამაკეთებინეს, არადა, სიტყვის თქმას არ ვაპირებდი.

ერთი სიტყვით, მორჩა სეზონი და ჩეხოსლოვაკიაში წავედით. გართობის მეტი საქმე არაფერი გვაქვს. შევედით რომელიღაც პაბში და დავლიეთ. არაფერი მოგვიპარავს, არ გვიჩხუბია, სასმელი მოგვეკიდა, ხმამაღლა ვლაპარაკობდით. გაიგო ეს ამბავი გორგოძემ, ეგ რა გააკეთეთო, გუნდიდან გამაგდო. მერე ცეკა დაარწმუნა, ახალკაცის გაშვება მე არ მინდოდა, აი, მესხის ბრალია ყველაფერიო.

კონსტანტინე ბესკოვი და ნოდარ ახალკაცი

– და წახვედით მოსკოვის „სპარტაკში“…

– წავედი მოსკოვში და კონსტანტინ ბესკოვს შინ მივაკითხე. „სპარტაკში“ თამაში მინდა-მეთქი, ვუთხარი. მიპასუხა, გუნდში 42 კაცი მყავს და ვინ გავუშვა, იმას ვფიქრობო. ახლა არგენტინაში მივდივართ, შენ კი „ლოკომოტივში“ ივარჯიშე და რომ ჩამოვალთ, შეგხედავო, თავიდან მიშორებდა. „ლოკომოტივში“ რა მესაქმება, მე თქვენთან თამაში მსურს, თორემ კიევიდან ლობანოვსკი ყოველ დღე მირეკავს, მაგრამ თქვენ ჩემთვის იდეალური მწვრთნელი ხართ-მეთქი, ესეც დავუმატე. შევატყვე ესიამოვნა. ზედმეტი წონა რამდენი გაქვსო, მკითხა. 4 – ვუპასუხე, არადა, 8 კილოთი ვარ დამძიმებული. კარგი, დუბლებში ივარჯიშე ჩვენი არგენტინიდან ჩამოსვლამდეო, ბოლოს მითხრა.

„სპარტაკის“ სამხრეთ ამერიკაში ყოფნისას, მე მოსკოვში დღეში სამჯერ ვვარჯიშობდი, მოვინდომე, თავს შევატყვე, რომ მაგარ ფორმაში ვარ. ჩამოვიდა „სპარტაკის“ ძირითადი და დუბლები გავეჯიბრეთ. 6:2 მოვუგეთ, 4 გოლი მე შევაგდე, ორიც სხვას გავატანინე. თამაშის მერე ბესკოვის მიბარებს და მეუბნება – играеш, как Стенли Метьюз. მივხვდი, უკვე „სპარტაკის“ ფეხბურთელი ვარ. ბესკოვის მადლიერი ვარ, მან მაგრძნობინა ჩემი ძალა, ფეხბურთელობა.

– „სპარტაკთან“ ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც გახდით…

– ჰო, გავხდი. ხალხი კი ამბობდა, ბესკოვმა ოქროს მედალი აჩუქაო. არადა, რა მაჩუქა, „სპარტაკი“ ფაქტობრივად, მე გავხადე ჩემპიონი. ბესკოვს კი ჩემი „სპარტაკში“ ყოფნის განმავლობაში ერთხელაც ვერ დავაძახებინე ჩემთვის – მესხი. სულ მეტიუზს მეძახდა, ასე მომმართავდა. ბოლოს ვუთხარი, არ მახსოვს იმ კაცის თამაში, მიშა დამიძახე-მეთქი. მაშინ გარინჩა ხარო, მითხრა და მერე ასე მომმართავდა…

საერთოდ, მატჩის წინ ბესკოვი ფეხბურთელებს რომ შეჰყრიდა და არიგებდა, მე ჩემს ოთახში ვიყავი. მერე დამიძახებდა, ამიყვანდა ოთახში, ჩამირთავდა ვიდეოს და გარინჩას თამაშებს მაყურებინებდა, ასე უნდა ითამაშოო. კიევში მატჩამდეც იგივე გააკეთა. კარგად მახსოვს, იმ დღეს კიევში კარიერაში საუკეთესოდ ვითამაშე.

არ მეგონა, კიევის „დინამოს“ სტუმრად თუ დავამარცხებდით. სტადიონზე მივედით, ავტობუსიდან ჩამოვდივართ და ვხედავ, გასახდელთან ბალტაჩა, ბალი, ბესონოვი და ჩელე დგანან…

– ჩელებაძეს რა უნდოდა?

– მეგობრობდა მათთან. ჩერნობილის კატასტროფა რომ მოხდა, ჩელებაძემ ექვსი უკრაინელის ოჯახი ქობულეთში წაიყვანა და რამდენიმე თვე თავისთან აცხოვრა, კაპიკი არ დაახარჯვინა… ჰოდა, ჩელემ დამიძახა, მივედი, მივესალმე და კიეველთა გასაგონად მეუბნება – მიშა, „დნეპრმა“ 300 ათასი მანეთი ჩამოიტანა, აგერ, ბესონოვს მისცეს, ამან კი ფეხბურთელებს უკვე დაუნაწილა, „დნეპრს“ მსაჯიც გამაზული ჰყავსო…

საქმე ის იყო, კიევში რომ ვერ მოგვეგო, ჩემპიონი „დნეპრი“ ხდებოდა. კოჭებს გაუფრთხილდი, ტყუილად ტრავმა არ მიიღო, ყველაფერს წინასწარ გეუბნებიო. დანარჩენებმაც თავი დაუქნიეს. თავში სისხლი ამივარდა, კინაღამ გავგიჟდი. ერთი წელი იმიტომ ვიწვალე, ვიღაც-ვიღაცებმა ჩემპიონობა იყიდონ-მეთქი, გავიფიქრე. კაცი არ ხარ მიშა – ვეუბნები თავს – მიდი ახლა, უჩვენე სეირი კიეველებს-მეთქი. გავედი მინდორზე და… 1:0 მოვიგეთ, ჩერენკოვმა ჩემი ჩაწოდებულით გაიტანა ერთადერთი გოლი. ბესკოვმა კი თამაშის შემდეგ სულ სამ ფეხბურთელს დაუწერა ხუთიანი – მე, ჩერენკოვს და დასაევს. დანარჩენების თამაში ორიანით შეაფასა.

– მერე „დინამოში“ რატომღა დაბრუნდით?

– დამაბრუნეს. თბილისში რომ მოვდიოდი, ბესკოვმა მითხრა, პირველი ფეხბურთელი ხარ, ვინც „სპარტაკიდან“ ნებით მიდისო. ჩამოვედი „დინამოში“ და იგივე გამიკეთეს, რაც იქამდე.

გუნდი ალჟირში და გერმანიაში წავიდა მოსამზადებლად, მე კი დამტოვეს, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გიშვებსო, მეუბნებოდნენ. ასე გაგრძელდა დაახლოებით წელიწადნახევარი და სულ ჩავიქნიე ხელი. კიდევ გიმეორებთ – მე ფეხბურთი არ მათამაშეს!

ბადრი კეთილაძის ფოტო

– ხალხი რომ ახალ, დიდ მიშა მესხს ელოდა…

– ამდენი ხანი კიდევ ხალხის სიყვარულმა, პატივისცემამ მათამაშა. მე ზურგზე დიდი ტვირთი მეკიდა, მამაჩემი დიდი მიშა იყო. თუმც, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვარ. ყოფილა შემთხვევა, „დინამოს“ დუბლებში თამაშისას ხალხს ჩემს გამო ადგილი შეუცვლია, მაყურებელი ტრიბუნიდან ტრიბუნაზე გადამიყვანია. მაშინ კი დუბლების თამაშს 60 ათასი კაციც დასწრებია. მამის ხათრით კაცი ტრიბუნას ერთხელ, ორჯერ… ხუთჯერ გამოიცვლის. ორ წელიწადს ქომაგი ამას არ გააკეთებს. ეტყობა, დავიმსახურე.

– დაბოლოს, მიშა, 1977 წელი რომ იყოს და თქვენი კარიერა ახლა იწყებოდეს, რას შეცვლიდით?

– ყველაფერი ვიცოდე?

– დიახ…

– ბევრს… არა, თუ შევცვლიდი, რაღაც წვრილმანებს. ერთი ნაღდად ვიცი, „სპარტაკიდან“ არ წამოვიდოდი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ღამე, სამიდან ოთხის ნახევრამდე ბაზაზე ჩემი ოთახის კარი იღებოდა და ბესკოვის დავალებით მამოწმებდნენ, რამეს ხომ არ ეშმაკობსო. იცით, რას შევცვლიდი? ფეხბურთელობისშემდგომ ცხოვრებას. ბევრი შეცდომა დავუშვი. ამას პირველად ვამბობ.

მიხეილ მესხი თავის ყავისფერ „დობერმან პინჩერს“ მოეფერა, ამოიოხრა, გმადლობთო, გაგვიღიმა…

ამ კაცს დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა!

ჟურნალი „სარბიელი“. N2. 04.2000

 

წილი
წინა სტატიასეპარატისტი
შემდეგი სტატიაატარებს ყატარი?
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.