რასაც ქვემოთ მოგახსენებთ ჭორია, მაგრამ ის არაბულმა საიტმა Arabic Urgent-მა გერმანულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა და სადაც მის გავრცელებაში ამდენი ხალხი ჩარეულა, ბარემ ჩვენც ვთქვათ:

ყატარში, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობს, რის გამოც დიდი შანსია აზიურ ქვეყანას მასპინძლობა ჩამოართვან. ასახელებენ ორ სათადარიგო ვარიანტს: ინგლისსა და აშშ-ს. ორივე დღესვე მზადაა მუნდიალს უმასპინძლოს.

მოგეხსენებათ, ინგლისს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზეც ჰქონდა განაცხადი შეტანილი და 2022 წლის მუნდიალისთვისაც იბრძოდა, მაგრამ პირველ ჯერზე ყველას რატომღაც რუსეთმა აჯობა, მეორეზე კი ყატარმა. ფიფას არჩევანმა ორივეჯერ, მსუბუქად რომ ვთქვათ, დიდი გაკვირვება გამოიწვია. ინგლისის პროექტს დევიდ ბექემი და პრინცი უილიამი წარადგენდნენ.

როგორც კი ყატარმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო, ატყდა ხმაურიც, რომ ორგანიზატორები სტადიონების მშენებლობაზე იაფ უცხოელ მუშახელს ქირაობენ, რასაც თანამედროვე მონობა ეწოდა. მუშების უსაფრთხოება დაუცველია. იყო სამუშაოზე სიკვდილის შემთხვევები.

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების თარიღს, ვინაიდან ზაფხულში ყატარში აუტანლად ცხელა შეჯიბრება 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე პერიოდისთვის გადაიტანეს, რასაც ევროპის წამყვანი ლიგები დღემდე ვერ შეგუებიან.