– ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დონის გუნდში მომიწევს თამაში. უკვე შევხვდი მწვრთნელსა და თანაგუნდელებს, მათგან ყურადღება, ინტერესი ვიგრძენი და ვფიქრობ, ახალწვეულისთვის მთავარიც ეს არის, – გვითხრა 21 წლის გიორგი ხარაიშვილმა, ვისაც გიოტებორგში დავუკავშირდით. მან შვედეთის ყველაზე ტიტულოვან „გიოტებორგთან“ 1-წლიანი კონტრაქი გააფორმა 2.5 წლით გაგრძელების პერსპექტივით.
ხარაიშვილი გიოტებორგს „საბურთალოს“ აღმასრულებელ დირექტორ კახა კაშიასთან ერთად დილით ეწვია, ნაშუადღევს კი ახალ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და სათამაშო 22 – ნომრიანი მაისურა მიიღო.
– რაც თავისუფალი იყო, იმ ნომრებიდან 22 ყველას სჯობდა, ამიტომაც ავიღე ეს ნომერი, _ უთხრა „სარბიელს“ „გიოტებორგის“ ახალწვეულმა.
შვედეთში ჩემპიონატი აპრილში იწყება და გიორგის თითქმის ერთი თვე აქვს ახალ გუნდის ტაქტიკურ მონახაზში ადგილის დასაკავებლად. თუმც რაღა დასაკავებლად, შვედური გუნდის წარმომადგენლები ჩვენიანს, თურმე, მთელი ცხრა თვე აკვირდებოდნენ.
– „გიოტებორგის“ ინტერესზე კი ვიცოდი, მაგრამ მთალად ასე სწრაფად თუ მოგვარდებოდა ტრანსფერი, ნამდვილად არ მეგონა. მოულოდნელი იყო ჩემი გიოტებორგში წამოსვლა, თუმცა ახლა უკვე ამ სახელოვანი გუნდის ფეხბურთელი ვარ და ამათ იმედების გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებ,- ესეც გიორგის სიტყვებია.
საბურთალოს ლიდერის „გიოტებორგში“ ტრანსფერი ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. რა ხანია რომ პირდაპირ საქართველოს ჩემპიონატიდან ასეთ ტიტულოვან კლუბში ფეხბურთელი არ წასულა… აქ უკვე „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა გვიპასუხა:
– „საბურთალომ“ ამ ტრანსფერითაც დაადასტურა, რომ ჩვენთვის ფინანსურზე მთავარი, ფეხბურთელის ინტერესია. განვითარების ევროპულ გზაზე ვართ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. გიორგის წარმატებებს ვუსურვებთ.