ბავშვობაში ფეხბურთის ყურება რომ დავიწყე, შვედეთის „გიოტებორგი“ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი უცხოური გუნდი იყო. დავით ქლიბაძის გადაცემებითა და უცხოური ჟურნალებიდან ვიცოდი ეს კლუბი, ლურჯი შორტებით, თეთრ-ლურჯი კომბინირებული მაისურით და სწრაფი ფლანგელებით.
მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ „გიოტებორგში“ ქართველი ფეხბურთელი გადავიდოდა?! იმ დროს ხომ საბჭოეთის მიღმა წასვლა წარმოუდგენელი იყო.
21 წლის ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი „საბურთალოდან“ გადავიდა შვედეთის ყველაზე პოპულარულ კლუბში, რომელიც 18-გზის ჩემპიონია, 7-ჯერ ქვეყნის თასი აიღო და რაც მთავარია, ორჯერ – უეფას თასი. ეს შორეულ 1982 და 1987 წლებში. ჩემპიონთა თასის ფინალთანაც ორჯერ იყო ახლოს, მაგრამ ნახევარფინალში ერთხელ „ბარსელონამ“ გამოაგდო, მეორედ კი „მილანმა“.
დღეს? ჩავარდნილია, ძველის აჩრდილიღაა . „ბოსმანის წესმა“ ეს კლუბიც დააპატარავა და ისტორია დაუტოვა. 1996 წლიდან მოყოლებული (ხარაიშვილი ამ წელს დაიბადა), მხოლოდ ერთხელ გახდა შვედეთის ჩემპიონი, ისიც თერთმეტი წლის წინ.
ხარაიშვილის მიმართ სხვა გუნდებიდანაც იყო ინტერესი, მაგრამ ეტყობა, ის ვარიანტი შეირჩა, სადაც ფეხბურთელს თამაშის პრობლემა არ ექნება. სწორია. წინ უდევს მაგალითები, როგორ დარჩნენ უცხორ სკამზე მისი თანატოლი ქართველები.
„რობი“ (ხარაიშვილის მეტსახელი) მარნეულში დაიბადა და გაიზარდა, „ოლიმპსა“ და „საბურთალოში“გაიზარდა. საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და უცხოეთში წასასვლელმა დრომაც უწია.
აი, „საბურთალოს“ კი მაგრად დაეტყობა „რობის“ არყოფნა, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია, რომ ფეხბურთელი ახალ გარემოში გავიდეს. შვედეთიდან კი ყველაზე ხშირად ჰოლანდიაში, გერმანიასა და იტალიაში მიდიან.