გუნდს სევილიაში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზე გაყვნენ და… იქაც კი თანაქალაქელების გაღიზიანებაზე ფიქრობდნენ. „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებზე მოგახსენებთ, რომელთაც „სანჩეს პისხუანზე”, ჯერ სტადიონის გარეთ და მერე ტრიბუნაზე შემოსძახეს სიმღერა-პაროდია „უილ გრიგი ცეცხლის ხაზზეა”.

უილ გრიგი

ახლა მოგახსენებთ რა სიმღერაა ეს და ვინ არის უილ გრიგი. უილ გრიგი 26 წლის ჩრდილო ირლანდიელი ფეხბურთელია, რომელიც „უიგანში” თამაშობს, რომელმაც 19 თებერვალს „მანჩესტერ სიტის” კარში გოლი გაიტანა და „ქალაქელები” ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასიდან გააგდო. რაც შეეხება სიმღერას, მავანმა იუთუბერმა, შონ კენედიმ გადააკეთა გალას ცნობილი Freed From Desire და ინტერნეტში ნახვების დიდი რაოდენობა დააგროვა. შემდგ, ეს პაროდია ლონდონურმა ჯგუფმა „ბლონდიმ” სტუდიაშიც ჩაწერა, „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები კი სიხარულისგან გადაირიენ. პაროდიის ტექსტი ასეთია: „ის გაიტანს გოლებს. ის გაიტანს მეტს და მეტს. ის გაიტანს გოლებს და სწორედ ამიტომ ვიყიდეთ. უილ გრიგი ცეცხლის ხაზზეა, თქვენი დაცვა კი ტერორიზებულია”.

ჩრდილო ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელებმა ამავე სიმღერის თავისი ვერსია ჩაწერეს.

სევილიაში, „სანჩეს პისხუანზე” შესვლამდე, „იუნაიტედის” ფანებმა მღერით გული ხომ იჯერეს, მაგრამ უფრო სასეირო ამბავი სტადიონზე მოხდა, როდესაც ესპანელმა დი ჯეიმ, რომელიც სავარაუდოდ ინგლისური ამბების აზრზე არ იყო, გალას Freed From Desire დაუკრა. ადვილი წარმოსადგენია რა ამბავი ატყდა მანჩესტერელთა ტრიბუნაზე. დაიწყეს და აღარ მორჩნენ.

ამ მხიარულების ფონზე ლიგის მერვედფინალური მატჩიც ჩატარდა. „სევილიამ” და „იუნაიტედმა” 0:0 ითამაშეს.

და ბოლოს, კიდევ ერთი სახალისო ამბავი. 2014 წელს, როდესაც გრიგი „დონზში” თამაშობდა „დონზმა” კი ლუი ვან გაალის „მანჩესტერ იუნაიტედს” 4:0 მოუგო, ოთხიდან ორი გოლი ჩრდილო ირლანდიელმა გაიტანა. როგორც ჩანს უილ გრიგი მართლა ცეცხლის ხაზზეა.