ყურადღებას მიაქცევდით, ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების გაშუქებისას ყინულის სახეობათა მეფეზე დღემდე კრინტი არ დაგვიძრავს. მე, თქვენ, ჰოკეის ყველა ქომაგი, შარშან, 3 აპრილს გავბრაზდით და ოლიმპიადაზე შაიბიანი ჰოკეის მხურვალე საქომაგო გულით და მაქსიმალური ყურადღებით ჭვრეტის სურვილი გაგვინახევრდა. ბევრი იმსჯელეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ყინულის ჰოკეისა საერთაშორისო ფედერაციისა და ნაციონალური ჰოკეის ლიგის, იგივე ენ-ეიჩ-ელის ფუნქციონერებმა ამ უკანასკნელში მოთამაშე ვარსკვლავთათვის არდადეგების გამოწერასა და პიონგჩანგში მივლინებაზე, მაგრამ ამ საქმიდან ლიტერატურულად გამართული პრეს-რელიზების გარდა ხეირიანი არაფერი გამოვიდა.
“სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ნაციონალური ჰოკეის ლიგის მოთამაშეთა კომფორტისთვის 14 მილიონი დოლარი დავხარჯეთ – დაიჩივლა სოკ-მა – ამჯერად ანალოგიური თანხის გასაღებად მზად არ ვართ”.
“ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, რომ ჰოკეისტების დიდი ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, კარები ღია გვქონდა პროცესში მონაწილე ყველა მხარისთვის – დახვეწილობის ნიმუშს წარმოადგენდა ნაციონალური ჰოკეის ლიგის მენეჯმენტი – მრავალი თვე გავიდა, ნამდვილი დიალოგი კი ვერ შედგა. მიმდინარე ეტაპზე ჩვენი მხრიდან ვადასტურებთ, რომ საკითხი დახურულია – ლიგის ჰოკეისტებისთვის საოლიმპიადე არდადეგები აღარ იქნება”.
წყლის ნაყვის შემდეგ აშშ-მ და კანადამ საოლიმპიადე ნაკრებები ძალ-ღონით მეორე, ამერიკის ჰოკეის ლიგის ჰოკეისტებით დააკომპლექტეს, რომელიც, ოფიციალურად არ ამბობენ, მაგრამ “ენ-ეიჩ-ელის” ფარმ-კლუბთა სარბიელია და მეტი ბევრი არაფერი. “მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო” – იუწყება ქართული ანდაზა და ჩვენც, ნაგანოს ოლიმპიადიდან მოყოლებული, ზედიზედ ხუთ ოლიმპიადაზე მიგვაჩვიეს ვარსკვლავთა ყურებას და გულიც ამიტომ უფრო დაგვეჩაგრა, თორემ რას ვერჩით რუსთაგან მართულ კონტინენტურ ჰოკეის ლიგას ასევე არაერთი ვარსკვლავით, ან თუნდაც შვედეთის ჰოკეის ლიგას, გერმანიის ყინულის ჰოკეის ლიგას, ჩეხურ ექსტრალიგას ან თუნდაც სლოვაკურ ტიპსპორტ ლიგას და ფინურ ეს-ემ-ლიგას, რომელთაც უშურველად გამოგზავნეს პიონგჩანგში თავიანთი ხალხი და არაერთი რიგიანი თამაშის მოწმეც გაგვხადეს. და მაინც, ეს ის არ იყო…
რაც მოგახსენეთ, სულ ვაჟთა ჰოკეის ეხებოდა. ქალთაგან კი პიონგჩანგში უძლიერესები ჩავიდნენ და სულო ცოდვილო, მათი ენთუზიაზმი ხშირად ვაჟებისას სჭარბობდა. პირდაპირ ბრინჯაოს მედლის ამბით დავიწყოთ, სადაც გუშინ ფინეთმა 3:2 მოუგო ოლიმპიურ ათლეტებს რუსეთიდან. ჯგუფურ ეტაპზე ყველასგან უღმერთოდ ნაგვემმა (კანადასთან 0:5, აშშ-სთან 0:5, ფინეთთან 1:5) რუსის გოგოებმა ერთიც ვნახოთ და მეოთხედფინალში იმავ ჯგუფური ეტაპის სამივე თამაშის მომგები შვეიცარია სახლში გაუშვეს (6:2) და გულში იმედის სხივი აუჭიატდათ, მაგრამ ნახევარფინალში კანადისგან ისევ ხუთი უპასუხო შაიბა მიიღეს და ფინეთს კი ბრინჯაოსთვის მაგრად დაუდგნენ. მესამე პერიოდში ლიუდმილა ბელიაკოვამ ანგარიში მინიმუმამდე რომ შეამცირა, ისე ჩანდა, რომ რუსებმა თავიანთი თამაში იპოვეს, თუმც დარჩენილ 14 წუთში მოედანზე ცეცხლი ენთო, მაგრამ ანგარიშს არაფერი დასტყობია.
აშშ-კანადის ფინალი კი კლასიკური რომანივით სანაქებო გამოდგა: პროლოგით (აშშ-ს ნაკრების მიერ შეგდებული პირველი გოლი პირველი პერიოდის ბოლო წუთზე), კვანძით (კანადელთა ორმაგი პასუხი მეორე პერიოდში), კულმინაციით (ანგარიშის გათანაბრება მესამე პერიოდში) და კვანძის გახსნით (ბულიტების სერია, ჟოსლინ ლამოროს მიერ სანიმუშოდ გაბითურებული კანადელთა მეკარე და ბოლო კანადური ბულიტის ამაო ცოცვა კარის ხაზის გადასაკვეთად). ეპილოგში ამერიკელები ბედნიერებისგან კიოდნენ და კანადელთა გულწრფელი ცრემლებიც მოხვდა აქა-იქ ობიექტივში.

სხვა ამბებიდან სამთოსათხილამურო სლალომმა გაგვაკვირვა ერთგვარად:მარსელ ჰირშერს თავის “მშობლიურ” დისციპლინაში ფეხი აუცდა და ოქროს მედლისთვის დიდი ბრძოლა გაჩაღდა. პრინციპში, სამივე მედალი სამთოთხილამურობაში აღიარებულ სპორტსმენებს დარჩათ, რომლებიც მსოფლიო თასზეც ურიგო შთაბეჭდილებას არ ტოვებენ, მაგრამ უჰირშერო სლალომის პოდიუმი მაინც ოდნავ შეუხედავი გამოვიდა.
ქალთა სწრაფდაშვება კი, ყოველგვარი სენსაციის გარეშე, მსოფლიო თასის ლიდერმა, იტალიელმა სოფია გოჯამ მოიგო.

21და 22 თებერვლის ტექნიკური შედეგები:
- სამთოთხილამურობა (ქალები, სწრაფდაშვება). 1. სოფია გოჯია (იტალია); 2. რანილდ მოვინკელი (ნორვეგია); 3. ლინდსი ვონი (აშშ)
- სამთოთხილამურობა (ვაჟები, სლალომი). 1. ანდრე მირერი (შვედეთი); 2. რამონ ცენჰაუზერნი (შვეიცარია); 3. მიხაელ მატი (ავსტრია)
- სამთოთხილამურობა (ქალები, კომბინაცია, სლალომი). 1. მიხელ გიცინი (შვეიცარია); 2. მიკაელა შიფრინი (აშშ); 3. ვენდი ჰოლდენერი (შვეიცარია)
- ბიათლონი (ქალები, 4×6 კმ ესტაფეტა). 1. ბელარუსი; 2. შვედეთი; 3. საფრანგეთი
- თხილამურობა (ქალები, თავისუფალი, გუნდური სპრინტი). 1. აშშ; 2. შვედეთი; 3. ნორვეგია
- თხილამურობა (ვაჟები, თავისუფალი, გუნდური სპრინტი). 1. ნორვეგია; 2. ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან; 3. საფრანგეთი
- სათხილამური ორჭიდი (ვაჟები, გუნდური). 1. გერმანია; 2. ნორვეგია; 3. ავსტრია
- ფრისტაილი (ვაჟები, კროსი). 1. ბრედი ლემანი (კანადა); 2. მარკ ბიშოფბერგერი (შვეიცარია); 3. სერგეი რიძიკი (ოლიმპიური ათლეტი რუსეთიდან)
- ფრისტაილი (ვაჟები, ჰაფპაიპი). 1. დევის უაიზი (აშშ); 2. ალექს ფერეირა (აშშ); 3. ნიკო პორტეუსი (ახალი ზელანდია)
- სნოუბორდი (ქალები, ბიგეარი). 1. ანა გასერი (ავსტრია); 2. ჯემი ანდერსონი (აშშ); 3. ზოი სადოვსკი სინოტი (ახალი ზელანდია)
- ციგურაობა (ქალები, გუნდური, გამოდევნებით). 1. იაპონია; 2. ჰოლანდია; 3. აშშ
- ციგურაობა (ვაჟები, გუნდური, გამოდევნებით). 1. ნორვეგია; 2. სამხრეთ კორეა; 3. ჰოლანდია
- შორტ-ტრეკი (ვაჟები, 500 მ). 1. დაიჯინგ ვუ (ჩინეთი); 2. დეჰეონ ჰვანგი (სამხრეთ კორეა); 3. ჰიოჯუნ ლიმი (სამხრეთ კორეა)
- შორტ-ტრეკი (ქალები, 1000 მ). 1. სუზანე შულტინგი (ჰოლანდია); 2. კიმ ბუტინი (კანადა); 3. არიანა ფონტანა (იტალია)
- შორტ-ტრეკი (ვაჟები, 5000 მ ესტაფეტა). 1. უნგრეთი; 2. ჩინეთი; 3. კანადა
- ბობსლეი (ქალები). 1. გერმანია; 2. აშშ; 3. კანადა