ზამთრის ოლიმპიადა სრულდება. ჩვენს დროში და ჩვენს ქვეყანაში ეს არცთუ პოპულარული სანახაობაა. ხალხი დიდად არ ინტერესდება ოლიმპიური თამაშობათა ცქერით. პრინციპში, რომც დაინტერესდეს, შუქი არა აქვს და უეჭველად სადმე დვიჟოკირებულ ადგილას უნდა წავიდეს, ვთქვათ, ფიგურული სრიალის საყურებლად.

მაგრამ დღეს სხვა დროა. განა ვინმეს ფიგურული სრიალი ახსოვს?

უეინ გრეცკი

არადა, იყო სხვა დროც. სანამ რუსთა ხელქვეით ვიყავით, ფიგურული სრიალიც ძალიან გვიყვარდა და მე პირადად სკოლაც გამიცდენია, რომ სტენმარკისთვის მეყურებინა. იმ სხვა დროში თეთრი ოლიმპიადაც ჩვენი იყო, რადგან ზამთრის ქვეყნის ყმა-გლეხები ვიყავით. მაშინ ზამთრის ოლიმპიადას თავისი ჯიგარი ჰქონდა. ფიქრიანი კაცი, როგორც სხვა, ზაფხულის ამბავს, ისე უყურებდა თეთრ თამაშებს. უპირველესი სიხარული და აღტაცება ხომ ის იყო, რომ მავანი დევგმირი ბოლშევიკთა ფალავან სპორტსმენებს დაამარცხებდა. აბა, არ გავიხსენოთ ჯეინ ტორვილი და კრისტოფერ დინი?

ანდა ის შაბათი დღე, ის ლეიკ პლესიდი, ამერიკელმა სტუდენტებმა რომ მთელი წითელი არმია დასცეს ყინულზე და ჰოკეის ოქრო მოიგეს? ასე მგონია, რომ ის თამაში დაუვიწყარი და განუმეორებელია. თან რა დრო იყო – სულ იარაღს აჟღარუნებდნენ. „სავეცკი სპორტში“ რუსთა ნაკრების შემადგენლობა იყო დაბეჭდილი და ყოველი მოთამაშის გვარის გასწვრივ ეწერა – „ვოენოსლუჟაშჩი“. აი, ეგეთი დრო იყო – ჩვენი ჰოკეისტები მოთამაშენი კი არა, სამხედროები არიანო. ჰოდა, აი, ამ სამხედროებს საგამოცდო წიგნაკებით მორბენალმა ბიჭებმა მოუგეს…

ეჰ, კარგი იყო!

მაგრამ ის დრო ხომ წავიდა, პოლიტიკური ამბავი დაიკარგა. ვისაც ყვანჯი უვარგა, ყველა კანადაშია. რუსიც და არარუსიც. მოდი ახლა და დაიჭირე მუღამი. თუმცა, მთლად ასეც არ არის საქმე. ნაგანო ნაღდი, მოვლენებით მდიდარი სპორტული ღონისძიებაა და თუ კაცს ზამთრის თამაშები უყვარს, არ მოიწყენს. უფრო კარგიც კია, რომ ის საბჭოეთი არ არის და იმ სპორტს ისე უყურებ, უბრალო სპორტული ქომაგობით.

ნაგანოში კი მრავალი შთამბეჭდავი მოვლენა გათამაშდა.

თუნდაც ეს ახალბედა სნოუბორდი რად ღირს? თავზეხელაღებული ქუჩის ბიჭები რომ მიიყვანა ოლიმპიურ კვარცხლბეკამდე. ანდა, ფიგურული სრიალი, ანდა ეს ყბადაღებული ტამპა და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი რამ. ფრისტაილიც კი ყურადსაღები რამ შეიქნა, რადგან მასში გამორჩეული ხასიათის და ოსტატობის ხალხი მონაწილეობს.

ანდა, ჰოკეის ტურნირი აიღეთ. ოლიმპიადებზე არასოდეს ყოფილა ასეთი შემადგენლობა და ძნელი სათქმელია, კიდევ როდის იქნება. ყველა აქაა უეინ გრეცკის თამადობით და ოქროსაც განსაკუთრებული ფასი აქვს.

დაჯექი და უყურე.

მაგრამ სად და როდის? ვლადიკავკაზში ხომ არ წახვალ შუქის საძებნელად.

ნაგანოს თეთრი მზე მალე ჩავა და ჩვენ მორიგი გაცდენილი თეთრი ოლიმპიადა შეგვრჩება ხელში. გაცდენილი ოლიმპიადა და გაზეთში ნაძებნი ცხრილები. სილამაზე და სანახაობა კი ნურას უკაცრავად. თან – ეს ნაგანო ისეთ შორეთში მდებარებს. რომ იქ რომ დილაა, ჩვენთან შუადღე გამოდის და დიდი ამბები ვეღარაფერი თავსდება საღამოს 8-სა და 12 საათს შორის. ოლიმპიადა კარგი, მაგრამ როგორ მოითმენ და ფეხბურთს არ ახსენებ? ევროთასები ახლოვდება, გარშემო კი ბნელა. ოთხშაბათ დღეს მაინც ხომ უნდა ჩაუჯდე თამაშს…

თუმცა, ასეთ ლაპარაკს აზრი არა აქვს.

ისევე ჯობს გვახსოვდეს, რომ არის ასეთი რამ – ზამთრის ოლიმპიადა, სპორტის დიდი ზეიმი, რომელიც მაყურებელს სიხარულს ანიჭებს. იქ, სადღაც, უხარიათ, თოვლში მოთამაშეებს რომ უცქერენ.

21.02.1998

წილი
წინა სტატიანახევარჰოკეი
შემდეგი სტატიამე შენ გაჩვენებ, ვინ არის უფროსი!
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.