ზურაბ მენთეშაშვილმა კარიერა დაასრულა. ის ქართული მასშტაბითაც არასოდეს ყოფილა ვარსკვლავი და თვითონაც არასოდეს ჰქონია პრეტენზია, მაგრამ შეუპოვარი, ბოლომდე მებრძოლი და გუნდისთვის საჭირო კაცი იყო. გუნდისთვისაც და ნაკრებისთვისაც, სადაც 38 მატჩი მოაგროვა და ერთი გოლიც გაიტანა. სომხეთთან, 2:1 ამხანაგურში გადამწყვეტი მან შეაგდო.

„მენთეშა“ ჩუმი და მოკრძალებული კაცია. ვერ იტანს მოედანზე უქმად დგომასა და პრანჭვა-გრეხვას. ერთხელ, მახსოვს, „საბურთალოს“ სკოლაში 13-14 წლის ბიჭზე უთხრა მწვრთნელს, ცოტა ჭკუა ასწავლე, ბრექია და ეგ კარგს არაფერს მოუტანსო.

ბოლოს ის თბილისის „ლოკომოტივში“ იყო, შარშან დუბლებში თამაშობდა და 17-18 წლის ბიჭებს ედგა გვერდში. არ ვიცით, ვინ როგორ, მაგრამ თუ მოინდომებდა ახალგაზრდა, მისგან ბევრს ისწავლიდა.

რუსთავში დაიბადა და იქ გაიზარდა. წვალობდა, რომ თბილისში ფეხბურთზე ევლო. მაგრამ დღევანდელი ქართველი ბავშვებისა და ჭაბუკებისგან განსხვავებით, მას ჰყავდა მისაბაძი მაგალითები. იქ იყვნენ ქინქლაძე, არველაძეები, ჯამარაული, ნემსაძე, ცოტა მერე კალაძე, კობიაშვილი, იაშვილი…

„მენთეშას“ ტიტულებიც აქვს. ჯერ მარტო ლატვიის რვაგზის ჩემპიონია. ნაკრებში კი ყველაზე მეტად კლაუს ტოპმიოლერი და ექტორ კუპერი ენდობოდნენ. მეტიც, მაშინდელი ფორმაციის ნაკრებისთვის შეუცვლელი საყრდენი იყო.

38 წლისაა, თამაშს თავი დაანება და მწვრთნელობაზე გადაერთო. „საბურთალოს“ დუბლებში რეზო გოცირიძის დამხმარეა.