ინტერვიუს პირველი ნაწილი იხილეთ 17 თებერვლის მასალაში.

 

ბადრი კეთილაძის ფოტო

რატომ არ გათამაშებდათ? ერთხელაც არ გიკითხავთ?

– რა აზრი ჰქონდა კითხვას. რა გიპასუხოთ, არც ვიცი. ყოველთვის ერიდებოდა ძირითადში ექვსი–შვიდი თბილისელის დაყენებას. სამ–ოთხს კიდევ ეგუებოდა, მეტს ვერა. დიქტატორობა უნდოდა, თერთმეტ თბილისელთან არ გამოუვიდოდა.

იქნებ ყველაფერი თქვენი ხასიათის ბრალი იყო? მახსოვს ერთხელ გურამ ფანჯიკიძემ გკითხათ, შენზე ამბობენ

– თავხედიაო?

ჰო, ასე ეწერა.

– მაშინ მე ვუპასუხე, რომ ვინც კარგად მიცნობს, ამას არ იტყვის, არც იფიქრებს–მეთქი. 23 წლის ვიყავი და ხალხს ჩემი ყველაფერი აინტერესებდა. ახლა 40–ს მივუკაკუნე, ვისაც რა აინტერესებდა, ალბათ, გაიგო, თუ არადა, ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავენ, მაშინ გაიგებენ ვინც ვარ. იცით, მე გუნდში ყველას ვუყვარდი, პირში მთქმელი ვიყავი და ახლაც ასეთად დავრჩი. მიდით, თენგიზ სულაქველიძეს, შოთა ხინჩაგაშვილს ჰკითხეთ, რას გიპასუხებენ, მე ორივესთან მიჩხუბია. არც უზრდელურად მოვქცეულვარ მათ წინაშე, არც თავხედურად, ყოველთვის სამართლიანი კაცი ვიყავი.

მიშა, ალალად მითხარით

– აბა, სახვანაირად როგორ გითხრათ?

რა ვიცი, აბა… (ენა დამება, როგორ მეკითხა იმას ვფიქრობდი. სიჩუმე ჩამოვარდა, ბოლოს, პირდაპირ ვეტყვიმეთქი და… მიშამ თავად გააგრძელა)

– 1977 წლიდან 81–მდე ვსვამდი, სიგარეტსაც ვეწეოდი, სხვა რამეებსაც ვაკეთებდი, დასამალი რა მაქვს, მაგრამ მერე, ხალხის ტაში რომ გავიგე, გავიგე ისევ მიშა მესხს ელოდნენ, თქვენი ნებაა დამიჯერებთ, არ დამიჯერებთ, 82–დან 89–ის დამდეგამდე სპორტული რეჟიმი სერიოზულად არ დამირღვევია. მატჩის მერე ბიჭები რესტორანშიც დავდიოდით, ქალებთანაც, მაგრამ ეს არცაა სათქმელი, ასე იქცევა ფეხბურთელთა უმეტესობა. თამაშის მერე თავისუფალი ხარ. და სწორედ მაშინ, სიგარეტის დანახვაზეც რომ ალერგია მქონდა, ჩემზე ამბობდნენ, კაიფობსო. არც სხვა ათას სისულელეს მაკლებდნენ. ვერ ვიტყვი, რომ დისიდენტი ვიყავი, მაგრამ მთელი საფეხბურთო კარიერა კომუნისტების, მათი რეჟიმის შაყირში გავატარე. ,,დინამო“ კი, ალბათ იცით, შინაგან საქმეთა საინისტროს გუნდი იყო. ჰოდა რამეს რომ ვიტყოდი, გაბერავდნენ, გააზვიადებდნენ და სამინისტროს უფროსობამდე ასე მიჰქონდათ ნათქვამი. კომუნისტების დროს კი, რად უნდა თქმა, თუ გეცინებოდა, ვერ გაიცინებდი, უნდა გეტირა, თუ გეტირებოდა, პირიქით, მათ დასანახად რომ გაგეღიმა, კარგი ბიჭი იქნებოდი. მე კი ეს არ შემეძლო, არც მამაჩემს. მე პოპულარული ვიყავი და ამას ვერ იტანდნენ, სულ მათ ვაქილიკებდი, ამიტომაც არ მათამაშეს დიდი ფეხბურთი. შუა გზაზე გამაჩერეს, მამაჩემი – ვერა. მან მეტეორივით გაიბრწყინა და ვეღარ ჩააქრეს, მე ანთების საშუალება აღარ მომცეს. მამაჩემს 1966 წელს მაინც დაანებებინეს ფეხბურთისთვის თავი, ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ არ წაიყვანეს. მერე სამი წელი ისე, ინერციითღა ითამაშა. ცოტა სხვა თემაზე გადავედი, მაგრამ, რისი ბრალია დიდი ფეხბურთი რომ ვერ ითამაშეო, როცა მეკითხებით, რა გიპასუხოთ არ ვიცი. ბევრჯერ მითქვამს, ეგებ კაგებეს ხელი ურევია–მეთქი და ამაზე ხალხს გასცინებია. მე კი სულაც არ გამოვრიცხავ.

ბადრი კეთილაძის ფოტო

ერთ მაგალითს მოგიყვებით და თავად განსაჯეთ. რომელი წელი იყო აღარ მახსოვს, კიევში ვიყავით თამაშზე, რომ მითხრეს – შენ, გრიშა ცაავა და დავით პაიკიძე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში ხართ გამოძახებულნიო. ჩავსხედით თვითმფრინავში, თბილისში მოვფრინავთ, ცაავასა და პაიკიძეს ვერსად ვხედავ. ვეკითხები გუნდის ერთ–ერთ ხელმძღვანელთაგანს, სად არიან–მეთქი. მოსკოვში წავიდნენ, ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზეო, მპასუხობს. მერე მე? მეც ხომ გამომიძახეს? – შევუბრუნე. შენ არავის გამოუძახებიხარ, ვიღაც–ვიღაცეების ნათქვამს ნუ იჯერებ – ლამის იყო თითი დამიქნია იმ კაცმა. რაღა გაეწყობოდა, ჩამოვედით თბილისში. შევდივარ ახალკაცთან ოთახში – ნაკრებში რომ მიმიწვიეს რატომ არ მითხარით – ვეკითხები ქაღალდებში თავჩარგულ მწვრთნელს. არავის მიუწვევიხარო, თავი არც აუწევია, ისე მითხრა. გამოვედი ოთახიდან და ეს ყველაფერი უფროს მეგობარს ჯემალ ჩიმაკაძეს ვუთხარი.

წავიდა ჯემალი სპორტკომიტეტში, ჩემი ნაკრებში გამოძახების დამადასტურებელი ფურცელი მომიტანა, აჰა, მიდი ,,ფარსადანოვიჩს“ აჩვენეო. გამოვართვი და ახალკაცს შევუტანე. ეს რა არის–მეთქი, ფურცელი მაგიდაზე დავუდე. ვა, ყოფილაო, ვითომ გაიკვირვა და ადმინისტრატორს დაუძახა, გაუშვი მოსკოვშიო. წავედით აეროპრტში, მაგრამ იმდენი გააკეთეს, ბილეთი ვერ ამიღეს, არადა, მოსკოვში თითქმის ყოველ საათში დაფრინავდა თვითმფრინავი.

ისევ ჯემალ ჩიმაკაძემ იყოჩაღა და როგორც იქნა, ბოლო რეისით გავფრინდი. თბილისში მითხრეს, ნაკრების შეკრება ნოვოგორსკშიაო. ჩავედი ნოვოგორსკში, დარაჯმა, სასტუმრო ,,სპორტში“ არიანო. გამოვბრუნდი უკანვე და სასტუმროში ღამის 3 საათზე მივედი. ახლა მიდი, მწვრთნელები დააჯერე ცაავასთან და პაიკიძესთან ერთად რომ არ ჩავსულვარ და შუაღამემდე არ ვერთობოდი. მოკლედ, ნიკოლაევს ერთი საათი ვუხსნიდი, რაც გამიკეთეს. ვეთამაშებით მაშინდელი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებს. პირველი ტაიმის შემდეგ ვაგებთ, 0:1–ია. მეორე ტაიმში შევედი მინდორზე. ორი გოლი გავიტანე, ერთიც ცაავას გავატანინე და მოვიგეთ. რამდენიმე დღეში ლენინგრადში ფინეთს ვეთამაშებით. ძირითადში არ დამაყენეს. ისევ მეორე ტაიმში მათამაშეს. ანგარიში კი სტუმრებისაა. მეუბნება ნიკოლაევი, ეს თამაში უნდა მოიგოო. ავხედე გაკვირვებულმა, ჩემთვის ვიფიქრე, მე რა ჯინი ვარ ბოთლში–მეთქი? საბოლოოდ წავაგეთ, იმის მერე ნიკოლაევი ალმაცერად მიყურებდა.

ყოველივე ამის შემხედვარე მამათქვენი რას ამბობდა?

– გიჟს ჰგავდა ცხონებული… (ამოისუნთქა, ასანთის კოლოფი ხელში დაატრიალა, მიიხედ–მოიხედა, სიტყვა მამაზე ჩამოვარდა, გაახსენდა) მართლა გიჟს ჰგავდა. იცოდა რომ მჩაგრავდნენ, იცოდა სათამაშებელი ვიყავი და უსამართლოდ მექცეოდნენ. თქმით კი არავის არაფერს ეუბნებოდა. რაც მახსოვს ერთი მითხრა, ,,დინამოს“ ანდრო ჟორდანია რომ წვრთნიდეს, შენ ჩემზე დიდ ფეხბურთს ითამაშებდიო. მამაჩემი, რაც ,,დინამოში“ ვიყავი, ბაზაზე ერთხელაც არ მოსულა. იქ მისი თანაგუნდელები, ვეტერანები თამაშობდნენ, მამაჩემი კი… დარწმუნებული ვარ, ჩემს გამო არ მოდიოდა, ახალკაცი, მგონი, ამაზე იბოღმებოდა.

„მესხის ფინტი“ დიდი მიხეილ მესხის შესრულებით

მამათქვენის თამაში გახსოვთ?

– არა, მხოლოდ მონაყოლით და ვიდეოკადრებით ვიქმნი წარმოდგენას. მაგარი ყოფილა. იცით, დიღომში აუზიანი სახლი გვაქვს და 52 წლის კაცი მეორე სართულზე, ადგილიდან ახტებოდა, დაახლოებით მეტრიან მოაჯირს ხელ–ფეხს არ შეახებდა და აუზში ისე ხტებოდა. მერე ვფიქრობდი, ამხელა კაცი რომ ამას აკეთებს, ფეხბურთელობისას რაღას იზამდა–მეთქი. ძალიან სხარტი იყო. მცველს როგორ უნდა წაერთმია ბურთი, ეგ მიკვირს.

მიშა, ვიდრე ,,სპარტაკშიგადასვლაზე კითხავდეთ, ის მიპასუხეთ, ბესკოვს მამათქვენთან რატომ ჰქონდა ცუდი ურთიერთობა?

– ცუდი ურთიერთობა? ბესკოვი შოვინისტი იყო. მარტო მამაჩემს კი არა, ქართველებს ვერ იტანდა.

თუ არ ვცდები, „დინამოდან“ 1986 წელს გაგიშვეს…

– გამიშვეს კი არა, გამაგდეს.

– რატომ გაგაგდეს?

– საბჭოთა სპორტსმენისთვის შეუფერებლად მოიქეციო.

– არ მოგვიყვებით?

გულიანად გაიცინა, ნაბანს გადამაყოლესო, თქვა და განაგრძო

– შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა შოთა გორგოძემ ახალკაცის გუნდიდან გაშვება მოინდომა. ბაზაზე სამინისტროს თანამშრომლებმა ნუკრი კაკილაშვილი და მერაბ ჟორდანია ნახეს, უთხრეს, ცენტრალურ კომიტეტში ყველაფერი იციან, უბრალოდ, ხალხის გაღიზიანება არ უნდათ და თქვენთან დაგვაბარეს, თანაგუნდელები საქმის კურსში ჩააყენეთ და თქვენვე, ფეხბურთელებმა თქვით, ახალკაცი წავიდესო. ის დროა, „დინამო“ კრიზისიდან გამოდის და ევროტურნირის საგზურისთვის ვიბრძვით. მითხრეს თანაგუნდელებმა, რომ ახალკაცის გაშვებაზეა ლაპარაკი. ვუპასუხეს, სადაც თქვენ, მეც იქ მიგულეთ-მეთქი. აბა, ჩემზე მეტად ვის უნდოდა ახალკაცის გუნდიდან წასვლა? ძირითად შემადგენლობას არც კი მაკარებს. ერთი დღეც არის და გუნდის ახალგაზრდები შევიკრიბეთ, სპორტკომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეს ნუგზარ ენდელაძეს ვესტუმრეთ. ვსხედვართ მის კაბინეტში და 15 წუთი ხმას კაციშვილი არ იღებს. ბოლოს ავდექი, ენდელაძეს ყველაფერი ვუთხარი: გადაირია კაცი, ახლავე ცეკაში დავრეკავო…

ჟურნალი „სარბიელი“. N2. 04.2000

გაგრძელება იხილეთ შაბათის, 24 თებერვალის მასალაში.

წილი
წინა სტატიაბუსკეტბოლი!
შემდეგი სტატიაასენსიოს რიგი უდგას
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.