„ჩელსისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში ბურთს სტუმრები მასპინძლებზე გაცილებით მეტხანს ფლობდნენ. პროცენტებში ეს ასე აისახა: „ბარსა” — 68%, „ჩელსი” — 32%. კაცმა რომ თქვას, ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, რადგან „ბლაუგრანას” თამაში სწორედ ბურთის კონტროლზეა აწყობილი. გადავხედოთ შეხვედრაში გადაწოდებული პასების სტატისტიკასაც: „ბარსელონამ” სულ 894 პასი შეასრულა (მათგან 825 სწორად), ხოლო ლონდონელებმა 329 პასიდან 259 მიაწოდეს თანაგუნდელს. ერთადერთი, რამაც შეიძლება ერთგვარი გაკვირვება გამოიწვიოს გახლავთ ის, რომ ამ შეხვედრაში დამყარდა სწორი პასების სეზონური რეკორდიც და მისი ავტორი ლეო მესი ან ანდრეს ინიესტა კი არა, სერხიო ბუსკეტსი გახლდათ.

ცხადია, მედალს ორი მხარე აქვს. მესის და ინიესტას მეტოქეები გაცილებით მეტად ზღუდავდნენ ვიდრე ბუსკეტს და, შესაბამისად, პასების სწორად გადაწოდება მათთვის უფრო რთული იყო, თუმცა აქ შეიძლება კიდევ ერთი დამოკიდებულება არსებობდეს: ისინი ხომ მესი და ინიესტა არიან და ლოგიკურია, რომ რეკორდებს უპირველეს ყოვლისა მათგან ელოდნენ.

მესიმ და ინიესტამ „ჩელსისთან” შეხვედრაში მთავარი საქმე გააკეთეს, გოლი გაიტანეს (მესიმ ინიესტას პასით შეაგდო), სერხიო ბუსკეტსის ამოცანა კი დიდწილად დაცვაზე ზრუნვაა და, კატალონიელი საყრდენი ალბათ ამიტომაც მოხვდა კანტიკუნტ ფოტოზე, რომელთაგან ერთი სულაც ვილიანის მიერ „ბარსას”კარში გატანილი გოლის მომენტს ასახავს.

სტატისტიკა კი ასეთია: ბუსკეტსმა სულ 139 პასი გადააწოდა, რომელთა 92% (128) ადრესატთან მივიდა. 139 პასიდან 49 „ბარსელონას” ნახევარზე შესრულდა, 90 კი ცენტრს გადაღმა (90% სწორად). ბუსკეტს საჯარიმოში მაღალი ბურთი არ ჩაუწოდებია, თუმცა ერთი სახიფათო მომენტი შექმნა. საყრდენი ნახევარმცველი სულ 152-ჯერ შეეხო ბურთს, რომელთაგან 10 შემთხვევაში ის მეტოქეს წაართვა.

ბუსკეტსამდე სწორედ გადაწოდებული პასების საუკეთესო შედეგი ბარსელონელთა შორის პაულინიოს ეკუთვნოდა. მან „ოლიმპიაკოსთან” შეხვედრაში 114-პასიდან 111 თანაგუნდელს გადასცა.