ესპანური პორტალის „დიარიო გოლის” თანახმად, „რეალის” 22 წლის ვარსკვლავი მარკო ასენსიო უკმაყოფილოა, რომ იშვიათად ათამაშებენ და გუნდიდან წასვლით იმუქრება. ასენსიოს კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესისთვის უთქვამს, რომ უკვე ხუთი კლუბისგან მიიღო შეთავაზება.

თავდამსხმელი ლა ლიგის ბოლო შვიდ ტურში მხოლოდ ორჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ერთადერთხელ ანდეს ადგილი საწყის თერთმეტ კაცს შორის.

ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ როგორც კი „რეალის” თავკაცის პოსტიდან ზინედინ ზიდანის წასვლა-დარჩენის ამბავი გაირკვევა, ასენსიო თავისთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„დიარიო გოლის” თანახმად ხუთი კლუბი, რომელიც პალმა დე მაიორკაში დაბადებულ-გაზრდილ ფეხბურთელს გულს და ფულს სთავაზობს არიან „იუვენტუსი”, „არსენალი”, „ლივერპული”, „ჩელსი” და „ბაიერნი”. აღსანიშნავია, რომ ასენსიოს გადაბირების მსურველები არც აქამდე აკლდა, მაგრამ წინა ორი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მან ყველა მთხოვნელი ცივი უარით გაისტუმრა.

მარკო ასენსიოს „რეალთან” 2023 წლამდე აქვს კონტრაქტი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში, „პარი სენ ჟერმენის” წინააღმდეგ, „რეალის” გამარჯვება (3:1) დიდწილად სწორედ ასენსიოს ეფექტურად შესვლამ განაპირობა.