ამერიკელ პოპვარსკვლავ ფერგის საჯარო ბოდიშის მოხდა მოუწია. მიზეზი: ლოს ანჯელესში, „ოლ სტარის” შეხვედრის წინ მან საშინლად შეასრულა აშშ-ის ჰიმნი.

„სპორტული ღონისძიებების დროს ცნობილი მელოდიების დამახინჯება უჩვეულო ამბავი არ არის, — წერს ჟურნალისტი ლორინ ევანსი, — შემსრულებლები ცდილობენ სიმღერას, რომლის მარტივად შესრულება ყველაფერს ჯობს, სრულიად არასაჭირო დეტალები შესძინონ. კიდევ კარგი, ფერგის სინდისი ეყო და ტუჩის გარმონი მაინც არ ამოიღო”.

ფერგის ნამღერს მას-მედიაში ასეთი სათაურები მოჰყვა: „კატასტროფა”, „ფიასკო”, „უარესი უარესთა შორის”…

მოგვიანებით, მომღერალმა განცხადება გაავრცელა: „ეროვნული ჰიმნის შესრულება ყოველთვის დიდ პატივად მიმაჩნდა და ამიტომაც ვცადე „ოლ სტარის” თამაშის წინ ხალხისთვის რაიმე განსაკუთრებული შემეთავაზებინა. როგორც შემსრულებელი რისკიანი ვარ, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ნამღერმა არ გაამართლა. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და გულწრფელად მოვინდომე, მაგრამ არ გამოვიდა”.