მარტინ ფურკადმა კიდევ ერთხელ, საფრანგეთის დროშით ხელში, რონინით გადალახა ფინიში და საფრანგეთის ნაკრებს პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ბიათლონის შერეული ესტაფეტის ოქროს მედალი მოუტანა. იგი აღარ ჰგავდა იმ ფურკადს, რომელმაც ორიოდე დღის წინ, ვაჟთა მას-სტარტზე მხოლოდ ფოტოფინიშით გაუსწრო გერმანელ სიმონ შემპს და პიონგჩანგის თოვლს თხილამურის ჯოხი ბრაზით უთაქა. ფურკადი ბედნიერად იღიმოდა, რადგან: 1. ეს მისი მესამე ოქროს მედალია პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე, მაშინ, როცა სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე “მხოლოდ” ორი უმაღლესი ხარისხის მედალი ერგო და 2. აღნიშნული გამარჯვებით საფრანგეთმა მედლების საერთო ჩათვლის თითქოს ურყევი მოწინავე ხუთეული მოარყია, აშშ გააგდო და თავად მოკალათდა მეხუთე ადგილზე.

მარტინ ფურკადი გემოზე წამოწვა – სხვათა შორის, ფრიად დამსახურებულად. ფოტო: www.pyeongchang2018.com

ციგაობისა და სკელეტონის შემდეგ პიონგჩანგის ოლიმპიურ საციგაო ცენტრში ბობსლეის ჯერი დადგა. მედლების პირველი კომპლექტი ორკაციანმა ნაკრებებმა გაითამაშეს და ოქრო კანადამ მოიგო, რომელმაც პირველობა დრამატულ ბრძოლაში გერმანიას წაართვა, ხოლო ბრინჯაოს მედალი, სრულიად სამართლიანად, ბობსლეიში ტრადიციულად ძლიერ ლატვიურ დუეტს ერგო.

და შორტ-ტრეკი, ქალთა ესტაფეტა, რომელიც ყოველთვის ამოდ სანახავია. სამ კილომეტრზე გაშმაგებული სრიალი, ესტაფეტის გადაცემა (საჯდომზე მსუბუქი ბიძგის სახით), ლიდერთა მეყსეული ცვლა, ჭიანჭველასავით მოფუსფუსე მანდილოსნები – ყველაფერს გარეგნულად ქაოტური, შინაგანად კი ერთობ მოწესრიგებული სტრუქტურა ჰქონდა. რამდენიმე გოგო წაიქცა, მაგრამ პროცესი ბოლოში გავიდა და მსაჯთა დიდი ბჭობის შემდეგ პოდიუმის თავში მასპინძლები ვიხილეთ – ქომაგთა ყიჟინა ზეცას წვდებოდა.

19 და 20 თებერვლის ტექნიკური შედეგები:

  • ბობსლეი (ვაჟები, ორკაცა). 1. კანადა; 2. გერმანია; 3. ლატვია
  • ტრამპლინიდან ხტომა (ვაჟები. გუნდური). 1. ნორვეგია; 2. გერმანია; 3. პოლონეთი
  • ციგურაობა (ვაჟები, 500 მ.). 1. ჰარვარდ ლორენცენი (იაპონია); 2. მინ კიუ ჩა (სამხრეთ კორეა); 3. ტინგიუ გაო (ჩინეთი)
  • შორტ-ტრეკი (ქალები. 3000 მ, ესტაფეტა). 1. სამხრეთ კორეა; 2. იტალია; 3. ჰოლანდია
  • ფიგურული ციგურაობა (წყვილები. თავისუფალი სტილი). 1. ვირტუ ტესა / მუარ სკოტი (კანადა); 2. გაბრიელა პაპადაკისი / ციზერონ გილიამი (საფრანგეთი); 3. მაია შიბუტანი / ალექს შიბუტანი (აშშ)
  • ბიათლონი (ქალები 2×6 კმ, ვაჟები 2×7,5 კმ, შერეული ესტაფეტა). 1. საფრანგეთი; 2. ნორვეგია; 3. იტალია
  • ფრისტაილი (ქალები, ჰაფპაიპი). 1. კესი შარპი (კანადა); 2. მარი მარტინო (საფრანგეთი); 3. ბრიტა სიგურნი (აშშ)
  • სათხილამურო ორჭიდი (ვაჟები, ინდივიდუალური). 1. იოჰანეს რიძეკი (გერმანია); 2. ფაბიან რისლე (გერმანია); 3. ერიკ ფრენცელი (გერმანია)