ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს ითამაშებს თუ არა პოლ პოგბა სევილიაში — „მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი ოთხშაბათს „რამონ სანჩესის” სტადიონზე უწევს. ფრანგმა მანჩესტერელთა ბოლო შეხვედრა „ჰადერსფილდის” წინააღმდეგ, ფეხბურთის ასოციაციის თასზე, გამოტოვა. მიზეზი: ტრავმა ან ავადმყოფობა… კლუბს არ დაუზუსტებია.

არადა, პოგბას ჰადერსფილდში თითქოს უნდა ეთამაშა, მისი შინ დარჩენა მოულოდნელი იყო. ამან მანჩესტერში ჭორები ააგორა. ამბობენ, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურში „ნიუკასლთან” 0:1 წაგება მოურინიუმ პოგბას და ფილ ჯონსს დააბრალა, რის გამოც მატჩის მერე „სენტ ჯეიმს პარკზე”, გასახდელში დიდი ღრიალიც ამტყდარა.
მეორე ტაიმში პორტუგალიელმა მწვრთნელმა პოგბა შეცვალა. სკამზე ჩამომჯდარი, განრისხებული ნახევარმცველი თვალებიდან მეხს ისროდა, თუმცა მოგვიანებით კლუბმა გაავრცელა განცხადება, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და სინამდვილეში არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა.
უცნაური იყო ისიც, რომ მანჩესტერელმა ექიმებმა ვერ დააზუსტეს, რა სჭირს პოგბას. მეორე მხრივ, მათ თქვეს, რომ ფრანგი ამ დღეებში ვარჯიშს შეუდგებოდა.
„შევძლებთ ოთხშაბათისთვის საბრძოლო შემადგენლობის შეკრებას? იმედი მაქვს, რომ შევძლებთ. რეშფორდს, ვალენსიას და ერერას აქვთ თამაშის შანსი, პოგბაზე კი ვერაფერს გეტყვით” — თქვა მოურინიუმ.
„მანჩესტერ იუნაიტედი” ესპანეთს სამშაბათს, დილის ვარჯიშის შემდეგ გაემგზავრება.