ცნობა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ ინგლისური „ექსპრესიდანაა”: „რეალი” აპირებს „ჩელსის” ედენ აზარის სანაცვლოდ გარეთ ბეილი და 100 მილიონი გირვანქა შესთავაზოს. 100 მილიონი გირვანქა 113 მილიონი ევროა.

ამ ზაფხულს მადრიდელების მთავარი ამოცანა 27 წლის ბელგიელის შეძენა იქნება. ის, რომ აზარი „ჩელსისთან” ახალი, სარფიანი კონტრაქტის გაფორმებაზე ფეხს ითრევს ბევრის აზრით სწორედ იმის დასტურია, რომ ფეხბურთელს ესპანეთის დედაქალაქში უნდა გადასვლა. „რეალისთვის” კი ახალი სისხლი აუცილებელია, რადგან ლა ლიგის ცხრილში ლიდერ „ბარსელონას” 20 ქულით ჩამორჩება.

ედენ აზარი

არის საჩოთირო მომენტიც. ამბობენ, რომ „რეალი” მწვრთნელის, ლეგენდარული ზინედინ ზიდანის გაშვებას აპირებს, არადა ზიდანი სწორედ ის კაცია ვისი ხელმძღვანელობითაც აზარს თამაში სურს.

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ბეილის ყიდვა „მანჩესტერ იუნაიტედს” უნდოდა, მაგრამ უელსელის კონტრაქტში წერია, რომ მისი „რეალისგან” გამოსყიდვის უფლება უპირველეს ყოვლისა თავდამსხმელის ყოფილ კლუბს „ტოტენჰემ ჰოთსპურს” აქვს. აშკარაა, რომ ამ საქმეს მხოლოდ ძალიან მდიდარი კლუბი თუ მოაკვარახჭინებს.

მოგეხსენებათ, ბეილს რთული სეზონი უდგას, ის სამჯერ დაშავდა და ბევრი გაუცდა. უელსელი 2013 წლიდან მადრიდშია და ამ ხნის განმავლობაში 12 ჯილდო მოიგო, რომელთა შორის სამი ჩემპიონთა თასია.

დღეს, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედმა” „არსენალისგან” ალექსის სანჩესი იყიდა და თავდამსხმელს აღარ ეძებს, ყოფილი ტოტენჰემელის შესაძენად „ჩელსის” გზა ხსნილი აქვს.

რაც შეეხება აზარს, ნოემბერში, როდესაც მას მადრიდში გადასვლაზე ჰკითხეს, უპასუხა: „ყველამ იცის, რომ „რეალს” ვეთაყვანები, მაგრამ ჯერჯერობით „ლურჯი” ვარ”.

ედენის მამამ, ტიერი აზარმა კი ბელგიურ Le Soir-ს განუცხადა: „ერთადერთი, რაც ჩემს ვაჟზე შემიძლია გითხრათ ის არის, რომ ის „ჩელსისთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს. ამით ის ემზადება დღისთვის, როდესაც „რეალი” მადრიდში გადასვლას შესთავაზებს, მაგრამ ესპანეთიდან ჯერ არაფერი ისმის”.