გასული წლის 21 მაისს “ჩელსის” ლეგენდამ ბოლო 26 წუთი ითამაშა “სტემფორდ ბრიჯზე”, 22-წლიან კარიერას წერტილი დაუსვა და კაპიტნის სამკლავური გარი კეჰილს გადაულოცა. საფინალო სასტვენის შემდეგ გამოსამშვიდობებელი სიტყვისას მასთან ერთად არამხოლოდ გადაჭედილი “სტემფორდ ბრიჯი”-ინგლისის ნაკრების ფანობაც ტიროდა: “დიდი მადლობა ყველაფრისთვის და გპირდებით, რომ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად დავბრუნდები”

უკვე მეორე დღეს ტერის ტელეფონზე დარეკვას ათობით კლუბის მენეჯერი ცდილობდა. ჩინელებისა და ამერიკელების შეთავაზებები სულაც წლიური 20 მილიონი გირვანქის მიდამოებში იყო.
რატომაც არა?! სტივ ჯერარდი, ეშლი კოული და ფრენკ ლამპარდი აშშ-ში ქომაგებთან სელფის გადაღებაში მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე მეტოქეებთან ორთაბრძოლებში, რუნის ზაფხულში ჩინელებმა სულაც ზღაპრული პირობები აღუთქვეს, დროგბამ კი ლამის მსოფლიო ტურნე მოიწყო კლუბიდან კლუბში.

იყო მეორე გზაც: ტიერი ანრის, ჯეიმი კარაგერის და გარი ნევილის, რომლებიც sky სპორტს-ის და BBC-ის ექსპერტთა სავარძლებში გადაბარგდნენ…
და რა გადაწყვიტა ტერიმ? ვერ შეელია ინგლისურ ფეხბურთს, სადაც ამინდს ყოველთვის მასავით ჯიგრიანები ქმნიდნენ.

3 ივლისს ჯონმა ჩემპიონშიპის “ასტონ ვილასთან” გააფორმა 4-მილიონიანი კონტრაქტი (არადა, ხუთჯერ მეტს სთავაზობდნენ) და კლუბთან ერთად პრემიერლიგაში დაბრუნება დაისახა მიზნად. ლონდონის შემდეგ სიდიდით მეორე ინგლისურ ქალაქში საკუთარი ბედნიერების არ ეჯერათ, სანამ მომდევნო ტურში კაპიტნის სამკლავურით სწორედ “ჯონტერიერი” არ შეუძღვა გუნდს მოედანზე.
აჟიოტაჟი იმდენად დიდი იყო, საკლუბო ატრიბუტიკისა და სუვენირების 75%-ს ტერის გამოსახულებით გამოშვება დაიწყეს.

ჩემპიონშიპისა და ინგლისის თასის ზედიზედ 20 შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, სანამ ტრავმა არ მიიღო. ნოემბერსა და დეკემბერში უკაპიტნოდ დარჩენილი „ასტონ ვილას“ დაცვის ცენტრში სერიოზული ღრიჭოები გაჩნდა და გუნდმა 10 შეხვედრაში მხოლოდ 15 ქულა დაუმატა მონაგარს…

თითქოს პრემიერლიგაზე ოცნება ოცნებად უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ნაახალწლევს კაპიტანი დაბრუნდა, გუნდი ძველებურად შეადუღაბა და მესამე ადგილზე დააბრუნა, თუმცა მეორემდე სულ ერთი ნაბიჯია, რაც პრემიერლიგაში ყოველგვარი ფლეი-ოფის გარეშე აღზევებას ნიშნავს.
ტერი პრემიერლიგაში დაბრუნდება.
აკი,თქვა,დავბრუნდებიო.
ჰაერზე სიტყვების სროლა არასოდეს უყვარდა.