როჯერ ფედერერი რეიტინგის სათავეს დაუბრუნდა

მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ მელბურნში დიდი მუზარადის ტურნირებზე თავისი მეოცე ტიტული მიითვალა და მსოფლიო რეიტინგის პირველადგილოსან რაფაელ ნადალს 155 ქულის მანძილზე (9 605 → 9 760) მიუახლოვდა, ალბათ ჩოგნებზე ჩამოსათვლელ ხალხსღა თუ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ როჯერ ფედერერი ამ ნაპრალს უახლოეს ტურნირზევე ამოავსებდა და გახდებოდა უხუცესი მოთამაშე, ოდესმე ამქრის სათავეში რომ მდგარა. აგრემც აგიხდეთ ყოველივე კარგი!
36 წლის შვეიცარიელმა მაესტრომ როტერდამის ჭერქვეშა მაგარსაფარზე სამი გამარჯვება მოიხვეჭა, ნახევარფინალს მიატანა და უკვე გაინაღდა ის, რომ ორშაბათს მსოფლიო რეიტინგნუსხის პირველ საფეხურს დაუბრუნდება. ეს კი, როგორც ჩემმა კოლეგა გიორგი ნოზაძემ უკვე აღნიშნა, სამმაგი რეკორდი გახლავთ. აქვე დამყარებული რეკორდების რამდენიმე დამატებით დეტალს აღგიწერთ:
როგორც უკვე ითქვა, ასეთი ასაკოვანი კაცი რეიტინგს სათავეში ჯერ ვერასოდეს მოჰქცევია. აქამდელი რეკორდი დიად არმენოამერიკელ ანდრე აგასის ეკუთვნოდა, რომელიც 33 წლის იყო, როცა 2003 წლის 7 სექტემბერს უკანასკნელად ეპყრა ხელთ პირველნომრიანი ჩოგანი. პირველთუხუცესთა ჩამონათვალში მომდევნონი ნადალი (31 – 2018 წლის 18 თებერვალი), ჯიმი კონორსი (აშშ, 30 – 1983 წლის 3 ივლისი) და ივან ლენდლი (ჩეხოსლოვაკია/აშშ, 30 – 1990 წლის 12 აგვისტო) არიან.
რეკორდია ისიც, რომ ფედერერი რეიტინგის პირველ ადგილს უბრუნდება 5-წლიანი და 106-დღიანი პაუზის შემდეგ და აქაც ის აგასის მიღწევას აუმჯობესებს, რომელმაც რეიტინგის პირველი ადგილი (პირველად) 1996 წლის 12 თებერვალს დაკარგა და 3 წლისა და 142 დღის შემდეგ – ანუ 1999 წლის 5 ივლისს – დაიბრუნა. ამ სიაში მესამე კონორსია (3 წელი და 65 დღე – 1979 წლის 9 ივლისიდან 1982 წლის 13 სექტემბრამდე), მეოთხე – ნადალი (3 წელი და 45 დღე – 2014 წლის 6 ივლისიდან 2017 წლის 21 აგვისტომდე), ხოლო მეხუთე – ისევ აგასი (2 წელი და 228 დღე – 2000 წლის 11 სექტემბრიდან 2003 წლის 28 აპრილამდე).
და რეკორდია ასევე ისიც, რომ ამქრის სათავეში ფედერერის პირველად აღზევებიდან – ანუ 2004 წლის 2 თებერვლიდან – იქ მის მორიგ დაბრუნებამდე – ანუ 2018 წლის 19 თებერვლამდე – 14 წელი და 17 დღე გადის. ამ მაჩვენებლით აქამდე ნადალი ლიდერობდა – რეიტინგის პირველ საფეხურზე მისი “დებიუტიდან” (=2008 წლის 18 აგვისტო) ხვალინდელი დღის ჩათვლით 9 წელი და 184 დღე ჯამდება. ამ ნუსხაში მომდევნონი კონორსი (8 წელი და 339 დღე – 1974 წლის 29 ივლისიდან 1983 წლის 3 ივლისამდე), აგასი (8 წელი და 150 დღე – 1995 წლის 10 აპრილიდან 2003 წლის 7 სექტემბრამდე) და პიტ სამპრასი (აშშ, 7 წელი და 221 დღე – 1993 წლის 12 აპრილიდან 2000 წლის 19 ნოემბრამდე) არიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ფედერერი აქამდეც ერთპიროვნულად ლიდერობდა ამქრის სათავეში გატარებული კვირების საერთო რაოდენობითა (302) და იქ ზედიზედ გატარებული კვირების რაოდენობითაც (237). ნადალის ანგარიშზე, ვინაც ამ ბოლო ჯერზე – ანუ შარშანდელი 21 აგვისტოდან – რეიტინგის პირველ ნომრად 26 კვირა დაჰყო, შესაბამისად, 167 და 56 კვირაა და ამ ჩამონათვალში მას მე-7 ადგილი უპყრია. მათ შორის სამპრასი (286; 102), ლენდლი (270; 157), კონორსი (268; 160), ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, 223; 122) და მაკინროი (170; 58) დგანან.