„ვესტ ბრომვიჩის” ოთხი ფეხბურთელი ბარსელონის პოლიციამ დააკავა და განყოფილებაში, დაკითხვაზე წაიყვანა. მიზეზი: მათ კატალონიის დედაქალაქში ტაქსი მოიპარეს.
რად უნდოდათ ინგლისური კლუბის ფეხბურთელებს ტაქსი? როგორც ჩანს მხოლოდდამხოლოდ იმისათვის, რომ თავიანთ მდიდრულ სასტუმროში დაბრუნებულიყვნენ და დასაძინებლად ნომრებში ასულიყვნენ. ეს ამბავი საკუთრივ კლუბის პრეს-სამსახურმაც დაადასტურა. ლაპარაკია გუნდის ოთხ წამყვან მოთამაშეზე. მათ ტაქსი მაკდონალდსიდან მოიპარეს.
„ვესტ ბრომვიჩი” ფეხბურთის ასოციაციის თასზე „საუთჰემპტონთან” შეხვედრის წინ მზიურ ბარსელონაში სამი დღით სავარჯიშოდ გახლდათ ჩასული. კლუბმა თავისი გამოძიება წამოიწყო. დამნაშავეებს აუცილებლად დასჯიან.
ეს უცნაური ამბავი ხუთშაბათს ღამით მოხდა. როგორც ჩანს ფეხბურთელებმა გართობა განიზრახეს, მაგრამ შუა კვირაში გვიან ღია ვერაფერი ნახეს და სასტუმროში დაბრუნება გადაწყვიტეს. თუ როგორ დაბრუნდნენ, ეს უკვე მოგახსენეთ. კითხვაზე სად იყო ამ დროს ტაქსის მძღოლი პასუხი საჯაროდ არ არის ცნობილი. ჯერჯერობით არც ფეხბურთელების გვარებს ასახელებენ.
„ვესტ ბრომვიჩი” ტაქსის ქურდებიანად უკვე ინგლისშია.