ზაფხული საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთ მდიდრულ კონტრაქტს ჰპირდება: ანდრეს ინიესტამ ჩინური სუპერლიგის კლუბ „ტიანჯინ ქუანჯიანისგან” ოფიციალური შეთავაზება მიიღო. ჩინელები 33 წლის ნახევარმცველს სეზონში 35 მილიონ ევროს სთავაზობენ, ეს კი ის თანხაა, რომლის გამოც აზიაში გადაბარგება ღირს.
„ტიანჯინ ქუანჯიანის” წარმომადგენლები საქმის გასაკვაჭად ორჯერ იყვნენ ბარსელონაში, მაგრამ ესპანელს (მოგეხსენებათ, ინიესტა კატალონიელი არ არის) გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია — ამბობს, საბოლოო სიტყვას მარტის ბოლოს გეტყვითო.
ჩინელები ინიესტას პირველად დეკემბრის ბოლოს დაუკავშირდნენ, იანვრის დასაწყისში კი შეხვდნენ. ამ შეხვედრაზე ინიესტამ თქვა, რომ ზაფხულამდე „ბარსელონადან” არსად წავიდოდა. მეორე შეხვედრისას კი „ტიანჯინ ქუანჯიანის” დესპანებმა უკვე თანხა დაასახელეს.
ესპანური პრესა წერს, რომ ინიესტას კარგად ესმის — ამაზე უკეთეს წინადადებას ვეღარ მიიღებს. ჩინური კლუბი მას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გახდეს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდხელფასიანი ფეხბურთელი, მაგრამ ვეტერანი კარგ ფორმაშია და შესაძლოა საფეხბურთო პერიფერიაში გადაკარგვა არ უნდოდეს.
„ბარსელონას” პოზიცია მარტივია: ინიესტა დიდი დამსახურების მქონე ადამიანია და მის სურვილს კლუბი წინ არ აღუდგება. ჩინური შეთავაზების ფონზე MLS-ისა და არაბეთის კლუბების წინადადებებმა მომხიბვლელობა დაკარგა.