ექვსი ერის სარაგბო პირველობის საპასუხისმგებლო თამაშს შოტლანდიის ნაკრებთან ინგლისის ეროვნული გუნდი მომეტებული სერიოზულობით უდგება: ლეტიმერის უძველესი სკოლის (ჰამერსმითის რაიონი, დასავლეთ ლონდონი) სარაგბო მოედანზე სპარინგისთვის ქართველ მორკინალებს უხმო.

დიდი ჯახის წინ: ქართველები ინგლისელთა წინააღმდეგ

მილტონ ჰეიგი და ედი ჯოუნსი დოსტები არიან, ამიტომ ოზმა კივთან პირადი კონტაქტები გამოიყენა თავისი შერკინებისთვის მსოფლიოში საუკეთესო სპარინგ-პარტნიორის დასაბევებლად და ვარჯიშიც სანაქებო გამოდგა. თიკუნ “საუკეთესოს” მე ნუ მომაწერთ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელის დახასიათება გახლავთ. უფრო ზუსტად, ედი ჯოუნსმა ქართველთა შერკინებას “მსოფლიოში უდიდესი, უსაძაგლესი, უმძლავრესი” უწოდა და ეს ის შემთხვევაა, როცა მეორე ზედსართავიც კომპლიმენტად უნდა განიხილოს ადამიანმა. “მინიმუმ ორჯერ ისე გამოჩნდა, რომ ქართველებმა ინგლისელთა შერკინება შუა გააპეს” – ჰყვება სპარინგის შესახებ “ტელეგრაფი” და დასძენს, რომ ინგლისელებმა ბოლოსკენღა მოახერხეს ვარჯიშის საპატიო მაჩვენებლებით დასრულება, რადგან რეფერი უეინ ბარნსი მაინც უფრო სტუმრებს აჯარიმებდაო.

მეორე მედია-გიგანტი, “გარდიანი” მკითხველს შეახსენებს, რომ სპარინგი ესე ინგლისელთა და ქართველთა შორის თავიდან თბილისში იყო დაგეგმილი, მაგრამ მიზეზთა გამო ლონდონში დაინიშნა. ინგლისელები, გაზეთის თქმით, ამგვარ სპარინგებს არა მხოლოდ ექვსი ერის, არამედ უფრო შორეულ ასპარეზობათა (2019 წლის მსოფლიო თასისა, მაგალითად) მოსაგებ რეპეტიციებად განიხილავენ.

ინგლისის რაგბის კავშირისთვის მიცემულ განმარტებაში ედი ჯოუნსი აღნიშნავს, რომ მისმა ბიჭებმა ქართველებთან ჭიდილში მნიშვნელოვანი გაკვეთილები მიიღეს. “არ დავმალავ, გვჯაბნიდნენ თავიდან – შენიშნავს ჯოუნსი – მაგრამ მდგომარეობის მოტრიალება მოვახერხეთ. დიდებული სესია გამოდგა და მოთამაშეებმა მართლაც დიდი სიამოვნება მიიღეს”.

“სხვანაირები არიან (ქართველები – დ.გ.) – განავრცობს ინგლისის ნაკრების მწვრთნელი თავის მოსაზრებას – დავაკვირდი: შერკინებაში ხელებს და მხრებს ერთობ განსხვავებულად ხმარობენ, ამადაც იყო ძვირფასი დღევანდელი ვარჯიში”.

“მაგარ ბიჭებად” (Tough blocks) მოიხსენია ქართველი მორაგბეები ინგლისის ნაკრების ბურჯმა ჯო მარლერმა. “ქართველებს ვიცნობ – თქვა ტატუმრავალმა მარლერმა ვარჯიშის კომენტირებისას – ფრანგულ კლუბებში ბევრი ქართველი ბურჯია და ყველა ერთმანეთზე ღონიერი. ჩვენს კლუბში (ლონდონის “არლეკინი” – დ.გ.) ქართველი გადიოდა სტაჟირებას და ვკითხე: საიდან გამოდიხართ ასეთი ღონივრები, ჯიშით თუ ვარჯიშით-მეთქი? ორივეთიო – მიპასუხა”.

“კარგი ჯახი გამოგვივიდა” – კმაყოფილებით ასკვნის მარლერი…

ჯო მარლერი – მაგარი ბიჭი და მაგარი ბიჭების დამფასებელი