საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“ დატრიალებული ამბები და მისი მოკვეთის ისტორია ქართულ ფეხბურთში მეტნაკლებად ჩახედულმა ქომაგმა იცის და თავს აღარ შეგაწყენთ.

ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რეაბილიტაციისთვის ბრძოლა წუთითაც არ შეუწყვეტიათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების წინ იმერლებმა ერთგვარი დაპირებაც კი მიიღეს ლევან კობიაშვილისგან, მომავალი პრეზიდენტისგან, რომ სამართლიანობა აღგებოდა – კლუბში ხომ მიიჩნევენ, რომ მათი ერთადერთი დანაშაული გარიგებულ შეხვედრაში არმონაწილეობა არის.

სამართალი თითქოს აღდგა. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა „ზესტაფონი“ რეგიონალლიგაში დაუშვა. იმის გათვალისწინებით, რამდენით შეფერხდა ზესტაფონში ფეხბურთის განვითარება, რეგიონალლიგა სულაც არ არის სრულფასოვანი კომპენსაცია. კლუბში აცხადებენ, რომ არავის უნდა შეექმნას ილუზია, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანობის აღდგენად მიაჩნიათ. მოკლედ, ყველაფერი თავიდანაა დასაწყები.

„ზესტაფონი“ რეგიონალლიგას 2000 წელს დაბადებული ბიჭებით შეუტევს, რომლებმაც U 17-ის „ოქროს ლიგაში“ წინ მხოლოდ თბილისის „დინამო“ გაატარეს.

სხვა შემთხვევაში ამხელა ხმაური არ ატყდებოდა ალბათ, მაგრამ “ზესტაფონი” უკვე ქართული ფეხბურთის ისტორიის ნაწილია. არც ილია კოკაიაა ის კაცი, ორი წლით რომ შემოირბენენ ხოლმე ფეხბურთში და მერე ენთუზიაზმი უქრებათ. ამას კიდევ რამდენიმე ბიზნესმენი დაუმატეთ, ერგვარ „წერტილოვან დაფინანსებას“ რომ ახდენენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ზესტაფონის დღევანდელი მერი კახა მახათაძე სპორტის მოყვარული კაცი აღმოჩნდა. თითქოს ყველა წინაპირობა არსებობს კარგი გუნდის გასაკეთებლად და „ზესტაფონის“ სრული რეაბილიტაცია დამატებითი მოტივაცია იქნებოდა. თუნდაც ერთი წლის თავზე, როცა ზესტაფონელი ჭაბუკები რეგიონალლიგაში მუხლს მოიმაგრებენ.

ნაღვაწს დაფასება უხდება
დაპირებას-ასრულება.

წილი
წინა სტატიაჯერარდს ოლიმპიადა ფეხზე ჰკიდია
შემდეგი სტატიაფუი, ეშმაკს!
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".