ოთხშაბათს პიონგჩანგში ქარი ქროდა და ოლიმპიელებს დგომელა სრიალის ხალისს აცლიდა, ხოლო ბიათლონში საერთოდაც, ქარი – სპორტსმენის მტერია, რადგან ტყვიებს სიზუსტეს აცლის. ზოგიერთი შეჯიბრი სულაც გადაიდო, ამიტომ დღევანდელ მიმოხილვაში მთავარ მახვილებს ჯდომელა და წოლელა სასრიალო სპორტის სახეობებზე დავსვამთ.
ჯერ ორგანიზაციულზე – ზამთრის სპორტის მოყვარული დამაჯერებლად ახსნის, თხილამურობასა და სამთოთხილამურობას ერთი ორგანიზაცია რად მართავს (FIS – თხილამურობის საერთაშორისო ფედერაცია) და ბიათლონს – მეორე (IBU – ბიათლონის საერთაშორისო კავშირი). საქმეში შაშხანის ჩართვა სპორტის ამ სახეობებს ერთმანეთისგან პრინციპულად აშორებს, მაგრამ ახლა ერთი მწარე კითხვაც დავსვათ: ბობსლეის და განსაკუთრებით სკელეტონს ერთი ორგანიზაცია უნდა მართავდეს (FIBT – ბობსლეის და ტობოგანის საერთაშორისო ფედერაცია) და ციგაობას (FIL – საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია) – მეორე? ნუთუ ერთგან მუცელზე წოლა და მეორეგან კი ზურგზე ქმნის იმხელა სხვაობას, რომ სპორტის აღნიშნულ სახეობებს ცალკე ბიუროკრატიული სტრუქტურები ემსახურონ? ალბათ არა – ისტორიის ყურადღებით ჩაკითხვა გვამცნობს, რომ ორგანიზაციული გახლეჩვის მიზეზი სკელეტონსა და ციგაობას შორის ჩაწოლილი ძველი შუღლია. 1935-57 წლებში სამივე სპორტის სახეობა ერთ ფედერაციაში იყო მოქცეული და სკელეტონი ოლიმპიადაზე მოხვედრით ჯაბნიდა ციგაობას. რევანში გასული საუკუნის 50-იან წლებში შედგა, როცა ზამთრის ოლიმიადებიდან სკელეტონი გააგდეს და ციგაობით ჩაანაცვლეს და წონასწორობა კი 2002 წელს ოლიმიურ თამაშებში სკელეტონის დაბრუნებით აღდგა, თუმც ორგანიზაციულ-ბიუროკრატიული თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.
ამ პატარა გაცხარების შემდეგ რიცხვებს მივუბრუნდეთ. სკელეტონის მედლები ხვალ და ზეგ გათამაშდება, ბობსლეისა – 19 თებერვლიდან. ციგაობა უკვე დასრულდა და დასრულდა ისე, როგორც ველოდით – გერმანიის დიდი დომინირებით.
ციგაობა გერმანელებისაა. საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციაც კი ბერხტესგადენშია განთავსებული (ჰიტლერის ყოფილი სამთო რეზიდენციის სიახლოვეს). ისტორიულ ჭრილში უძლიერესი მოციგავენი ჰყავდათ აღმოსავლეთ (დემოკრატიული რესპუბლიკის) გერმანელებს და მათი ყოვლისშემძლეობა ინტერციით გაერთიანებულ გერმანიასაც გადმოჰყვა. პიონგჩანგში, წყვილად ციგაობისას, როცა პეტერ პენცის და გეორგ ფიშლერის ავსტრიულმა დუეტმა (ესენიც რამ გაყო გერმანელებთან) ტონი ეგერტის და საშა ბენეკენის გერმანულ ტანდემს წამის 162 მეათასედი მოუგო, ავსტრიელთა ბანაკში დიდი მივარდნა და ხვევნა-კოცნა ატყდა, მაგრამ სტარტზე შედგნენ ტობიას ვენდლი და ტობიას არლტი, ხელები ღონივრად დაუსვეს ყინულს, გაქანდნენ მაგრამ რა გაქანდნენ, მოუხვიეს მაგრამ რა მოუხვიეს და ფინიშის ხაზიც ავსტრიელებზე 0,017 წამით ადრე გადალახეს, რაც ოლიმპიურ ჩემპიონობას ნიშნავდა.
დღეს კი გერმანიასვე დარჩა გუნდური ესტაფეტის პირველი ადგილი და ციგაობის ოქროთა და სათხილამურო ორჭიდზე გერმანელივე ერიკ ფრენცელის გმირობის წყალობით ეს ქვეყანა გუნდური ჩათვლის პირველ ადგილზე კვლავ ბეტონივით მყარად დგას. სამი ოქრო დასჭირდება ნორვეგიას, 4-4 ჰოლანდიას და აშშ-ს, ხუთიც – კანადას, რომ პირველ ადგილზე გერმანელთა მონოპოლიას შეჰბედონ.

პიონგჩანგში ქარი გუშინდელივით აღარ მძვინვარებს და ნორვეგიელი აქსელ ლუნდ სვინდალის მძვინვარების ჟამი დადგა. მისი სწრაფდაშვების ყურებისას, უნდა ვაღიარო, რამდენჯერმე ეკრანს თვალი ავარიდე… მსოფლიო თასის სწრაფდაშვების და სუპერგიგანტის საერთო ჩათვლების მეორეადგილოსანი პიონგჩანგში დამაჯერებლად გახდა პირველი, ხოლო სუპერგიგანტში თასის მოწინავე ნორვეგიელივე კიეტილ იანსრუდი შორეულ ქვეყანაში მეორე იყო. სწრაფდაშვება და სუპერგიგანტი მარსელ ჰირშერის სამეფოში არ შედიან, სხვათა და სხვათა ისმის იქ ჟრიამული, მათ შორის შვეიცარიელი ბეატ ფოიცისა, ვინც მსოფლიო თასზე სწრაფდაშვების საერთო ჩათვლაში ჯერ უბადლოა და გუშინ კი ბრინჯაოს მედალი მიისაკუთრა.
ქალთა გიგანტურ სლალომში კი ამერიკელი მიკაელა შიფრინის სუვერენული გამოსვლა და გამარჯვება როგორღაც არავის გაჰკვირვებია, უფრო მსოფლიო თასის ლიდერ ვიქტორია რებენსბურგის (გერმანია) უმედლოდ დარჩენა გახდა მსჯელობის საგანი, მაგრამ შეიძლება კიდევ გავიმეოროთ: ოლიმპიადა სხვა არის…
იოჰანეს ბიოს კი საღათას ძილიდან გამოფხიზლება უნდა მივულოცოთ: ნორვეგიელმა ბიათლონისტმა თვალები მოიფშვნიტა და 20 კილომეტრზე ინვიდუალურ რბოლაში პირდაპირ ოქროს მედალს დაეჯახა. ასე, იოჰანეს, შე კაცო!…
14 და 15 თებერვლის ტექნიკური შედეგებიც აქვე იხილეთ:
- ციგაობა (ვაჟები, წყვილები). 1. ტობიას ვენდლი / ტობიას არლტი (გერმანია); 2. პეტერ პენცი / გეორგ ფიშლერი (ავსტრია); 3. ტონი ეგერტი / საშა ბენეკენი (გერმანია)
- ციგაობა (ვაჟები, ესტაფეტა). 1. გერმანია; 2. კანადა; 3. ავსტრია
- სათხილამურო ორჭიდი (ვაჟები). 1. ერიკ ფრენცელი (გერმანია); 2. აკიტო ვატაბე (იაპონია); 3. ლუკას კლაპფერი (ავსტრია)
- სნოუბორდი (ვაჟები, ჰაფპაიპი). 1. შონ უაითი (აშშ); აიუმუ ჰირანო (იაპონია); 3. სკოტი ჯეიმსი (ავსტრალია)
- სნოუბორდი (ვაჟები, კროსი). 1. პიერ ვოლტიე (საფრანგეთი); ჯერიდ ჰიუზი (ავსტრალია); 3. რეგინო ერნანდესი (ესპანეთი)
- ფიგურული ციგურაობა. გუნდური. თავისუფალი სტილი. 1. კანადა; 2. ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან; 3. აშშ
- ფიგურული ციგურაობა. წყვილები. თავისუფალი სტილი. 1. ალიონა სავჩენკო / ბრუნო მასო (გერმანია); 2. სუი ვენჯინგი / ჰან კონგი (ჩინეთი); 3. მეგან დუჰამელი / ერიკ რედფორფი (კანადა)
- ციგურაობა (ქალები, 1000 მ.). 1. იორიენ ტერ მორსი (ჰოლანდია); 2. ნაო კოდაირა (იაპონია); 3. მიჰო ტაკაგი (იაპონია)
- ციგურაობა (ვაჟები, 10000 მ.). 1. ტედ-ჟან ბლომენი (კანადა); 2. იორიტ ბერგსმა (ჰოლანდია); 3. ნიკოლა ტუმოლერო (იტალია)
- სამთოთხილამურობა (ვაჟები, სწრაფდაშვება). 1. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია); 2. კიეტილ იანსრუდი (ნორვეგია); 3. ბეატ ფოიცი (შვეიცარია)
- ბიათლონი (ქალები, 15 კმ ინდივიდუალური). 1. ჰანნა იობერგი (შვედეთი); 2. ანასტასია კუზმინა (სლოვაკეთი); 3. ლაურა დალმაიერი (გერმანია)
- ბიათლონი (ვაჟები, 20 კმ ინდივიდუალური). 1. იოჰანეს თინგნეს ბიო(ნორვეგია); 2. იაკოვ ფაკი (სლოვაკეთი); 3. დომინიკ ლანდერტინგერი (ავსტრია)
- თხილამურობა (ქალები, 10 კმ თავისუფალი). 1. რიგნჰილდ ჰაგა (ნორვეგია); 2. შარლოტ კალა (შვედეთი); 3. კრისტა პარმაკოსკი (ფინეთი), მარიტ ბიორგენი (ნორვეგია)