ასე შეხვდა გაერთიანებული კორეის ქალ ჰოკეისტთა გუნდს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი

ზამთრის ოლიმპიადა რამდენიმე დღის დაწყებულია, მაგრამ უკვე ნათელია, რომ რაც  უნდა მოხდეს, როგორი სასწაულებიც უნდა აკეთონ სპორტსმენებმა, პიონგჩანგის თამაშები უპირველესად ორი კორეის სპორტული გაერთიანებით დაამახსოვრდება მსოფლიოს.

1945 წლამდე კორეა იაპონიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი „განთავისუფლებული,“ ორად გაიყო. ზუსტად 70 წლის წინათ, 1948 წელს ჩრდილოეთი საბჭოთა კავშირის „მფარველობის“ ქვეშ მოექცა, სამხრეთი – ამერიკის შეერთებული შტატების. მას შემდეგ ეს ორი ნაწილი ერთთავად გაერთიანებას ცდილობს, თუმცა პოლიტიკური ვითარება სულ უფრო აშორებთ მათ ერთმანეთს. მეტიც, მუდმივად საომარ მზადყოფნაში არიან.

ამიტომ ცოტა უცნაური საცქერი იყო გახსნის ცერემონიალზე ჩრდილოკორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დის, კიმ იო იონგის გამოჩენა. ის პირველი ადამიანია კიმის ნათესავებიდან, ვინც ქვეყნის საზღვარი გადალახა და „მტრულ“ ქვეყანაში ჩავიდა. ოფიციალურად ის კსდრ-ის მუშათა პარტიის მაღალი პერსონაა. სამხრეთკორეელი ექსპერტები კი მიჩნევენ, რომ ქალბატონის გაგზავნის მთავარი აზრი ისაა, რომ იონგი პირადად დაელაპარაკება იქვე მყოფ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს – რომელიც ჩრდილოკორეელთა ბოლოდროინდელი მილიტარული მისწრაფებების მთვარი კრიტიკოსია –  და ძმის დანაბარებს არაოფიციალურ გარემოში გადასცემს. ხოლო რას ჩაუსჩურჩულებს აზიელი შიკრიკი ძლევამოსილ იანკის,  მხოლოდ ბუდამ თუ უწყის.

საინტერესოა, რომ პიონგჩანგში ჩრდილოელებმა 280 კაციანი დელეგაცია ჩაიყვანეს. მათ შორის 21 ჟურნალისტია. ცოტა ხნის წინათ ამის წარმოდგენა მართლაც შეუძლებელი იყო. გავიხსენოთ 2010 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში, როცა მათმა ნაკრებმა ჯგუფში სამივე თამაში წააგო და ბოლო ადგილი დაიკავა, თუმცა იქაურმა მედიამ ისინი ჩემპიონებად გამოაცხდა…

შაბათს კი მართლაც ისტორიული მოვლენა მოხდა. კორეის ქალ ჰოკეისტთა გაერთიანებულმა გუნდმა ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა, შვეიცარიასთან. ჰიმნის მაგიერ კი ყველაზე ცნობილი კორეული ფოლკლორული, ერთგვარად ეროვნულ-განამათავისუფლებელი პათოსით დატვირთული სიმღერა – „არირან“ შეასრულეს, რომელიც ძალიან უყვართ სამხრეთშიც და ჩრდილოეთშიც.

ტრიბუნაზე ქალბატონი იონგი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად იჯდა. იქვე იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გერმანელი პრეზიდენტი თომას ბახიც. მისი თქმით, ორმა ოლიმპიურმა ნაკრებმა ერთი გუნდის სახელით იასპარეზა და ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა არა მარტო კორეელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისო.

მატჩი შვეიცარიელებმა 8:0 მოიგეს. გუშინ ამავე ანგარიშით კორეელებს შვედებმაც სძლიეს. თუმცა, ამ შემთხვევაში, ალბათ,  სპორტულ შედეგს ნაკლები მნიშვნელობა აქვს…

ასე ქომაგობს კორეა კორეას

ჰოკეის გარდა ჩრდილოკორეელებს სხვა დისციპლინებშიც ჰყავთ წარმომადგენლები –  ფიგურულ ციგურაობაში, შორტ ტრეკსა და თხილამურებში.

და კიდევ, ჰოკეის მატჩამდე დარბაზთან ასეულობით ადამიანი ხმაურითა და სიმღერით აფრიალებდა „გაერთიანებულ დროშებს.“ ისინი ბედნიერები იყვნენ. გაერთიანებულ დროშაზე მთლიანი ნახევარკუნძულია გამოსახული თეთრ ფონზე. „პოლიტიკოსებმა ხშირად შეხვედრის უფლება უნდა მოგვცენ. აქ ოჯახთან ერთად მოვედი. მინდა გაერთიანებული გუნდი წარმატებით გამოვიდეს ტურნირზე.“ – ამბობს 48 წლის ოფისის მენეჯერი პარკ სუნგი.

„სამხრეთ კორეელი ვარ. მართალია  ქვეყანა გაყოფილია, მაგრამ ჩვენ ერთი ხალხი ვართ. აქ სეულიდან საგანგებოდ ქალი ჰოკეისტების გაერთიანებული გუნდის საქომაგოდ ჩამოვედი“ – ამბობს 14 წლის ენ ლი.

40 წლის მასწავლებელი კიმ სი კიუნგი კი ამატებს, ეს უნმიშვნელოვანესი ამბავია კორეისთვისო. კიუნგის 95 წლის ბებია ჩრდილოეთ კორეაშია დაბადებული და მთელი ცხოვრება ნახევარკუნძულის გაერთიანებაზე ოცნებობდა. „მისი შვილიშვილები აქ არიან და ეს მატჩი ბებოსთვის  ენით აუწერელი ბედნიერებაა. ეგებ ეს ერთი ნაბიჯიც იყოს კორეაში მშვიდობის დასამყარებლად.“ – ამბობს მასწავლებელი.

არ გეცნობათ  ვითარება? თითქოს რა შორეულია ყველაფერი კორეული: კულტურა, ტრადიციები, ცხოვრების წესი… მაგრამ უსმენ ამ ადამიანებს და ხვდები, როგორი მონათესავე სულები არიან – მათაც უნდათ გაერთიანება და მშვიდობიან  ქვეყანაში ერთად ცხოვრება, სიყვარული და ბედნიერება…

P.S. ნუ გაიკვირვებთ და, ამ ოლიმპიურ დღეებში ისიც ითქვა, კორეის ქალ ჰოკეისტთა გაერთიანებული გუნდი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარვადგინოთო…

წილი
წინა სტატიაბიო-ბიო: დაიბრუნეთ გამარჯვების გემო!
შემდეგი სტატიაშავი, გიჟი კაცი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.