შონ რაიტ-ფილიპსი და ბრედლი რაიტ-ფილიპსი „მანჩესტერ სიტიში“ მოთამაშე ძმები არიან და თუ შავ იუმორად არ ჩამოგვართმევთ, გეტყვით, რომ ძალიან გაუმართლათ, მათი დედა მამა ფილიპსს რომ გაეყარა და „არსენალის“ ცნობილ თავდამსხმელს, იან რაიტს მიეცა ცოლად. იმიტომაც არიან ახლა ძმები რაიტ-ფილიპსები ფეხბურთელები, ხოლო დიდი იან რაიტი მოწიწებით დაბრძენებულა ტრიბუნაზე და გამზრდელი მამის ცრემლს იწმენდს.

ერთხელ განრისხდა მხოლოდ, როდესაც მადრიდში, ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრის დროს ტრიბუნებმა ინგლისელთა ზანგ მოთამაშეებს და მათ შორის მის შონს ფრიადი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჩვენც ამაზე გაგვახსენდა…

სადაც პრობლემაა, იქაა იან რაიტიც. ჯერ კიდევ მისი ფეხბურთელობისას ამბობდნენ, რომ კონფლიქტების რაოდენობით რაიტმა 90-იანი წლების უდიდეს ინგლისელ მძლეოსანს, ლინფორდ კრისტისაც კი გადააჭარბა. ერთხელ, 1992 წლის ნოემბერში, მან შუა თამაშში მუშტი-კრივი აუტეხა მეტოქეს დევიდ ჰაუელს და შემდეგ განაცხადა:

„ჯორჯ გრემს აქვს ჩემთვის ნათქვამი, შენში ცეცხლია და ამ ცეცხლის ჩაქრობა არაფრით შეიძლებაო. მან მითხრა, რომ ფეხბურთელი სწორედ ამ ცეცხლის გამო გავხდი, ხოლო ერთადერთი, რაც მჭირდება, მისი კონტროლირებაა“.

აი, ასე: ცეცხლი, რომლის ჩაქრობაც არ შეიძლება…

„ჩვენთან, „არსენალში“ უკლებლივ ყველა ფეხბურთელს ევალებოდა იანის მსაჯისგან მოცილება – იგონებს მისი მეწყვილე მაშინდელ „მეთოფეთა“ თავდასხმაში ალან სმიტი – ის არც ერთ სხვა მოთამაშეს არ ჰგავდა, მისი გადაკეთება ყოვლად შეუძლებელი იყო. მისგან ამ გიჟური ვნების და სითამამის მოშორება მკვლელობის ტოლფასი იქნებოდა“.

რამდენი ფეხბურთელი და მსაჯი ჩამოვთვალოთ, რომელთაც რაიტის წინააღმდეგ ხმამაღლა, პრესისა და ტელევიზიის საშუალებით გაულაშქრიათ: ალექს რეი, სტივ უოლისი, პეტერ შმაიხელი, რობი ჰართი, ჯეფ უინტერი, დევიდ ელერეი. მათ გარდა კი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის უამრავი თანამშრომელი, მაგრამ იან რაიტს სიშლეგის გარდა დადებითი თვისებებიც ჰქონდა და ამ, დადებით ფრონტზე არანაკლები გატაცებით იბრძოდა.

ყველაზე მეტად „არსენალის“ თავდამსხმელი მონაწილეობდა ანტირასისტულ კამპანიაში და საქმე იქამდეც მიიყვანა, რომ მის დამსახურებებზე თვით ზემოხსენებული ასოციაციის ჩინოვნიკებმაც დაიწყეს ლაპარაკი. ერთი სიტყვით, ფორვარდისა და ინგლისური ფეხბურთის შეფების ურთიერთობა ძალიან ტკბილ-მწარე თუ მტრულ-მოყვარული გახლდათ, მათ თუ ერთ დღეს ერთმანეთი სძულდათ, ხოლო მეორე დღეს თანამოაზრენი ბრძანდებოდნენ.

აი, როგორ იგონებს იან რაიტი 1995 წელს, როდესაც მას რუმინელებთან სათამაშოდ ნაკრებში დაბრუნება სთხოვეს:

„მაშინ ვთქვი, რომ ყველაფერი თავისი ცუდით და კარგით უნდა მიიღო, რადგან ცხოვრება სიყვარულსა და სიძულვილს, ომსა და მშვიდობას ჰგავს“.

იან რაიტის სულ პირველ გუნდში, რომელსაც „ენ ემ ბი“ ერქვა, ჯერ კიდევ მისი ყმაწვილობის დროს მოედანზე ერთდროულად ათი ფერადკანიანი ბიჭუნა დარბოდა და შემდეგაც, როდესაც „კრისტალ პალასში“ დაიწყო თამაში, გუნდი სანახევროდ თეთრი იყო, სანახევროდ კი შავი. ფორვარდის კერპები იყვნენ სირილ რეჯისი და ლორი კანინგემი.

ერთის მხრივ, რაიტის ეპოქაში, ინგლისში, ფერადკანიან ფეხბურთელებს ბანანებს აღარ ჩუქნიდნენ, ყვავილებს უგზავნიდნენ, მაგრამ მეორეს მხრივ, მისი პირველი ნაბიჯები ძნელი იყო – მას კარგად ახსოვს ჯიმი ჰენონი და ჯორჯ ვუდი, რომლებიც შავკანიან ბიჭებს, მას, ენდი გრეისა და ტონი ფინეგანს საჩხუბრად მიზეზებს უგონებდნენ.

ნაკრებში იან რაიტმა პირველად 1989 წლის დეკემბერში ითამაშა იუგოსლავიის წინააღმდეგ.

„ის დღე, როდესაც ინგლისის ნაკრების მაისურა პირველად ჩავიცვი, საძაგელი გამოდგა. თითქოს საამაყო დღედ უნდა შემორჩენოდა მეხსიერებას, მაგრამ რასიზმმა გააფუჭა. ჩვეულებრივ რასობრივ დისკრიმინაციას მოთმინებით ვეპყრობოდი, მაგრამ მაშინ ჭკუიდან გადავედი, მე ინგლისის ნაკრებში ვთამაშობდი, ინგლისელი ფანები კი კანის ფერის გამო მაგინებდნენ და ნაცვლად იმისა, რომ სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვყოფილიყავი, სტადიონი ნაცემივით დავტოვე“ – ამბობს ლეგენდარული ფორვარდი, რომლის ბიოგრაფიიდან თქვენის ნებართვით, შემდეგ ასეთ ეპიზოდს მოვიტანთ:

„არსენალს“ მილუოლში ჰქონდა თამაში. მატჩის წინ, კრებაზე, ჩვენი წერილის გმირმა თანაგუნდელები გააფრთხილა, რომ ამ ქალაქში სტუმრებზე საგანგებოდ ზემოქმედებდნენ, ცდილობენ ისინი მტრული გარემოთი დააშინონ და მტრობითვე პასუხის სურვილს იწვევენ. და მართლაც, იმ დღეს იან რაიტი მილუოლელებს მიზანში ჰყავდათ ამოღებული.

სტელა ორაკვიუს წიგნში ვკითხულობთ: „მას აფურთხებდნენ, შეხვედრის მიწურულს ერთი მილუოლელი ფეხბურთელი სარმებს უდებდა, საფინალო სასტვენის შემდეგ მოედნიდან პოლიციელის დაცვით გაიყვანეს, ხოლო მისკენ გადმომხტარი ქომაგის დასაჭერად, „არსენალის“ ექიმს მოუწია გავარდნა“.

ამ ისტორიის გაგრძელება ის არის, რომ თებერვალში იან რაიტმა ჯარიმა 750 გირვანქა გადაიხადა… „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ ქომაგებისკენ გადაფურთხების გამო. ცნობისთვის: ლესტერის ცენტრის მონაცემებით, „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ ქომაგთა 97 პროცენტი თეთრკანიანია.

შემდეგ, 1995 წლის ოქტომბერში იან რაიტი 1 500 გირვანქით დააჯარიმეს. ეს ამბავი ჯერ ბარნსლიში მოხდა, სადაც ტრიბუნიდან ლონდონელთა ფორვარდს შეურაცხმყოფელ სიმღერებს უმღეროდნენ, ხოლო შემდეგ ოლდემში, სადღაც სექტორებიდან ფურთხება დაუწყეს, რაზეც მან ფურთხებითვე უპასუხა.

ციტატა ძველი THE OBSERVER-იდან: „მინდა სახელი გავითქვა, როგორც ადამიანმა, რომელმაც თავი არავის მიჰყიდა;

როგორც ადამიანმა, რომლითაც შავკანიანი ხალხი იამაყებს, როგორც მალკოლმ იქსივით უშიშარმა. კარგად მესმის, რომ სამაგალითო კაცი არ ვარ და საერთოდაც, ასეთი ადამიანის როლს ვერ აირჩევ, მან უნდა აგირჩიოს, ხოლო შენ, თუ ასე მოხდება, იგი უნდა მიიღო.

ჩვენ, ზანგებმა ეროვნულობა არ უნდა დავკარგოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიტანეთში ვცხოვრობთ. აქ ხომ კოსმოპოლიტური საზოგადოებაა. მწამს, რომ შავკანიანებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ, გაერთიანდნენ და ამით სხვა რამის სიყვარულზე იფიქრონ“.

ეს იან რაიტის სიტყვებია.

ხოლო „შავი“ გაზეთის, „ახალი ერის“ სპორტული რედაქტორი , რონ შილინგფორდი ასე ბრძანებდა:

„იან რაიტი გართობის სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შავკანიანია. მისით ბავშვები და დიდები ერთნაირად არიან აღფრთოვანებულნი, ხოლო მისი ხულიგნური გამოხდომები ამტკიცებს, რომ ისეთივე ადამიანია, როგორც მისი ძმები“.

ძმებში ალბათ ზანგებს გულისხმობდა…

22.03.2005

წილი
წინა სტატიაჩვენ ერთად ვართ მთავარია…
შემდეგი სტატიაიგუაინი თუ АК-47
პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.