პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე ამბებით მდიდარმა მორიგმა დღეებმა ჩაიქროლა და სპორტის რიგ სახეობებში თავიდან მორიდებული ფავორიტებიც მოცოცხლდენენ. ჩაგდებული სპრინტის შემდეგ საბიათლონე კლანჭები გამოაჩინა ფრანგმა მარტინ ფურკადმა, რომელმაც 12,5 კილომეტრზე გამოდევნებით რბოლა მოიგო. ბიათლონის ეს დისციპლინა, რომელსაც სიმარტივისთვის პასიუტსაც უხმობენ, შედარებით ახალია და შედარებით ახირებული წესები აქვს. მასში წინა ეტაპზე ჩატარებული სპრინტის (ხანდახან ინდივიდუალური რბოლის და მას-სტარტის) 60 საუკეთესო ბიათლონისტი ერთვება შემდეგი პრინციპით: ადგილს მონაწილეები მოსწყდებიან იმ მიმდევრობით და ჰანდიკაპით, რომლითაც წინა დისციპლინა განასრულეს. საცეცხლე მიჯნა ოთხია, ორჯერ წოლით და ორჯერაც დგომით სროლისთვის. საჯარიმო წრე 150 მეტრი სიგრძის გახლავთ, ანუ აცილება ხშირად წაგების ტოლფასია.

ფურკადი შუაგზაზე დაწინაურდა, უნაკლოდ იხმარა შაშხანა (ცალი ჯარიმა) და მეოთხე საცეცხლე მიჯნის უზადოდ დაძლევისთანავე მუშტი ჰაერში აიქნია, რადგან მისი დამწევი არავინ ჩანდა. გზის დასკვნით მონაკვეთზე ფრანგმა ძალების ზედმეტი დაძაბვის გარეშე ისრიალა და შორს მომყოლ გერმანელ ბენედიქტ დოლს თორმეტიოდე წამი სულგრძელად აჩუქა კიდეც. გარდა ამისა, ვიღაც საზრიანმა ფურკადს საფრანგეთის დროშაც მიაწოდა და ასე ზარ-ზეიმით გადაალახინა ფინიშის ხაზი. ფურკადის დევნაში გართულ დოლს კი შვედი სებასტიან სამუელსონი წამოჰპარვოდა უკნიდან და აკი ვერცხლის მედალიც წაერთმია მისთვის.

სამუელსონი, ფურკადი, დოლი – პასიუტის ოლიმპიური ტრიო. ფოტო: www.pyeongchang2018.com

იოჰანეს ბიოს კი აშკარად ოლიმპოფობია შეჰყრია, გამოდევნით რბოლაშიც, შეუპოვარი სრიალის მიუხედავად, ვერა და ვერ გაისწორა სამიზნე. იოჰანესის უფროსი ძმა ტარიეი ბიო უფრო ყოჩაღად გამოიყურება, მაგრამ მედალს ჯერჯერობით ისიც ვერ გაეკარა.

ლაურა დალმაიერს ოლიმპიური ტიტულებით დანაყრება ვერ მოუხერხებია. გუშინდელი 10-კილომეტრიანი პასიუტი ქალთა შორის ისევ გერმანელს დარჩა და ისიც ფურკადივით დროშით ხელში გადავიდა ფინიშის ხაზზე. სლოვაკო-რუსმა ანასტასია კუზმინამ ვერცხლის მედალი ბეწვზე (0,2 წმ) ააცალა ფრანგ ანაის ბესკონს, რითაც სპრინტში ჩავარდნა გამოასწორა. კუზმინამ ვერცხლი სიხარულის კივილით აღნიშნა.

გახურდა სამთოთხილამურობაც. ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა კომბინაცია მოიგო და სპორტის ამ სახეობაში თავის მონოპოლია ორიოდე აგურით კიდევ გაამყარა. კომბინაცია სწრაფდაშვებით დაიწყო და ჰირშერის მე-12 შედეგის გამო იონგსონის ალპურ ცენტრში თავმოყრილ მცირერიცხოვან ავსტრიელ ქომაგებს გულს არ შემოყრიათ, რადგან თავპირის მტვრევა მისი სტიქია არ გახლავთ. სლალომში კი ჰირშერი რომ უბადლოა, “ევროსპორტის” კოლაჟიდანაც მშვენივრად ჩანს. სწრაფდაშვების ლიდერმა, გერმანელმა თომას დრეზენმა სათხილამურო სპორტის ყველაზე ზუსტ სახეობაში ვერ ივარგა სწორედ და ჯამურად მხოლოდ მე-9 იყო. პოდიუმის ფლანგები ფრანგებმა შეავსეს.

ქერლინგის შერეულ წყვილთა შეჯიბრი მოწმენდილ ცაზე მეხის ყოველგვარი გავარდნის გარეშე დასრულდა – კანადამ გაიმარჯვა. ნეკერჩხლის ფოთლებმა (ქეთლინ ლოიესი, ჯონ მორისი) შვეიცარიასთან ფინალიც ისე ძალდაუტანებლად მოიგეს (10:3), მგონი ვარჯიშზე ეგონათ თავი. ბარაქალა აგრეთვე ოლიმპიურ ათლეტებს რუსეთიდან, რომელთა ანგარიშზეც ბრინჯაოს მედალი აღინუსხა. მესამე ადგილი მათ საკმაოდ იოლად ნორვეგიელებს წაართვეს.

მარსელ ჰირშერის პოზიტივი ოლიმიური ოქროს მოგების შემდეგ. ფოტო: www.pyeongchang2018.com

ქალებმა 1500 მეტრზე იციგურავეს და პოდიუმს მზის ლოგო შეეპარა: იაპონელმა მიჰო ტაკაგიმ ირგუნა ვერცხლის მედალი. ოქრო და ბრინჯაო, ბუნებრივია, ჰოლანდიელებს დარჩათ – ირეენ ვუსტი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მარრიტ ლეენსტრამ პოდიუმის უმდაბლესი საფეხური დაიკავა.

12 და 13 თებერვლის სხვა შედეგები ასეთია:

  • ფიგურული ციგურაობა. გუნდური. თავისუფალი სტილი. 1. კანადა; 2. ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან; 3. აშშ
  • ფრისტაილი (ვაჟები). 1. მაიკლ კინგსბერი (კანადა); 2. მეტ გრემი (ავსტრალია); 3. დაიჩი ჰარა (იაპონია)
  • ტრამპლინიდან ხტომა (ქალები, ინდივიდუალური). 1. მარენ ლიუნდბი (ნორვეგია); 2. კატარინა ალტჰაუსი (გერმანია); 3. სარა ტაკანაში (იაპონია)
  • სნოუბორდი (ქალები, სნოუპსტაილი). 1. ჯემი ანდერსონი (აშშ); ლორი ბლუინი (კანადა); 3. ენი რუკაიარვი (ფინეთი)
  • თხილამურობა (ქალები, კლასიკური სპრინტი). 1. სტინა ნილსონი (შვედეთი); მაიკენ კასპერსენ ფალა (ნორვეგია); იულია ბელორუკოვა (ოლიმპიური ათლეტი რუსეთიდან)
  • თხილამურობა (ვაჟები, კლასიკური სპრინტი). 1. იოჰანეს ჰოსფლოტ კლებო (ნორვეგია); 2. ფედერიკო პელეგრინო (იტალია); ალექსანდრ ბოლშუნოვი (ოლიმპიური ათლეტი რუსეთიდან)
  • ციგაობა (ქალები, ინდივიდუალური). 1. ნატალი გაიზენბერგერი (გერმანია); 2. დაიანა აიტბერგერი (გერმანია); 3. ალექს გუ (კანადა)
  • შორტ-ტრეკი (ქალები, 500 მ.). 1. არიანა ფონტანა (იტალია); 2. იარა ფან კერკჰოფი (ჰოლანდია); 3. კიმ ბუტინი (კანადა)
  • სნოუბორდი (ქალები, ჰავპაიპი). 1. ხლო კიმი (აშშ); 2. ლიუ ჟიაუ (ჩინეთი); 3. არიელ გოლდი (აშშ)
  • ციგურაობა (ვაჟები, 1500 მ.). 1. კიელდ ნუისი (ჰოლანდია); 2. პატრიკ რიოსტი (ჰოლანდია); 3. კიმ მინ სეოკი (სამხრეთ კორეა)

მეოთხე ოლიმპიური დღის ბოლოს ძლივს და ცოტა ხნით მოხერხდა მედლების საერთო ჩათვლაში პირველი პოზიციიდან გერმანიის ჩამოშორება. სამი ოლიმპიური დღის მანძილზე რამდენიმე ქვეყანა (კანადა, აშშ, ნორვეგია, ჰოლანდია) ეჯაჯგურებოდა გერმანელებს ჯგუფური პირველობისთვის და ბოლოს, ჰოლანდიელებმა გაუსწრეს მეზობლებს და მედლების საერთო რაოდენობაც პირველებს გაუხდათ ორნიშნა (იხილეთ ცხრილი “სარბიელის” პორტალზე, ხელმარჯვნივ). შემდეგ მედლების რაოდენობა კანადელებსაც გაუათდად, 11 დაუგროვდათ ნორვეგიელებს, მაგრამ რა: ნატალი გაიზენბერგერის სანაქებო ციგაობამ და მეხუთე ჯამურმა ოქროს მედალმა ისევ გერმანია აქცია საერთო ჩათვლის მოწინავედ. ბევრს ადრეც უკითხავს და ჩვენც გავიმეორებთ: რატომ მაინცდამაინც ოქროს მედლების ოდენობა წყვეტს მედლების გუნდური ჩათვლის ბედს, რამენაირი ოქრო-ვერცხლი-ბრინჯაოს კოეფიციენტების შემოღება ხომ არ იქნებოდა უპრიანი? ამ კითხვას “სარბიელის” მკითხველს სადისკუსიოდ ვუტოვებთ.

წილი
წინა სტატიაალბერტო ტომბა გახსოვთ?
შემდეგი სტატიაჩვენ ერთად ვართ მთავარია…
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია