მიყვარს ზამთრის ოლიმპიადა. საოცარი ხიბლი აქვს. ზიხარ ტელევიზორთან კომფორტულად, მიირთმევ ყავას და მთელი მსოფლიოდან თავმოყრილი საუკეთესო გოგო-ბიჭების შესრულებულ ილეთებს უყურებ: ან საიდან ხტებიან, ან როგორ ბზრიალებენ, ან რა სისწრაფით მოქრიან…
მაგრამ, თუ მიაქციეთ ყურადღება, რომ პიონგჩანგში შეჯიბრებებს ცოტა ხალხი ესწრება? ალბათ იმიტომ, რომ ცივა; ალბათ იმიტომ, რომ კორეელებს ზამთრის სპორტი ევროპელებივით არ უყვართ; ალბათ იმიტომ, რომ ტელერეპორტაჟებს საგანგებოდ ურჩევენ დროს, რის გამოც ტრამპლინიდან ხტომები შუაღამესაც გადაცდა…
აი, მე კი თეთრ ოლიმპიადაზე გარეთ დგომასთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს. უფრო სწორედ, მოგონება.
გახსოვთ ლეგენდარული სამთო მოთხილამურე ალბერტო ტომბა? ცხადია გახსოვთ. მეც მახსოვს და მერე როგორ.
ეს ამბავი ლილეჰამერში მოხდა, 1994 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, სადაც „სარბიელმა” მიმავლინა. მაშინ, 24 წლით უმცროსი ვიყავი. ტომბაც 24 წლით უმცროსი იყო. და ეს იყო პირველი ოლიმპიადა, რომელშიც ქართველი სპორტსმენები თავიანთი ქვეყნის სახელით გამდიოდნენ.
— ხვალ შეჯიბრებას აუცილებლად უნდა დავესწროთ. ბოლოს და ბოლოს სათქმელი გვექნება, რომ ალბერტო ტომბა ცოცხლად გვინახავს, – თქვა ერთ-ერთმა ჩვენგანმა და ყველანი ავყევით.
— აბა, რა!
— რასაკვირველია!
პრეს-ცენტრში ადრიანად მივედით, კომპიუტერებთან დავბანაკდით. იქ თბილა, ტელევიზორი და უფასო „კოკა კოლაა”. კიდევ, სტარტ-ლისტია, სადაც წერია ვინ როდის გამოდის. გადავწყვიტეთ, ტრასასთან ტომბამდე რამდენიმე კაცით ადრე გავსულიყავით და კარგი ადგილები შეგვერჩია. ისე მოხდა, რომ სანამ წინა დღის ამბები დავწერე და რედაქციაში ფაქსი გავაგზავნე, ტომბას გამოსვლა მოახლოვდა. ტრასასთან რომ გავედი და ჩვენებს შევუერთდი, უკვე იტალიელის ჯერი იყო.
— აბა, – მოვიფშვნიტე ხელები და….
შემდეგ იყო დიდი პაუზა, რის მერეც ცხვირწინ ვიღაცამ ჩამიქროლა და გაქრა.
მიმოვიხედე. კი მივხვდი რაც მოხდა და ვინც ჩამიქროლა, მაგრამ გულში მაინც ვებღაუჭებოდი იმედს, რომ რაიმე სანახაობა ჯერ კიდევ მელოდა.
ამაოდ.
— ახლა კი პრეს-ცენტრში შევიდეთ და შედეგები ვნახოთ, – თქვა ერთ-ერთმა.
ლილეჰამერში ალბერტო ტომბამ სლალომში ვერცხლის მედალი მოიგო.