მოკრივის ყოფა ხომ ასეთია – ერთ დღეს ყველაფერი მთავრდება. უფრო სწორად კი, ადამიანი ხვდება, რომ იქ, რინგზე მისთვის ყველაფერი დამთავრდა. ასეთია დროისა და ცხოვრების კანონი. ყველაფერი წყდება და მოკრივე, ერთ დროს ცნობილი და სახელგანთქმული, ყოველდღიურობაში დაინთქმება ხოლმე.

რინგს გარეთ ის მილიონებში ითქვიფება და მხოლოდ ვიღაც თუ იტყვის: „გახსოვთ? ეს ის არის“.

შუგარ ლეონარდის მუშტი ბევრს მწარედ მოხვედრია

რინგის დატოვება, ხელთათმანების უჯრაში შენახვა ყოველთვის დიდი პრობლემა იყო. ასობით სახელოვანი მებრძოლი გაუგიჟებია პენსიაზე ყოფნას და კვლავ აბობღებულა რინგზე. მართალია, იშვიათად მომხდარა, რომ მობრუნებულ კაცს რაიმე წარმატებისთვის მიეღწია. მაგრამ… თავისი გულისთქმა მაინც აუსრულებია. საშუალო წონის ლეგენდა შუგარ ლეონარდი, პატივითა და დიდებით მოსილი კაცი მხოლოდ იმიტომ მიუბრუნდა კრივს, რომ ბავშვებისთვის თავი დაემახსოვრებინა – მე დიდი მოკრივე ვიყავი და ახალთაობას არ ვუნახივარო.

ახალთაობამ კი წარბგახეთქილი და წაქცეული იხილა. და მაინც, შუგარი კმაყოფილი დარჩა.

წასვლა ძნელია, წარმოუდგენლად ძნელი.

შუგარ რეი რობინსონი, ჟურნალ „რინგის“ მიერ ბოლო ნახევარი საუკუნის საუკეთესო მოკრივედ შერაცხული საშუალოწონოსანი, დიდი ჩემპიონი, რომლის გამოც ჯერ კიდევ 40-იან წლებში იწერებოდა წიგნები, ამბობს: „კაცი დარწმუნებულია, რომ როგორც კი შეატყობს, აღარ ვარგა, წავა. მაგრამ თენდება, გრძნობ, რომ არ ვარგიხარ და მაინც ვერ ეშვები საქმეს“.

ვის, ვის და დიად შუგარ რეის კი ეთქმოდა ეს სიტყვები. ის ხომ 44 წლისა ძლივს გაეტია რინგიდან.

ტეხასური ლუდის საწყობებიდან დაუბრუნდა კრივს ჯორჯ ფორმენი და ბევრი იარა, სანამ დიდ ბრძოლებში ჩაებმებოდა. ახლაც რინგზეა – მეორეხარისხოვან მოკრივეებთან ქულებით აგებს და მხიარულია. ძია ჯორჯი მილიონერია. განა აღარ ეკუთვნის დასვენება ორმოცდაათს მიტანებულს? მაგრამ ვერ გადაწყვიტა.

„ოცდათექვსმეტი წლისა რომ ხარ, ხვდები, რომ უნდა წახვიდე. მაგრამ რაღაც გქაჩავს შიგნიდან, მოიცადე, ერთხელაც გადი, ერთხელაც. და ეს ერთხელაც აღარ მთავრდება“ – ეს მუჰამედ ალის სიტყვებია.

ასე რომ, ძნელია, მაგრამ გარდაუვალი. დარბაზს იქით კი სულ სხვა ცხოვრებაა. სხვა ხალხის ისმის იქ ჟრიამული.

ვინ საით?

ასეა, როცა მოქალაქედ იქცევი: მოკრივენი საოცრად მორწმუნე ხალხია. ბევრ მათგანს ხელთათმანი ანაფორაზე გაუცვლია. ბევრიც ისეთ საქმეში ჩართულა, ღმერთთან და კრივთან არანაირი კავშირი რომ არა აქვს. ბევრი კი კვლავ რინგის გარშემო ტრიალებს.

პირდაპირ რომ ჩამოთვალო, ძალიან საინტერესო სურათს ნახავ: ბენი ბრისკო მუშა გახდა, ჰენრი არმსტრონგი – მინისტრი. მიკი უოკერი გამსახიობდა. კარმენ ბაზილიო ლუდის ბიზნესში ჩაერთო. არჩი მური ლოს ანჯელესის ქუჩის ბიჭების გამომსწორებელი შეიქნა, თავად რონალდ რეიგანის ბრძანებით ჯერსი ჯო უოლკოტი საკრივო კომისიონერად მოეწყო, ფლოიდ პატერსონი – ნიუ იოკრის ათლეტთა საქმეების კომისიის უფროსად. მაქსი როზენბლუმი, რომელიც 299-ჯერ გავიდა რინგზე, ღამის დუქან „სლაპსი მაქსის“ მეპატრონედ გამოგვეცხადა. ჯორჯ ჩუვალოს ტელეშოუ მიჰყავს კანადაში. ლეო რენდოლფი ტრაილერის მძღოლია, მაქს შმელინგი კი „კოკა-კოლას“ გერმანული ფილიალის თავკაცი. მარეინ ჰაგლერი იტალიაში ცხოვრობს და იქ ტელეფილმებში თამაშობს. კარლოს მონსონი ციხეში მოხვდა მკვლელობისთვის. იქვე იყვნენ ტრევორ ბერბიკი და ტონი აიალა. ბობ ფოსტერი პოლიციელი იყო და ახლა შერიფია. ნარკოტიკებით გატანჯული აარონ პრიორი რინგზე დაბრუნებაზე ოცნებობს, ნიკარაგუელ ლეგენდას ალექს არგუელოს კი სასტუმროები აქვს მაიამიში. ჯო ფრეზერი ჩრდილოეთ ფილადელფიაში საკრივო დარბაზების ქსელს ფლობს და იქ მოვარჯიშეებს უგდებს თვალ-ყურს, ვილი პეპი კაზინოებთან ტრიალებს.

და ჯო ლუისი? ჯო ლუისი, რომელმაც 23-ჯერ დაიცვა ტიტული და პირადად მოიგონა რამდენიმე დარტყმა. ჯო ლუისი – ამერიკის „დიდი შავი იმედი“.

ჯო ლუისთან ბრძოლა ხშირად ასე მთავრდებოდა

საბრალო ჯო ლუისი. იმ ბრჭყვიალა ლას-ვეგასში „სეზარ პალასში“ იდგა, როგორც საკუთარი თავის ცოცხალი ძეგლი და მომსვლელებს უჩვენებდნენ, აგე, მძიმე წონის ცოცხალი ლეგენდა, ღირსება და სიამაყე ჯო ლუისიო. იდგა და იდგა. ბოლოს ვეღარც იდგა და ინვალიდთა სავარძელში ჩასვენებული ედოთ გამოსაჩენ ადგილას, ძირითადად იმისთვის, რომ შემოსულ ტურისტებს მასთან სურათი გადაეღოთ.

მგონი, იმ სავარძელში მოკვდა.

მანამდე კი, სხვების მსგავსად, ისიც დაბრუნდა, დაბერებული და გასუქებული. წაიქცა და წავიდა. ვერაფერი გააკეთა, უფრო სწორად, მისი პროფესია ჩემპიონობა იყო.

ძნელია, მილიონები არაფერს წყვეტს.

ძმები

ორი მოსული, ჯანიანი, მოცინარი ზანგის ბიჭი. მადლიანი მუშტებით, განიერი მხრებით, სიმღერასავით ლაპარაკით. ორივე ოლიმპიური ჩემპიონია – 1976 წელს მონრეალის რინგის დამპყრობი.

ძმები ლეონ და მაიკლ სფინქსები სამხრეთში, მისურის შტატში დაიბადნენ, ღატაკთა აღმოსავლეთ სენტ ლუისში ეზიარნენ მუშტის ხელოვნებას და იქიდან შეიქნენ სახელოვანნი.

გულღია, უეშმაკო და კეთილი ბიჭები იყვნენ, ორივენი დედამ გაზარდა, რადგან მამამ ვაჟებს წამოზრდა რომ დაატყო, სახლიდან წავიდა, აქაოდა, თავის რჩენა უკვე შეუძლიათო. ლეონი სამი წლით უფროსი იყო მაიკლზე. ვარჯიშისას მაიკლი ცდილობდა, ლეონს მორეოდა, მაგრამ ყოველთვის უფროსი სჯობდა. პროფესიონალ მოკრივეებად გახდომა და მძიმე წონის ჩემპიონობა მათი ბედი იყო.

მოგვიანებით მაიკლი ამბობდა, მამაჩემი რომ სახლიდან არ წასულიყო, ეგებ კრივს არც მივყოლოდითო. ლეონს იმთავითვე ყველა სცნობდა, რახან მოცინარი ბიჭი იყო და კბილები კი არ შერჩენოდა.

ოლიმპიადა მათი იყო, ძმებმა ამერიკას სახელი მოუტანეს, შინ დაბრუნებულებს პროდ გახდომა არც უფიქრიათ. ოქროს მედლები კედელზე ჩამოკიდეს და სამსახურის ძებნა დაიწყეს. ლეონი საზღვაო ქვეითი შეიქნა, მიაკლს კი ვერაფერიშვილი სამსახური გამოუვიდა – საპირფარეშოების მწმენდავად მოეწყო. ნაწყენი იყო, განა თეთრ ჩემპიონს ჯაგრისს მისცემდნენ ხელში? მერე ის პრო და ქვემძიმე წონის გამორჩეული მებრძოლი შეიქნა. ამ წონაშიც გახდა ჩემპიონი და მძიმეშიც, რასაც ლარი ჰოლმსის ცემით მიაღწია, 1988 წელს მაიკ ტაისონმა წააქცია და ამით მოუმთავრა საქმე.

ლეონსაც დიდხანს არ უმსახურია ჯარში. მენეჯერმა ბაჩ ლუისმა პროდ აქცია და მძიმეწონოსანთა ორომტრიალში შეაგდო. და იცით რა მოხდა? ლეონ სფინქსმა, რომელსაც მძიმე წონაში სულ შვიდი ბრძოლა ჩაეტარებინა, მუჰამედ ალის ჩემპიონის ტიტული წაართვა. ალი სხვა იყო, მან ტიტული რვა თვეში დაიბრუნა.

უკბილო ლეონი კი იმადვე დარჩა, რაც იყო, მოცინარ, იუმორით გაჯერებულ, თავმდაბალ გოლიათად. მაიკლიც ასეთი იყო.

მხიარული სამხრეთელი ბიჭები.

ლეონი

და რა არის კრივიდან წასვლა? ერთი დროება ვის შერჩენია?

საუცხოო მოკრივე ლეონ სფინქსი დღეს ჩიკაგოს ახლო პატარა ქალაქში ცხოვრობს, მეორე ცოლ ბეტისთან ერთად. საუცხოოდ მოკრივე მაიკლ სფინქსი მერილენდის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს ქალიშვილ მიშელთან ერთად.

ჩაიარა მშფოთვარე 80-იანმა წლებმა. ძმები ვეტერანებად იქცნენ, თუმცა ეგრეც ვერ მოერგნენ რაიმეს და ფინანსური წარმატებაც ვერ ნახეს. თავიანთ პატარა ქალაქებში, ბისტროებსა და ბარებში მათ ბებიებიც კი იცნობენ.

„თქვენ ლეონ სფინქსი ხართ“?

„ნამდვილად“ – იცინის ლეონი.

„უიმე, არა. ლეონ სფინქსი უკბილო იყო“.

აი, ასე ცხოვრობენ.

ჩემპიონი: ლეონ სფინქსი

ამბობენ, რომ ცოლებმა ცხოვრება აურიეს ძმებს. ბეტიმაც კი გული გაუწვრილა ლეონს. მაგრამ ძმები ასეთები იყვნენ. ისინი ძალიან მხიარულები და გულალალნი გამოდგნენ იმისთვის, რომ გეგმაზომიერი ცხოვრება შეძლებოდათ.

ლეონი: „ალი რომ გადავმარცხე, კლუბში წავედი და მთელი ღამე ვცეკვავდი, ბოლოს ფეხზე ვეღარ ვიდექი და ძმაბიჭებმა ხელში აყვანილი მიმიყვანეს სასტუმროში.“

ლეონი საოცარი ბიჭი იყო, სიტყვა ფულის მფლანგველი ვერ გამოხატავს მის ხასიათს. ლეონი დროსტარების მოყვარე იყო, ალალი დროსტარებისა. განა იმიტომ დადიოდა ბარებსა და კლუბებში, რომ ოქროს სამკაულები გამოემზეურებინა? არა, მას მხიარულება უყვარდა. ალალად მომლხენი ბიჭი იყო, მაგრამ არა მფლანგველი. კარიერას რომ ასრულებდა, ხუთ მილიონამდე ფული ჰქონდა დაბანდებული და თავსაც მშვენივრად გრძნობდა. არ იყო შავი ფიქრების ბიჭი.

კაცი არ მოიძებნებოდა დიდი ქალაქების ბარებში, რომ არ ეთქვა: „ლეონ სფინქსი გაგიგიათ? გუშინ ისე ჯიგრიანად ჩავსკდი მაგასთან ერთად, რომ თქვენი მოწონებული. ოქრო ბიჭია, ცხვირს კი არ იბზუებს სხვებივით. თან როგორ იღრიჯება“?

ლეონი: „ცოტა პლანს მოვწევდი, დავიდგამდი სირჩა ლიქიორს და ვკაიფობდი ჩემთვის. მაგრამ ვარჯიშით პატიოსნად ვვარჯიშობდი. ვარჯიშისას არასდროს მომიწევია და დამილევია“.

ლუისი ამბობდა, ამ ბიჭს ისეთი გული და ხასიათი აქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანური სითბო სჭირდება, რადგან ჩვეულებრივ პრაქტიკულ ფიქრს ძნელად ეგუებაო.

ლეონმა მართლაც სასწაული მოახდინა – მან ალი დაჯაბნა. ხალხს აშკარად მოსწონდა ეს ბიჭი, რომელმაც მთელი საკრივო სამყარო ზურგზე წამოიკიდა და რინგზე ცეცხლის დანთების უნარით ყველა განაცვიფრა. მსოფლიო მის ფერხთით იყო, მაგრამ ლეონ სფინქსს არ უნდოდა მსოფლიო და საერთოდ, ჯერ არ დაბადებულა კაცი, რომელიც ამგვარად იცინოდეს და მსოფლიოს დაპყრობა უნდოდეს.

ლეონ სფინქსი თვითმკვლელი იყო და ამას იმგვარი გულუბრყვილობით სჩადიოდა, რომ გარშემომყოფნი დრამას ლანდავდნენ.

ლეონ ქილერი

და მოსახდენი მოხდა. არა რინგზე, სადაც ლეონი აღარავის ახსოვდა, არამედ  ჯიბეში. ლეონ სფინქსმა მოკლა საკუთარი თავი. ლეონ სფინქსი გაკოტრდა. სადღაც გაქრნენ მანქანები, ქალები და დუქნის ძმაბიჭები. ბაჩ ლუისმა ხელი ჩაიქნია, ხუთი მილიონი დაიკარგა, ლეონ სფინქსს დარჩა 500 დოლარის ღირებულების ტანსაცმელი და საკრივო პენსია, სულ 1600 დოლარისა, რაც იმის გარანტიაა, რომ შიმშილით არ მოკვდება…

მაგრამ ისინი ხომ ასეთი კარგები იყვნენ. ასეთი თბილი და გემრიელი ბიჭები – ლეონ და მაიკლ სფინქსები და ბაჩ ლუისმა იცოდა ესა და მაიკლს მოკიდა ხელი და უთხრა, შენ ნამდვილ კრივს უნდა მისდიოო.

მაიკლი ყველაფრისთვის მზად იყო. „მე და ლეონი ჩვენ ერთნი ვართ. მე მასთან ერთად ქუჩაში ვიცხოვრებ. არ მივატოვებ, ჩვენ ძმები ვართ. მთელი ბავშვობა ერთმანეთის ცემაში გავატარეთ, ერთადერთხელ მოვერიე. ვიჩხუბებდით და ერთმანეთს ვეხვეოდით“.

და მაიკლ სფინქსმა ტვირთი აიკიდა და ორი ქამარი იპყრა.

ლეონს კი ეკითხებოდნენ: „ამბობენ, რომ თქვენი საჩემპიონო ქამარი აუქციონზე გაიყიდა“.

„არა, მე მაქვს ჩემი ქამარი და საერთოდ, ეს ჩემი ცხოვრებაა – პასუხობდა ლეონი.

ქამარი 1985 წლის დეკემბერში გაიყიდა მისი ვალების დასაფარი ფულის საშოვნად.

და ისინი ერთად იყვნენ, ძმები სფინქსები და მოხდა ის, რაც არაერთხელ მომხდარა. ლეონ სფინქსი დაბრუნდა.

ექვს წელიწადს უქმად იყო და დაბრუნდა.

რატომ? ამბობენ, რომ ფულისთვის.

ერთი ჩიკაგოელი ადვოკატი, გვარად კალუერტი შეუჩნდა. იცოდა მისი ამბავი და ფსიქოლოგიური ტესტიც კი შეავსებინა. ფსიქიატრებსაც გაასინჯა და მათ თქვეს: ეს არის ბიჭი უზარმაზარი გულით, ეს არის გოლიათი ბავშვი, რომელსაც სიკეთისა სჯერა და შინაგანად ბედნიერია თავსდამტყდარი ამბების მიუხედავად.

და ლეონი დაბრუნდა, სულ რვა ბრძოლა ჩაატარა. ექვსი მოიგო და ორი წააგო. 1991 წლიდან 1993 წლამდე თავდაუზოგავად ივარჯიშა, მაგრამ ეს მაინც სხვა იყო. ბეტი რომ ეტყოდა, დღეს დარბაზში ვერ წახვალ, რადგან დღეს მაღაზიებში უნდა წავიდეთო. ლეონი მანქანის დასაქოქად გარბოდა. საჭესთან ბეტი ჯდებოდა, ლეონს ლიცენზია არ ჰქონდა.

თავისი უკანასკნელი ბრძოლა ლეონ სფინქსმა ქულებით წააგო მოკრივესთან, რომელსაც ორადორჯერ მოეგო და 41-ჯერ წაეგო.

ღმერთისა და ბავშვისა

ლეონ სფინქსი ქუჩისპირა კაფეში ზის და გამვლელებს ათვალიერებს. 41 წლის კაცია, გიმში დაიარება ხოლმე და ბავშვებს ავარჯიშებს. არ არის მდიდარი კაცი და თავსაც არ თვლის დიდ მოკრივედ. ამბობს, ვარჯიში ყოველთვის მეზარებოდაო. თუკი ვინმე ნაცნობი ჩამოუჯდება გვერდით, ლეონი ბავშვობის ამბებს მოიგონებს ხოლმე. დღესასწაული ის იყო, დედაჩვენი რომ ქათამს შეგვიწვავდა, ხორცი ყოველთვის გვაკლდა და მაინც ამოდენები დავიზარდეთო.

ლეონი დღესაც სამზარეულოს ამბებზე ლაპარაკს ამჯობინებს. მისი ერთი ძმაკაცი, ჩიკაგოელი ადვოკატი რობერ მაკმილარი კი ამბობს: „მაიკლმა ივარგა, ლეონმა ვერა. რას იზამ, ბიბლია რომ გადაფურცლო, ნახავ, ღმერთი თავად უვლის ბავშვებსა და სულელებს. მგონია, რომ ლეონიც ამისკენ მიისწრაფოდა მთელი ცხოვრება. ის ღმერთის საპატრონო კაცია“.

ლეონს კი უკვირს: „რა უნდათ ჩემგან? კაცი რომ მეუბნება, შენი მეგობარი ვარო, მე ის მართლაც მეგობარი მგონია. მთელი ჩემი მილიონები ასეთმა მეგობრებმა წაიღეს. მე კი რა ვქნა? აი, ჩემი პერანგი, აი ჩემი სახლი, რაც მაბადია, ყველაფერს გაჩუქებ. ცხოვრება ასეთი უნდა იყოს“.

და ის კვლავ იცინის. მობერებულია. კბილები ჩაუსვამს და იცინის, ჩანს, მაინც უხარია, რომ ოდესღაც ჩემპიონი იყო.

ლეონ სფინქსი, სენტლუისელი კეთილი ბიჭი.

მონოლოგი

„მაიკლს არ უშავდა. მე კიდევ სულ მსჯიდნენ. მაიკლი დედის რჩეული იყო. ჩვენ სახლის დალაგება გვქონდა დავალებული. თუ რაიმე ისე არ დაუხვდებოდა, დედა ყოველთვის მე მცემდა. დედაჩემს თავისი ხუშტურები ჰქონდა, მაგრამ მთვრალი საჭესთან არ ჯდებოდა. მერე რელიგიაში გადავარდა. მამაჩემი ჯიგარი იყო, მაგრამ დედას არ მოსწონდა მისი ცხოვრების წესი. ბოლოს დედამ გააგდო სახლიდან. წავიდა ის კაცი, გზა ნახა. ჩვენზე კი ჯავრობდა. მაგრამ რას იზამ? მე შვიდი თუ  რვა წლისა ვიყავი და ლეონ სფინქს უმცროსი მერქვა. მამა არ უყვარდა და მის მაგივრად მე მცემდა. დიდი ბოღმა გადმოანთხია ჩემზე.

დიდი ჯოჯოხეთი გამოვიარე. ტაფით დაწყებული, რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფრით მცემდა. ეს დიდხანს გრძელდებოდა. თხუთმეტისა რომ გავხდი, სამუშაო ვიშოვნე, პირველი ხელფასი რომ ჩავიკეცე ჯიბეში, დედაჩემი ფოსტის ყუთთან დამხვდა და სასტიკად მცემა. მეტი ვერაფერი გამოიმეტა. სახლიდან გავიქეცი. ქუჩა-ქუჩა ვათევდი და ფულს ოფლით ვშოულობდი. ასე იყო. ბეტიმ მიშველა. მან ძალა შემმატა და კალაპოტში მომაქცია. ხალხს რომ ვუსმენ, მათი დახმარება მწყურია, ზოგიერთი დამცინის ამის გამო.

მე ვფიქრობ, რომ ჩემი ოცნებები ჩემი პირადი საქმეა. კიდევ მაქვს ოცნებები, რაღაც წესიერი უნდა გავაკეთო. ხალხს ჯერ კიდევ ვახსოვარ, ქუჩაში მცნობენ“.

21.03.1998

წილი
წინა სტატიაბელგია ჩვენთან ნულია, გამოუშვით იტალია!
შემდეგი სტატიადღე პირველი, დღე მეორე…
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.