„როდესაც დენი ბურთს მიიღებს, ჩათვალეთ, რომ ათიდან ცხრა შემთხვევაში ლელოს გაიტანს. ლუგერი ფანტასტიკური მოთამაშეა“ – ეს სიტყვები ინგლისის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ფენომენალურ კლაივ ვუდვორდს ეკუთვნის.

დენ ლუგერი ახლა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის „ტულონში“ ჩვენი გია ლაბაძის მხარდამხარ თამაშობს, მანამდე კი ინგლისელთა იმ „ოცნების გუნდში“ ბრწყინავდა, 2003 წლის მსოფლიო თასი რომ მოიგო და ერთიმეორის მიყოლებით აწიოკებდა მეტოქეებს. მანამდე კი ინგლისის ნაკრების მელელოვემ 2001 და 2003 წლების ექვსი ერი დიდი სლემით მოიგო. 1998-2003 წლებში თავის ამპლუაში ბადალი არ ჰყავდა „ბარბაროსებად“ წოდებულ მსოფლიოს ნაკრებში და ბრიტანელ ლომებშიც მოასწრო თავისი ჯადორაგბობა.

ინგლისური „ჰარლექუინზი“, „სარასენსი“, ფრანგული „პერპინიანი“ ის კლუბებია, სადაც აქამდე დენ ლუგერს უთამაშია. ახლა კი ინგლისელი ვარსკვლავი „ტულონის“ მთავარი მოთამაშეა.

დენ ლუგერმა სანაკრებო კარიერა მსოფლიო თასის მოგების შემდეგ დაასრულა, ისევე, როგორც „ვარდების“ სხვა ბევრმა ვარსკვლავმა.

გაინტერესებთ მისი სანაკრებო მონაგარი?

„დიდმა დენმა“ „ვარდებში“ ჩატარებულ 38 მატჩში 24 ლელო გაიტანა, ეს კი ინგლისური რაგბის ისტორიაში მეხუთე შედეგია. რაც ლუგერმა და მისმა თაობელებმა ნაკრებს თავი დაანებეს, მას აქეთ მსოფლიოს ჩემპიონებს ცუდი დროება დაუდგათ: ვეღარც ექვს ერზე ყოჩაღობენ და ტესტ-მატჩებსაც მიჯრით აგებენ.

ლუგერს საფრანგეთში მაშინ დავუკავშირდით, როცა გია ლაბაძესთან ერთად სადილობდა.

– ნაკრებში ხუთი წელი თამაშობდით, შინაურ ამბებში ჩახედული ხართ და, თქვენი აზრით, რა არის ინგლისის ნაკრების კრიზისის მიზეზი?

– უპირველესი მიზეზი თაობათა ცვლაა. მსოფლიო თასის შემდეგ გუნდის ლიდერებმა სანაკრებო კარიერა დაასრულეს. ისეთ საკვანძო და უმნიშვნელოვანეს მოთამაშეებს კი, როგორებიც ჯონი უილკინსონი და ლოურენს დალალიო არიან, მთელი სეზონი ტრავმების გამო გაუცდათ. არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი გუნდს არ დასტყობოდა, თანაც, გასათვალისწინებელია მწვრთნელის ფაქტორი. ჩემი აზრით, უდიდესი მწვრთნელის კლაივ ვუდვორდის წასვლამ აწყობილი გუნდი დაშალა. ახალმა მწვრთნელმა ვერ შეძლო გუნდის შეკვრა, ახალბედებით სავსე და ექსპერიმენტებით გზააბნეულმა ნაკრებმაც მატჩი მატჩზე წააგო. ახლა ვითარება შეიცვალა. ნაკრები სულ ახლახან ბრაიან ეშტონმა ჩაიბარა. ეშტონი ფორვარდების საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია. ამასთან, ეშტონს უყვარს შემტევი რაგბი. მისი მუშაობის შედეგს მალე დაინახავთ.

– შემოდგომაზე გასამართ მსოფლიო თასამდე ეყოფა ეშტონს დრო, ისეთი გუნდი – შეკრას, რომელიც ტიტულის შენარჩუნებას შეძლებს?

– ეს დრო საკმარისია საჩემპიონო გუნდის გასაკეთებლად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიო თასი საფრანგეთში ტარდება და მასპინძლები ამბობენ, ან ახლა ვხდებით ჩემპიონები, ან არასოდესო. ერთს კი გეტყვით, ეშტონის ხელში ინგლისის ნაკრები ლაღ, შემტევ და ლამაზ რაგბის ითამაშებს. მან იცის თავის საქმე. პირველი, რაც გააკეთა, ნაკრებში ვეტერანები დააბრუნა. რაც მთავარია, ჯონი უილკინსონიც მომჯობინდა. ჯონი მალე ჩადგება ფორმაში და ინგლისიც სულ სხვანაირად ათამაშდება.

– ესე იგი, მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი ინგლის-საფრანგეთს შორის უნდა ვეძებოთ?

– არა, უპირობო ფავორიტი ახალი ზელანდიაა და ჩემი აზრით, სწორედ „ოლ ბლექსი“ უნდა გახდეს გამარჯვებული, თუ, რა თქმა უნდა, „ზელანდიური“ არ დაემართათ, ანუ ისევ ნახევარფინალში არ წააგეს. „ოლ ბლექსის“ შემდეგ კი საფრანგეთსა და ინგლისს აქვთ თანაბარი შანსები.

– ბევრი მიიჩნევს, რომ 2003 წლის ნაკრები ინგლისური რაგბის ისტორიაში საუკეთესო გუნდი იყო…

– ამ შეხედულებას ვეთანხმები, რადგან ჩვენ იმ წელს ექვს ერზე დიდი სლემით გავიმარჯვეთ და მსოფლიო თასიც მოვიგეთ, თან ეს ისე ლამაზად და დაუყვედრებლად გავაკეთეთ, მეტოქეებმაც კი აღიარეს ჩვენი გამარჯვების ღირსეულობა. 2003 წლის ნაკრებში ყველა მორაგბე ვარსკვლავი იყო.

 – და მაინც, თქვენი აზრით, ვინ იყვნენ იმ ვარსკვლავურ გუნდში განსაკუთრებით გამორჩეულნი?

– ჯონი უილკინსონი და მარტინ ჯონსონი. ჯონის ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა, ჯონსონი კი უდიდესი კაპიტანია იმათ შორის, ვისაც კი ოდესმე ინგლისისთვის უკაპიტნია.

– დღეს ვინ მიგაჩნიათ ინგლისის ნაკრების ლიდერად?

– ისევ და ისევ უილკინსონი. მან უნდა იტვირთოს ეს მისია, გვერდში კი გამოცდილი ლოურენს დალალიო ამოუდგეს.

 – ვის თვლით მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ?

– ასეთი ორია, ახალზელანდიელები დენი კარტერი და რიჩი მაკქოუ.

 – ერთი კითხვით ისევ მომავალ მსოფლიო თასს დავუბრუნდეთ: როგორ ფიქრობთ, რომელი ნაკრები იქნება ტურნირის აღმოჩენა?

– დიდ სიურპრიზს ველი არგენტინისგან. ეს გუნდი უკვე მომწიფდა საიმისოდ, რომ გრანდები გაამწაროს და ფლეი-ოფში შორს წავიდეს. ძალიან გამიხარდება, თუ საქართველოც შემოგვთავაზებს სიურპრიზს, ამის პოტენციალი კი ქართველებს ნაღდად გაქვთ.

– წინა მსოფლიო თასზე თქვენ საქართველოს წინააღმდეგ ითამაშეთ და გარკვეული წარმოდგენაც შეგექმნებოდათ ჩვენს გუნდზე…

– ქართველებს მანამდეც დავუპირისპირდი, ოღონდ ეს საშვიდკაცო ტურნირებზე იყო. წლებიც ზუსტად მახსოვს. პირველად 1997, მეორედ კი 1999 წელს ვეთამაშეთ საქართველოს შვიდკაცა ნაკრებს და ორივე მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ქართველები მართლაც ოსტატურად თამაშობდნენ. რაც შეეხება მსოფლიო თასს, უპირველეს ყოვლისა, ქართველების ამტანობამ და ჟინმა გამაკვირვა. მერწმუნეთ, ფიზიკურად ასეთი მაგრად მომზადებული გუნდი ბევრი არ შეგვხვედრია. ჩვენ მხოლოდ მეორე ტაიმში შევძელით გამოუცდელი და დებიუტანტი ქართველების გატეხვა.

 – არასარაგბო საქართველოს იცნობთ?

– გიასგან ვიცი, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა, რადგან ფრანგებთან ამის გამო სულ კამათობს. ისიც მითხრა, ჩვენთან მთიანი რელიეფიაო. ზამთრის კურორტი გქონიათ, მე ღვინოს არ ვსვავ, ლუდი და თხილამურებით სრიალი მიყვარს და თუ ოდესმე გიას მიპატიჟებით საქართველოში ჩამოსვლა მომიწევს, ამას ზამთარში გავაკეთებ, თან თხილამურებსაც წამოვიღებ.

24.01.2007

წილი
წინა სტატია3…2…1…დაიწყო!
შემდეგი სტატიაბელგია ჩვენთან ნულია, გამოუშვით იტალია!
ბაჩო სვანიძე
ჟურნალისტობა ჟურნალისტობად და ბაჩო სვანიძე უბრალო, ალალი, კეთილი, ურთიერთობისთვის გახსნილი, ხალისიანი და ხალასი ადამიანი იყო. ალბათ ბევრისგან გაიგებთ, რომ ბაჩო მისი მეგობარი იყო და ეს ტყუილი არ იქნება. ბაჩოს მართლა შეეძლო ერთბაშად ბევრთან ემეგობრა და, რაც მთავარია, ეს მეგობრობა მხოლოდ ღიმილითა და ჭიქის აწევით კი არა, საქმით, გვერდში დგომით დაემტკიცებინა.